სამეგრელოში ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

გაფიცვა ზუგდიდში

სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით დასაქმებული მძღოლები მესამე დღეა გაფიცულები არიან. ისინი აპროტესტებენ კონკურენტი სატრანსპორტო კომპანიის შემოსვლას, რომელმაც, მძღოლების წინააღმდეგობის მიუხედავად, უკვე შეასრულა პირველი რეისი ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ აპირებენ კომპანია „მეტრო+“-თან დათმობაზე წასვლას. ისინი საპროტესტო აქციას მართავენ იმ ავტოსადგურზე, რომელთანაც „მეტრო +“ -ის წარმომადგენლობამ საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. ამბობენ, რომ კონკურენტს არ მისცემენ მუშაობის საშუალებას, რადგან თავად უმუშევრები რჩებიან:

„ხელისუფლებას მივმართავთ, ვთხოვთ უმორჩილესად, რომ დაგვეხმაროს და ეს შეცდომა არ დაუშვას, ჩვენ ლუკმა-პურს ნუ წაგვართმევენ“.

„თურქები შემოიჭრნენ ჩვენს ბიზნესში და გვართმევენ ჩვენს აწყობილ ბიზნესს, რომელიც მუშაობს უკვე 30 წელიწადია“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები. მათ პროტესტის ნიშნად შაბათს ქალაქის ცენტრალური გზის გადაკეტვა არაერთხელ სცადეს, თუმცა პოლიციამ არ მისცა ამის საშუალება.

დირექტორისგან გვაქვს იჯარის ხელშეკრულება აღებული და არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. სადაც უნდათ, ვისაც უნდათ, მიმართონ, იდავონ. ჩვენ საბუთებით ვართ ყველანაირად გამართული...
დავით დიდიშვილი

„მეტრო+“-თან პრეტენზიები აქვს ავტოსადგურის მეწილეების ნაწილსაც. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, მზექალა წიფურიამ, ჟურნალისტებს განუცხადა, თურქულ კომპანიასთან საიჯარო ხელშეკრულება ისე გაფორმდა, რომ 21 მეწილიდან ინფორმირებული მხოლოდ სამი იყო:

“როგორ გადაწყვიტეს და როგორ გააკეთეს ეს! ვითხოვთ ხელშეკრულებას, მოიტანონ ხელშეკრულება და გვანახონ, რას მოაწერეს ხელი და რა გააკეთეს“.

არც მძღოლებისა და არც ავტოსადგურის მეწილეების პრეტენზიებს „მეტრო+“-ში არ იზიარებენ. როგორც კომპანიის ზუგდიდის წარმომადგენელმა დავით დიდიშვილმა განაცხადა, ისინი მოქმედებენ კანონის ფარგლებში და ვერავინ მოედავება. მისი მტკიცებით, საიჯარო ხელშეკრულება ავტოსადგურის ხელმძღვანელთან საჭირო პროცედურების დაცვითაა გაფორმებული და არავის აქვს უფლება მათ მუშაობა აუკრძალოს. დავით დიდიშვილისავე თქმით, ამ ეტაპზე ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით ოთხი ავტობუსი მოძრაობს და იგეგმება კიდევ სხვა მარშრუტების ამოქმედებაც:

„ზუგდიდი-თბილისის „მარშრუტკის“ მძღოლებმა გადაგვიკეტეს გზა და პოლიციის დახმარებით იქნა ავტობუსი გამოშვებული. დირექტორისგან გვაქვს იჯარის ხელშეკრულება აღებული და არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. სადაც უნდათ, ვისაც უნდათ, მიმართონ, იდავონ. ჩვენ საბუთებით ვართ ყველანაირად გამართული“.

პარალელურად კომპანიამ გაავრცელა განცხადებაც, სადაც განმარტავენ, რომ „მეტრო +“ დაფუძნდა 2015 წელს ქართული ინვესტიციებით და ადგილობრივი ბიზნესმენების უშუალო ძალისხმევით, რომ მან უკვე განახორციელა 1.5 მილიონი ლარის ინვესტიცია და მისი აქტივების 100 %-ის მფლობელები არიან ქართველი ბიზნესმენები. განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიაში დასაქმებულია ადგილობრივი კადრები და რომ მათთვის უპირველესია მგზავრთა უსაფრთხოება და კომფორტი.

გაფიცვა ზუგდიდში

თავის მხრივ, აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. შეკრებილებს ქალაქის მერი შეხვდა და განუმარტა, რომ მას არანაირი საფუძველი არ აქვს ახალ კომპანიას მუშაობის დაწყება აუკრძალოს:

„როდესაც დაიწყეს უკანონო მშენებლობა, მერიას მშენებლობის ნებართვა არ ჰქონდა გაცემული და დააჯარიმა. რეკრეაციული ზონა იყო... მშენებლობის ნებართვა არ გასცა და ეს საკითხი ამოიწურა. ახლა კერძო იურიდიულ პირთან გააფორმეს, ყოფილ ავტოსადგურთან გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც ყველა სტანდარტებს აკმაყოფილებს და არანაირი რეგულაცია კანონის ჩარჩოებში არ აქვს მერიას ან აუკრძალოს, ან ნებართვა გასცეს“.

მძღოლებმა საპროტესტო აქცია მსგავსი მოთხოვნებით არაერთხელ გამართეს. ისინი კონკურენტ კომპანიასთან დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ მის ტრანსპორტს მუშაობის უფლებას არ მისცემენ.