მევის სტეიპლსი

მევის სტეიპლსი

მევის სტეიპლსი 1939 წლის 10 ივლისს დაიბადა. იზრდებოდა მისისიპის შტატში, ბებიასთან, რომელიც ბაპტისტური ეკლესიის მრევლი გახლდათ. იმდენად ღვთისმოშიში იყო, რომ, სპირიჩუელსისა და გოსპელის გარდა, სხვას არაფერს აღიარებდა. ბლუზსაც კი, საგალობლების ერთგვარ სეკულარულ ვერსიას, წარმართობად მიიჩნევდა. შვილიშვილი თუ რომელიმე ბლუზურ მოტივს წაიღიღინებდა, უბრაზდებოდა და ქამრით სცემდა ხოლმე. თუმცა აკრძალვამ გოგონას ზნესა თუ ქცევაზე საპირისპიროდ იმოქმედა - მეამბოხის სულისკვეთება ჩამოუყალიბდა და ბლუზისკენ ლტოლვა უფრო გაუმძაფრდა, რაც მოგვიანებით მის ვოკალურ ხელწერაზეც აისახა.

როცა მევისი 7 წლის შეიქნა, ოჯახთან ერთად ჩიკაგოში გადავიდა. მამამისი, პოპს სტეიპლსი, ქარხანაში მუშაობდა, ამავე დროს მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანიც გახლდათ. ერთხელ 7 დოლარად უბრალო გიტარა შეიძინა, შვილები შემოიკრიბა, გოსპელ-ბენდი The Staple Singers-ი ჩამოაყალიბა და ბაპტისტურ ეკლესიებში დაიწყო კონცერტებით გამოსვლა. დროთა განმავლობაში შოუ-ბიზნესის კანონებმა თავისი გაიტანა და ჩიკაგოს კლუბებსა და საკონცერტო დარბაზებში გადაინაცვლეს. თუ აქამდე რეპერტუარი მხოლოდ არქაული, სამხრეთული ყაიდის სპირიჩუელსებით შემოიფარგლებოდა, ღვთის მადიდებელ ჰიმნებს ბლუზური, რიტმენბლუზური და სოულის ჟანრის თხზულებებიც გამოერია. ჰოდა, ოჯახურმა ბენდმაც მალევე გაითქვა სახელი, განსაკუთრებული ყურადღება კი მევისმა დაიმსახურა: ასაკისთვის შეუფერებელი ბარიტონით მღეროდა და ხალხიც ამ საოცრების მოსასმენად დადიოდა.

1968 წელს The Staple Singers-მა კონტრაქტი ხმის ჩამწერ სტუდია „სტექსთან“ გააფორმა. პირველ ეტაპზე 20-მდე სიმღერა ჩაწერეს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ბობ დილანის 7 საპროტესტო თხზულების გოსპელვერსია, რომელთაც იმგვარი არნახული წარმატება ხვდათ წილად, რომ ბენდმა აფროამერიკელთა უფლებებისათვის მებრძოლი კოლექტივის სახელი მოიხვეჭა. რაც შეეხება სხვა ნამუშევრებს, ისეთ სიმღერებს გამოვყოფდი, როგორებიცაა, მაგალითად: „Respect Yourself", "I'll Take You There", "If You're Ready " და "Let's Do It Again. მათი წყალობით, The Staple Singers-ის მუსიკოსებს საეკლესიო მომღერლების სტატუსი სამუდამოდ ჩამოშორდათ და ნამდვილ პოპვარსკვლავებად იქცნენ.

The Staple Singers-მა 80-იანი წლების შუახანებამდე იარსება. მევისი კი, პარალელურად, სოლო პროექტებსაც ახორციელებდა. სტუდიური მოღვაწეობის გარდა, ისეთ მუსიკოსებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან, მაგალითად: ჯონ სკოფილდი, რაი კუდერი, პრინსი, ბობ დილანი და მრავალი სხვა. 2011 წელს „გრემის“ მფლობელი გახდა - მევისის ალბომმა “You Are Not Alone” საუკეთესო ამერიკული ალბომის სტატუსი მოიპოვა. თუმცა ყველაზე ღირებული ის სიტყვებია, რომლითაც კოლეგებმა და მსმენელებმა მევის სტეიპლსის შემოქმედება შეაფასეს: 76 წლის არტისტს ამერიკული მუსიკის დნმ-ად, ხოლო მის სიმღერებს თავისუფლების ჰიმნებად მოიხსენიებენ.