აშშ და ისრაელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში ეხმარებიან

ღონისძიების სტუმრები

დღეს შიდა ქართლში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი სტივენ ჰეიკინი, ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო „მაშავის” დირექტორი მატანია ქოენი და ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი, მაშავის კურსის „თანამედროვე ტექნოლოგიები მებოსტნეობაში“ დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული პროექტი, ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა “ნეოსთან” (NEO) ერთად, საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოდან დაახლოებით 700- მა კურსდამთავრებულმა მიიღო მონაწილეობა სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილ მაშავის კურსებსა და კონსულტაციებში. მაშავის პროგრამა საქართველოში მოწოდებულია ტრენინგების, ტექნიკური დახმარებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის მეშვეობით დაეხმაროს ფერმერებსა და აგროექსპერტებს.

სტუმრებმა სოფელ ბრეთში ღია გრუნტში ბოსტნეულის წარმოების სადემონსტრაციო ნაკვეთი დაათვალიერეს. რწყვის წვეთოვანი სისტემის გამოყენებით, ადგილობრივი ფერმერი პაატა ბალიაშვილი პომიდვრის დიდ მოსავალს ელოდება.

მაშავის პროგრამის ფარგლებში მოხდა სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანების გადამზადება. ტრენინგ-კურსებს ქართლელი ფერმერები დაესწრნენ და მათ სერტიფიკატები გადაეცათ. ნიქოზის მცხოვრები მალხაზ კობალაძე აცხადებს, რომ აგროსექტორში ახალი ტექნოლოგიებისა და განათლების შეტანა მოსავლიანობის ზრდასა და დანახარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს.

ბრეთის ხეხილის სანერგე მეურნეობა

სტუმრებმა დღესვე მოინახულეს ბრეთის ხეხილის სანერგე მეურნეობა, მოგვიანებით კი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მეფუტკრეობის წარმოებისთვის გრანტის მიმღებ სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს შეხვდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელი სტივენ ჰეიკინი აცხადებს, რომ პროგრამა „ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა” ( NEO) მიზნად ისახავს შერჩეულ მუნიციპალიტეტებში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლების გაუმჯობესებას, სიღარიბის დონის შემცირებას, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებას.

საქართველოში ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი აცხადებს, რომ მაშავის პროგრამა ქართველი ფერმერების დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს.

ამ დროისთვის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 2 გრანტი, დაახლოებით 42 ათასი დოლარი, რაც ბოსტნეულის 8 სადემონსტრაციო ნაკვეთისა და 3 სანერგე მეურნეობის შექმნას ითვალისწინებს.