მავთულხლართები და ნდობის აღდგენის პერსპექტივა

შესაძლებელია თუ არა ნდობის აღდგენა ცხინვალსა და სოხუმში მცხოვრებ საზოგადოებასთან? - ამ შეკითხვით მიმართეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ნიქოზის მცხოვრებლებს. შეხვედრა გაიმართა ადამიანის უფლებათა ცენტრის ინიციატივით, პროექტის „კოალიცია ნდობის აღდგენისათვის“ ფარგლებში. შეხვედრის მიზანი ნდობის აღდგენის თაობაზე სამოქალაქო საზოგადოებასა და კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს შორის დისკუსიის გამართვა და გამოცდილების გაზიარება იყო. ნიქოზელები, რომლებიც წლების განმავლობაში თანაცხოვრობდნენ ეთნიკურად ოს მოსახლეობასთან, სოფელში ჩასულ სტუმრებს თავიანთ შეხედულებას უზიარებდნენ შერიგების პროცესზე. ნიქოზის მცხოვრები მზია მოსიაშვილი ამბობს, რომ 90-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ შერიგება და ნდობის აღდგენა სწრაფად დაიწყო, რადგან ქართველებსა და ოსებს შორის კომუნიკაცია არ შეწყვეტილა, განსაკუთრებით სავაჭრო ურთიერთობები იყო გაღრმავებული, მაგრამ ახლა, როცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფლებს შორის მავთულხლართებს აბამენ და ქართულ-ოსურ ურთიერთობას მაქსიმალურად ეწინააღმდეგებიან, მოსიაშვილის აზრით, ნდობის აღდგენის პროცესი უფრო გართულდება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნდობის აღდგენისა და შერიგების თემებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, რომლებმაც ისაუბრეს ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის სამოქალაქო დიალოგის შედეგებზე, ერთობლივ პროექტებზე, სამომავლო პერსპექტივებსა და კონფლიქტის მოგვარების თავიანთ ხედვაზე. ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო დიალოგის პროცესში პოზიტიური დინამიკაა - თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში მესამე სექტორის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ დიალოგის გაგრძელებას ალტერნატივა არ გააჩნია.

ნიქოზის ამბულატორიის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ძამუკაშვილმა ცხინვალელ ექიმებთან შეხვედრა გაიხსენა. იგი ოს კოლეგებს დღესაც სთავაზობს, პაციენტებისთვის ნიქოზის ამბულატორიის მომსახურება გამოიყენონ.

სამოქალაქო აქტივისტის არინა თავაქარაშვილის აზრით, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთონ ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრედ მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ თემთან ურთიერთობის მეტი გამოცდილება აქვთ.

ერგნეთის მცხოვრების ლია ჩლაჩიძის აზრით, ოსურ საზოგადოებაში ქართველებთან თანაცხოვრების პოზიტიური მაგალითები ისევ ახსოვთ. მის ყურს სახლში სწვდება ცხინვალიდან წამოსული ხმები ქორწილებისა, სადაც ქართულ მუსიკას უკრავენ, ეს კი მას უკეთესი მომავლის იმედს აძლევს.

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი, ევროკავშირისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების პარტნიორობით, სამხრეთ კავკასიაში 2012 წლიდან ახორციელებს პროექტს „კოალიცია ნდობის აღდგენისთვის“. ამ პროექტის ფარგლებში სხვადასხვა თემაზე მუდმივად იმართება საჯარო დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ქართული საზოგადოების წარმომადგენლები. ისინი აქტიურად არიან ჩართული ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ სამოქალაქო დიალოგში, ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესში.