მიკროავტობუსების მძღოლებმა ზუგდიდში საპროტესტო აქცია გამართეს

საპროტესტო აქცია ზუგდიდში

სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით დასაქმებული მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილმა დღის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ეწინააღმდეგებიან ზუგდიდში თურქული სატრანსპორტო კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ შემოსვლას, კომპანიისა, რომელიც, მათი ცნობით, ბევრად კომფორტული სერვისის ამოქმედებას აპირებს. აქციის მონაწილეების თქმით, თუ მართლა ასე მოხდა, ამჟამად დასაქმებული მძღოლების დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩება.

ჩვენ გაფრთხილება ზეპირად ვუთხარით, შემდეგ წერილობით გადავეცით, თუმცა, დღეს როგორც ირკვევა, ისევ აგრძელებენ მშენებლობას. აქედან გამომდინარე, დაინიშნება სამართალდარღვევის სხდომა და განიხილება ეს საკითხი სხდომაზე...
ეკატერინე თოდუა

ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლის გია ვეკუას თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უპირატესობა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს მიანიჭოს და ხელი შეუწყოს დასაქმებულის უფლებების დაცვას, შემოჰყავს ახალი კომპანია, რაც, თავის მხრივ, მოქმედი მძღოლების შევიწროებას გამოიწვევს:

„აბა, ნებისმიერმა ქართულმა კომპანიამ გაბედოს და გადალახოს თურქეთის საზღვარი! დავდივართ ხოლმე ევროპაში. თურქეთში, რომ გადავალ, ერთი მგზავრი რომ ავიყვანო, იმის უფლება არ მაქვს, - შეიძლება მძღოლებმა და ყველამ იქვე ჩამქოლოს. ტრანსპორტის სამინისტრო ძალიან დიდ პატივს სცემს თავიანთ მოქალაქეებს თურქეთში, ჩვენც ერთმანეთს მივაქციოთ ყურადღება. რატომ უნდა შემოვიდეს თურქული კომპანია“.

„ჩვენგან ნაწყენი მგზავრი მე არ მახსოვს. 25 წელია მე ამ ქალაქს, ამ კუთხეს ვემსახურები. მე, ჩემი შვილები და შვილიშვილები შავ პურს რომ ვჭამთ, დღეს ამას მართმევს ეს ვიღაც თურქი. ჩვენ ხელისუფლებასთან არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, არც გვქონია რომელიმესთან ოდესმე. ახლა მოვითხოვთ ჩვენი ხელისუფლებისგან, რომ დაგვიდგეს გვერდში“, - ამბობს აქციის მონაწილე ბესო თაქთაქიშვილი.

აქციის მონაწილეებს დღეს, ქალაქის საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად, ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ეკატერინე თოდუა შეხვდა. მისი თქმით, მშენებლობის ნებართვა მათი მხრიდან არ გაცემულა და კომპანიამ კანონდარღვევით, თვითნებურად დაიწყო სამუშაოების წარმოება:

„ჩვენ გაფრთხილება ზეპირად ვუთხარით, შემდეგ წერილობით გადავეცით, თუმცა, დღეს როგორც ირკვევა, ისევ აგრძელებენ მშენებლობას. აქედან გამომდინარე, დაინიშნება სამართალდარღვევის სხდომა და განიხილება ეს საკითხი სხდომაზე“.

კითხვას, შესაძლებელია თუ არა ქალაქში მოიძებნოს სხვა ტერიტორია, სადაც თურქული კომპანია ავტოსადგურის მშენებლობას შეძლებს, ეკატერინე თოდუამ უპასუხა, რომ შესაძლებელია. მისივე თქმით, კომპანიებს შორის კონკურენცია არის ბუნებრივი.

აქციის მონაწილეებთან იმყოფებოდა პროფკავშირების წარმომადგენელი ლავრენტი ალანია. მისი თქმით, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე მძღოლების გვერდით დადგება და დაიცავს მათ ინტერესებს:

ლავრენტი ალანია

„ეს არის ამ კომპანიის, „მეტრო ჯორჯიას“, ექსპანსია საქართველოში. იკარგება ქართული ბიზნესი, მძღოლის სამუშაო ადგილი და ეს ხალხი დარჩება უმუშევარი. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ კანონის ფარგლებში ბოლომდე ვებრძოლოთ ამ „მეტრო ჯორჯიას“ და მივიღოთ ის კანონმდებლობა, რომ ვადა მიეცეს ხალხს ინფრასტრუქტურის განსავითარებლად. ეს არის გამოსავალი“.

თავად თურქული კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები დღეს მშენებლობის ადგილას არ გამოჩენილან. აქ კომპანიის მშენებლებს და მძღოლებს შორის მოხდა მცირედი დაპირისპირება, რომელიც მალევე განიმუხტა. მიკროავტობუსების მძღოლები არ აპირებენ პრობლემის მოგვარებამდე აქციების შეწყვეტას. ამბობენ, რომ დღეს მათი მცირე ნაწილი გამოვიდა. თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, გამოვლენ ოჯახებთან ერთად და თურქული კომპანიის ტრანსპორტს არ მისცემენ გადაადგილების უფლებას.

სატრანსპორტო კომპანია „მეტრო ჯორჯიას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ის საქართველოში საერთაშორისო ევროპული ჰოლდინგის, „მეტროს“, პარტნიორია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს გადაზიდვებს. კომპანია უკვე ასრულებს საქართველოს შიდა რეისებს ბათუმი-თბილისის მიმართულებით და საერთაშორისო რეისებს თურქეთის ათამდე დიდ ქალაქში.