მარშით პასუხი - ჩაგვრასა და ძალადობას

„ქალთა სოლიდარობის მარში“

ქალები კიდევ ერთხელ გამოვიდნენ ქუჩაში - უთანასწორობის, ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ. აქციას „ქალთა სოლიდარობის მარში“ დაარქვეს და თქვეს, რომ მათ „ვერ გააჩუმებს მუქარა და სიძულვილი, რომ ისინი არ მოითმენენ ჩაგვრასა და ძალადობას“. „ქალთა მოძრაობამ“ ყველას მოუწოდა, რომ 19 ივლისს „ქალთა სოლიდარობის მარშს“ შეერთებოდა და სიძულვილის წინააღმდეგ გაერთიანებულიყო. „ქალების ბრძოლა იწყება“ - ასე სრულდება განცხადება, რომელიც „ქალთა სოლიდარობის მარშის“ ორგანიზატორებმა გაავრცელეს.

Your browser doesn’t support HTML5

მარშით პასუხი - ჩაგვრასა და ძალადობას

ბევრი მიზეზი დაგროვდა ქალების კიდევ ერთხელ ქუჩაში გამოსასვლელად, - თქვეს “ქალთა მოძრაობის” წევრებმა და აქციის მოწყობაც გადაწყვიტეს. თან, სწორედ იქ, სადაც 14 ივლისს „ქართველთა მარში“ ჩატარდა. “ქალთა მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი და აქციის ორგანიზატორი, ბაია პატარაია, და მისი თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ რომ ამ აქციაზე ქვეყანაში არსებული რეალური სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წინ წამოწევის ნაცვლად, ქსენოფობიური და რასისტული მოწოდებები ისმოდა, რომლებიც მალევე გადაიზარდა კონკრეტულ ქალებზე ჯგუფური ძალადობისა და გაუპატიურების მუქარაში. ქვეყანაში გახშირებული ფემიციდის ფონზე, მოძალადის მსხვერპლი ყველა შეიძლება გახდეს, - მიიჩნევს ბაია პატარაია:

დროა, ომი გამოვუცხადოთ მჩაგვრელს. გავერთიანდეთ სიძულვილის წინააღმდეგ და დავრწმუნდეთ, რომ უთანასწორობასთან ბრძოლაში ჩვენი ერთსულოვნება და სოლიდარობა გადამწყვეტია...
„ქალთა მოძრაობის“ განცხადება

„ჩვენ ვაპროტესტებთ იმ ძალადობას და ჩაგვრას, რომელსაც ყოველდღიურად განიცდიან ქალები. დღე ისე არ გავა, რომ არ გავიგოთ როგორ სცემეს ქალს, როგორ მოკლეს ან გააუპატიურეს ქალი. ამას ემთხვევა თათია დოლიძის წინააღმდეგ წარმართული ძალიან სერიოზული კამპანია და ჯგუფური გაუპატიურების მუქარა, რომელსაც „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორები ახორციელებდნენ. ეს არ არის ქართველობა! ეს არ არის ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ისტორიულად ცნობილი. ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვხატოთ სოლიდარობა იმ ქალების მიმართ, რომლებიც განიცდიან ძალადობას. უნდა დასრულდეს ძალადობა, ძალადობა და ჩაგვრა ყველა ადამიანის მიმართ“.

„დროა, ომი გამოვუცხადოთ მჩაგვრელს. გავერთიანდეთ სიძულვილის წინააღმდეგ და დავრწმუნდეთ, რომ უთანასწორობასთან ბრძოლაში ჩვენი ერთსულოვნება და სოლიდარობა გადამწყვეტია“, - ვკითხულობთ „ქალთა მოძრაობის“ განცხადებაში.

ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ ძალადობის ტალღის შეჩერებას სახელმწიფო, ბოლო წლების მცდელობების მიუხედავად, მაინც ვერ ახერხებს. თუმცა ეს კონკრეტული პროტესტი კონკრეტულმა ღია ძალადობამ გამოიწვია - „ქართული მარშის“ მონაწილეების მხრიდან თათია დოლიძის მიმართ წამოსულმა აგრესიამ, ჯგუფური გაუპატიურების მუქარამ მხოლოდ იმის გამო, რომ ქალმა გაბედა და საკუთარი კრიტიკული აზრი გამოხატა მათ მიმართ:

„ისეთი შეტევა განხორციელდა ამ ადამიანზე, მთელ მის ოჯახზე დღეების განმავლობაში, გასცდა კიბერ-ბულინგის და ლანძღვის ხაზს და გადავიდა შემაძრწუნებელ მუქარაში, მათ შორის, ჯგუფური გაუპატიურების მუქარაში იმ დონეზე, რომ შსს-მ გამოძიებაც კი დაიწყო. ესეც არის მცდელობა, რომ ქალები გააჩუმონ, რომ ქალმა არ გამოთქვას თავისი აზრი. არადა, ქალების აქტიურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის“.

„ქალთა მოძრაობა“ საპროტესტო აქციებს 2014 წლიდან ატარებს, თუმცა ის ფაქტი, რომ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხი დღემდე ვერ იქცა საყოველთაო პრობლემად და ამას აქციებზე მისული ხალხის რაოდენობაც მოწმობს, ერთ რამეზე მიანიშნებს, ფიქრობენ აქციის ორგანიზატორები: ამ პრობლემას ვერ აღიქვამენ სერიოზულ პრობლემად ან, უბრალოდ, ამის აღიარება არ სურთ. საზოგადოების გულგრილობა ხშირად სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობაზეც აისახება, გვითხრა ბაია პატარაიამ:

არ დასრულდება ქალების ბრძოლა ამ ერთი აქციით. ჩვენი გამოსვლები, პროტესტი გაგრძელდება. სიძულვილის და ჩაგვრის წინააღმდეგ ყოველთვის ვიბრძოლებთ. აღარ მოვითმენთ, რაზეც აქამდე, შესაძლოა, თვალს ვხუჭავდით და ვამბობდით, რომ არა უშავს, როგორც არის, ისე დავტოვოთ...
მაგდა კალანდაძე

„ძალიან ხშირად ისინი გულგრილად ეკიდებიან ამ საკითხს და სერიოზულადაც არ აღიქვამენ. მიაჩნიათ, რომ ქალმა მაინც უნდა დათმოს და მოითმინოს, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს თავისი ოჯახი და აქვთ იმის ეჭვი, რომ ესენი მაინც შერიგდებიან, რომ გამოძიება ტყუილად უნდა დაიწყონ... რომ ეს არ არის მწვავე დანაშაული, რომელზეც მყისიერი რეაგირებაა საჭირო. სწორედ ასეთ რწმენას ვაწყდებით საზოგადოებაშიც და პოლიციაშიც“.

„ქალთა სოლიდარობის მარშის“ კიდევ ერთი მონაწილე, მაგდა კალანდაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია:

„არ დასრულდება ქალების ბრძოლა ამ ერთი აქციით. ჩვენი გამოსვლები, პროტესტი გაგრძელდება. სიძულვილის და ჩაგვრის წინააღმდეგ ყოველთვის ვიბრძოლებთ. აღარ მოვითმენთ, რაზეც აქამდე, შესაძლოა, თვალს ვხუჭავდით და ვამბობდით, რომ არა უშავს, როგორც არის, ისე დავტოვოთ“.

„ქალთა მოძრაობის“ წევრები მოითხოვენ: დაისაჯონ მოძალადეები, რომლებიც ჯგუფური გაუპატიურებით ემუქრებოდნენ ქალს;
მივიღოთ კანონი სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ;
ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები ღიად გაემიჯნონ ძალადობას და ფაშიზმს. მედიისგან კი მოითხოვენ შეწყვიტონ სიძულვილის ენის და ფაშისტური რიტორიკის ტირაჟირება და არ მიიწვიონ გადაცემებში ის ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ძალადობრივი მოწოდებებით. აქვე გავიხსენოთ, რომ გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გულისხმობს მუქარას და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ან ერთწლიანი პატიმრობით.