თბილისის ზოოპარკის წინ ბუშტები და „მამალოები“ არ იყიდება... თბილისის ზოოპარკის წინ ბავშვებით სავსე მანქანები არ დგას... თბილისის ზოოპარკი დღეს ყავისფერ ლაფშია ჩაძირული და თავზე ყავისფერი მტვრის ღრუბელი ადგას...
ზოოპარკის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ:
„13 ივნისს საქართველოს დედაქალაქ თბილისში ტრაგედია დატრიალდა. ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ვერემ კალაპოტი გადმოლახა და მიმდებარე ხეობა დატბორა. მდინარე ზოოპარკში თბილისის დროით დაახლოებით 23:30 საათზე შეიჭრა. წყალმა მთლიანად დაფარა ცხოველების ვოლიერები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ზოოპარკის თანამშრომლები, მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური და სპეცდანიშნულების რაზმი. სამაშველო ოპერაცია მთელი ღამე გრძელდებოდა. ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილმა მოახერხა ვოლიერებიდან გამოსვლა. ზოოპარკის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ სამობილიზაციო საშუალებებით ცხოველების დაძინებას და უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოყვანას.“
როცა წყალი შემოვარდა მომვლელები გულიკო და მალხაზ ჭიტაძეები ზოოპარკში იყვნენ. ცოლ-ქმარს სახლი და კარი განა არ ჰქონდა, მაგრამ გულიკო ძიძა იყო, ცხოველებს ოცდაოთხსაათიანი მოვლა სჭირდებათ და ცხოველების გვერდით ცხოვრობდნენ.
გულიკოს ახლო მეგობარი, ზოოპარკის კვების სპეციალისტი, ლალი ედილაშვილი გვიამბობს:
„ახალი გამოწერილი იყო საავადმყოფოდან. ამ დროს ჩვენ პატარა ჯიხვი მოგვიყვანეს. გულიკოს განყოფილებაში ჩაიყვანეს ეს ჯიხვი და ზუსტად იმ ღამეს, თორმეტის 15 წუთზე, მე ვესაუბრე ტელეფონით. ისე უხაროდა, რომ ეს პატარა ჯიხვი სახლში შემომიყვანაო - მეუღლეზე მითხრა - ძალიან დიდი წვიმააო და უხაროდა, ჯიხვი გადამირჩებაო. მახო გარეთ არის გასული დერეფანშიო, წყალი შემოვიდაო და წყალს რომ მიმართულება მისცესო... და სულ რამდენიმე წუთში ასეთი ამბავი მოხდა...“
ჩვენ სპილოების ვოლიერთან ვდგავართ და ვსაუბრობთ. ზოოპარკის ეს ნაწილი შემაღლებულზეა. ცოტა მოშორებით ბლანტი და ყავისფერი, შემზარავი ტბა დგას. ეს ტბა მთლიანად ფარავს იმ ადგილს, სადაც ჯერ კიდევ ორიოდე დღის წინ ლომები, ვეფხვები თუ დათვები ბინადრობდნენ, ფარავს იმ ადგილსაც, სადაც იდგა შენობა, მათი მომვლელები რომ ცხოვრობდნენ.
გულიკოს გულმა ვერ გაუძლო და თვითონ ჩავიდა. სათამაშო ბავშვს ამოუგდო, და ამ დროს ქარმა კაბა აუფრიალა. ვეფხვებმა კლანჭებით დაიჭირეს კაბის კალთა. გულიკო წაიქცა. ერთმა ვეფხვმა კლანჭი გამოსდო...ლალი ეგერაშვილი
„ზურაბ!“ დაიძახა ვიღაცამ და დიდი ტრაქტორის გვერდით, მოულოდნელად გამოჩნდა ზურაბ გურიელიძე, ზოოპარკის დირექტორი. მიკროფონების გრძელ რიგში ვდგები. გათანგული და სველი, ყველას პასუხობს. სახელდახელო შტაბში შევდივართ, არ წყდება მისი მობილურის ზარი...
„გულიკოს ამბავი?“ და ისევ იმ ღამეს იხსენებს: „როდესაც წვიმდა, მე გასული ვიყავი და დამირეკა, წვიმსო და ჯიხვს შემოვიყვანო. ახლა, ჯიხვის პატარა ციკანს ზრდიდა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტრავმა გადაიტანა. და ეს ჯიხვის ციკანიც იყო იმის მოტივაცია, რომ ადრე გამოსულიყო საავადმყოფოდან - უნდოდა, მიეხედა. როდესაც შემოიყვანა, დამირეკა, აქ თხაც არის და იმას ვერ ვიჭერო. არა უშავს-მეთქი, ვუთხარი... ჩვენ ხომ არ ვიცოდით, რა იქნებოდა. თურმე სულ ერთი იყო, შიგნით იქნებოდნენ თუ გარეთ, შედეგი მაინც ერთი იქნებოდა...“
გულიკო და მალხაზ ჭიტაძეებმა თბილისის ზოოპარკში 26 წელი იმუშავეს. გულიკო მთავარი ძიძა-მომვლელი იყო. ბევრი იცნობდა.
ზოოპარკში ადამიანი სხვადასხვა ასაკში დადის: ბავშვობაში და მოგვიანებით, როცა თვითონ ხდება მშობელი და, შემდეგ, როცა შვილიშვილები უჩნდება. ახლა სხვადასხვა თაობის ხალხი იხსენებს, როგორ ელაპარაკებოდა გულიკო ცხოველებს. აი, ისე, როგორც, მაგალითად, ლომებს „პალიტრა TV“-ის ერთ-ერთ ბოლო სიუჟეტში:
„...ორივეს მოგეფერებით, ორივეს... კარგი ბიჭი ვინ არის?... ეს კუდი... რა არის? ტალახში ჩაწექი? ღრუტუნა ხომ არა ხარ?“
და მერე, ამავე სიუჟეტში, გულიკო ჰყვება ლომისა და პუდელი „კარაკულას“ მეგობრობის საოცარ ამბავს, რომელსაც ამ დღეებში ლამის მთელი საქართველო იხსენებდა:
„ლომი დაიბადა. ზამთრის პერიოდი იყო და ამასობაში ჩემს ძაღლსაც ეყოლა პატარა. გადავწყვიტე, რომ ერთმანეთთან ჩამესვა. კარაკულა იმორჩილებს ლომს. ალბათ ლომი ძალიან ჯენტლმენია და მაგიტომ. საშიშროება არ არსებობს, ლომი რომ დაესხას კარაკულას, იმიტომ, რომ ისინი, ოჯახის წევრებივით, უკვე ერთად არიან...“
რადიო თავისუფლების ვიდეოარქივსაც შემორჩა, როგორ თამაშობენ ლომი და შავი პუდელი „კარაკულა“. ასეთი ატრაქციონის მოწყობა ზოოპარკში, ალბათ, მხოლოდ ძიძა გულიკოს შეეძლო.
Your browser doesn’t support HTML5
„რა თქმა უნდა, ძნელია ცხოველების მოვლა... მით უმეტეს, პატარა ცხოველის...“ - ამბობს თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილე დათო თაქთაქიშვილი: „თუ თვითონ არ მიიღე ამ პროცესში მონაწილეობა, ვერასოდეს მიხვდები, რა სირთულესთან არის დაკავშირებული ცხოველთა გაზრდა. მით უმეტეს, ისეთი მტაცებელი ცხოველის, როგორიც არის ლომი, ვეფხვი, იაგუარი, ლეოპარდი... ან ჩლიქოსნები: ჯიხვები, ნიამორები და ა.შ. მაგრამ ამის გარეშე მას ვერ წარმოედგინა ცხოვრება და ისე გამოვიდა, რომ მან, როგორც თავისი ცხოვრება შესწირა ცხოველებს, ასევე შესწირა სიცოცხლე ცხოველების სიყვარულს - ის ზოოპარკში გარდაიცვალა.“
ორი დღის გამოწერილი იყო საავადმყოფოდანო, ამბობდნენ თანამშრომლები. ხოლო ის, თუ რატომ მოხვდა გულიკო ჭიტაძე საავადმყოფოში, მთელმა საქართველომ იცის!
მოისმინეთ ეს ამბავი, გულიკო ჭიტაძისა და მისი თანამშრომლების მონათხრობი. ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მზია შარაშიძე:
„მოხდა ასეთი ფაქტი, დაახლოებით ერთი თვის წინ. ეს იყო გაუთვალისწინებელი შემთხვევა, რადგან ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა ამ ადამიანს მტაცებლებთან ურთიერთობის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მტაცებელი მაინც ყოველთვის მტაცებელია. ჩვენს ვეფხვებს ჰქონდათ ასეთი თვისება: ვოლიერიდან თათებს ჰყოფდნენ, კატისებრები არიან და კატებივით თამაშობდნენ და, როდესაც მოძრავ საგანს დაინახავდნენ, თათებს ჰყოფდნენ და ეთამაშებოდნენ.“
ზოოპარკის თანამშრომლის, ლალი ედილაშვილის მონათხრობი: „თურმე, გაიგონა, რომ ვეფხვების ვოლიერის ზედა მხარეს გოგონა ტიროდა, სათამაშო ჩავარდნია გისოსების წინ. თურმე, მამამ ვერ დაამშვიდა და ჩასვლა გადაწყვიტა, რომ სათამაშო ამოეტანა. გულიკო შეესწრო ამ ამბავს და არაფრით არ ჩაუშვა კაცი, ძალიან საშიშიაო. ბავშვი არ ჩერდებოდა... გულიკოს გულმა ვერ გაუძლო და თვითონ ჩავიდა. სათამაშო ბავშვს ამოუგდო, და ამ დროს ქარმა კაბა აუფრიალა. ვეფხვებმა კლანჭებით დაიჭირეს კაბის კალთა. გულიკო წაიქცა. ერთმა ვეფხვმა კლანჭი გამოსდო... თამაშ-თამაშით მოხდა ეს ამბავი... ანუ, აგრესიით კი არა, აი, აფრიალებული ტანსაცმელი რომ დაინახა. ფორმა არ ეცვა გულიკოს, იმიტომ რომ დასვენების დღე იყო. სამუშაო ფორმაში არ იყო და ასეთი გაუფრთხილებლობით მოუვიდა. მაფრამ იმათაც ითამაშეს... ვერ მოზომეს.“
ზოოპარკის ვეტექიმი ვანო მარხვაშვილი პირველი იყო, ვინც ვეფხვების კლანჭებში ჩავარდნილი გულიკო ნახა: „ერთ-ერთი შემოვლის დროს დავინახე, რომ ხალხი შველას ითხოვდა. მივედი და ვხედავ, ქალბატონი გულიკო ვეფხვებს ჰყავთ ჩათრეული მკლავით, და უკვე თითქმის ხორციც გაცლილი ჰქონდა. ძალიან ძლიერი ადამიანი იყო, სხვათა შორის. აი, შემდეგ რომ ვიყავით საავადმყოფოში, მე მეგონა, რომ ძალიან ინერვიულებდა, მაგრამ არაფერს არ იმჩნევდა, მაგრად იყო, ფსიქოლოგიურად იყო მაგრად.“
მრავლობითი ჭრილობებით მიიყვანეს საავადმყოფოში. ცალი ხელი იდაყვამდე აღარ ჰქონდა. საავადმყოფოში მიცემულ ინტერვიუებში განსაკუთრებით ამაზე წუხდა გულიკო: ხმები გავრცელდა, თითქოს ჩემმა გაზრდილმა ვეფხვებმა გამიმეტეს. არ დაიჯეროთ, ეს არასოდეს მოხდებოდაო.
ამ საქმეში გულიკოს ყველაზე მეტად დაეჯერებოდა. ერთ ვიდეოში, რომელიც ზოოპარკის ადმინისტრაციამ გადმოგვცა, გულიკო ახლად დაბადებულ შუმბას, თეთრი ლომის ბოკვერს საწოვარათი აჭმევს. დედასავით ჰყავს ჩახუტებული და ეფერება: თან ეძინებაო, იცინის. ახლად დაბადებული ბოკვერი საპასუხოდ ეფერება, პატარა ტორებს უთათუნებს ხელზე და ბასრი ბრჭყალებით დასერავს. „მეტკინა...“ - ამბობს ღიმილით გულიკო...
ეს „მეტკინა“ გამახსენდა, როცა გულიკო ჭიტაძის ამბავი გავიგე...
Your browser doesn’t support HTML5
ამ ამბავმა მთელი საქართველო შეძრა...
ამპუტირებული მკლავი ჯერ მოშუშებული არ ჰქონდა, მაგრამ გულიკო საავადმყოფოში ვერ გაჩერდა და ზოოპარკში - სახლში - დაბრუნდა.
ეს მოხდა ორი დღით ადრე, ვიდრე ადიდებული ვერე თბილისის ზოოპარკს დაფარავდა.
და ისევ ზურაბ გურიელიძე:
„ის აქ ცხოვრობდა, შეიძლება ითქვას, რომ ზოოპარკი მისი სახლიც კი არა, სამყარო იყო. მისთვის ყველაფერი იწყებოდა ზოოპარკით და მთავრდებოდა ზოოპარკით. ცხოველების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და ძალიან ბევრი ცხოველი სწორედ მისი გაზრდილია. ძალიან დიდი დანაკლისია...
და, სამწუხაროდ, ასე დაემთხვა ეს ყველაფერი, რომ ჯერ ასეთი თავდასხმა მოხდა, და სწორედ ორი დღით ადრე გამოეწერა საავადმყოფოდან. თავისივე დაჟინებული თხოვნით. შეიძლება ითქვას, რომ ისინი დაიღუპნენ... პოსტზე.“
გულიკო ჭიტაძეს თავი გმირად, რა თქმა უნდა არ მიაჩნდა. გულიკო ჭიტაძეს არ უყვარდა მაღალფარდოვანი სიტყვები. მგლებსა და აფთრებს მაღალფარდოვანი სიტყვებით ვერ „დააბამ“. გულიკო ჭიტაძე პროფესიონალი იყო. საქმის მცოდნე და საქმისთვის თავდადებული.
„ქალბატონი გულიკო ჩემმა მეგობარმა გამაცნო,“ - წერდა ფეისბუკზე გიორგი კეკელიძე, საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი. - „ასეთი ადამიანები ახლა მუშაობენ, სხვადასხვაგან. შეიძლება სრულიად შეუმჩნევლადაც. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა მთლად წყალწაღებული არაა. ეს მითებიდან ნაწყვეტი არ არის, აგერ, გუშინ მოხდა. ახლა მთავარია, ეს აღმოჩენები შევინარჩუნოთ და ცოტა სხვანაირად შევხედოთ ცხოვრებას.“
„ზოოპარკში დირექტორის ჩათვლით, ძალიან მაგარი და პროფესიონალი ადამიანები მუშაობენ და ის, ვინც ცოცხალი გადარჩა, არის ასევე ძალიან დასაფასებელი, და აუცილებელია ზოოპარკის გადატანა სხვა ადგილას, და აუცილებელია ამ ადამიანებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა... არ არის აუცილებელი, რომ მათი გმირობის და მათი მუშაობის შესახებ მაინცდამაინც სიკვდილმა გაგვაგებინოს“, - გვითხრა გიორგიმ.
იმ საბედისწერო ღამეს თბილისის ზოოპარკის სამი თანამშრომელი დაიღუპა: გულიკო ჭიტაძე, თბილისის ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი, მისი მეუღლე, მომვლელი მალხაზ ჭიტაძე, და მომვლელი გივი დვალი.
ასეთი ადამიანები ახლა მუშაობენ, სხვადასხვაგან. შეიძლება სრულიად შეუმჩნევლადაც. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა მთლად წყალწაღებული არაა...გიორგი კეკელიძე
შუადღეა, ცხელა. ზოოპარკში ტალახში ამოსვრილი ახალგაზრდები მიდი-მოდიან, ტალახში ამოგანგლული ნიჩბებით ხელში. თაობა, რომელმაც საქართველოში 1989 წლის 9 აპრილს შექმნილი საზარელი სიმბოლო - ნიჩაბი - სიყვარულისა და თანადგომის სიმბოლოდ აქცია; თაობა, რომელმაც უბედურების ჟამს თავისი მთავარი სათქმელი თქვა: ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ჩვენ ვართო!
ეს თაობა გულიკო ჭიტაძის თვალწინ გაიზარდა. რომ გამოკითხო, ყველა გაიხსენებს ლომებისა თუ გიბონების მეგობარ კეთილ და მოღიმარ მომვლელს, რომელიც მოულოდნელად ძალიან მკაცრი და ბრაზიანი ხდებოდა, თუკი ცხოველების მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას შენიშნავდა.
ისე მოხდა, რომ თბილისის ზოოპარკი თბილისს თავსდატეხილი უბედურების სიმბოლოდ იქცა. პარადოქსია, მაგრამ, ამავე დროს, იქცა სიყვარულის, თავდადებული შრომის, თანადგომისა და მოულოდნელად აღმოჩენილი ერთად ყოფნის ბედნიერების სიმბოლოდ...
თბილისის ზოოპარკის წინ დღეს ბუშტები და ბატიბუტი არ იყიდება... თბილისის ზოოპარკის წინ ბავშვებით სავსე მანქანები არ დგას... თბილისის ზოოპარკი ყავისფერ ლაფშია ჩაძირული და თავზე ყავისფერი მტვრის ღრუბელი ადგას...
მაგრამ თბილისის ზოოპარკი სავსეა ხალხით.
თბილისის ზოოპარკი ცოცხალია...