მარკო რუბიო: ჰილარი კლინტონი წარსულის პოლიტიკოსია

„ისტორიის გაკვეთილებით შთაგონებული, იმავდროულად მომავალზე ორიენტირები, მე ვაცხადებ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის განზრახვის შესახებ“-თქვა მარკო რუბიომ.

საპრეზიდენტო მარათონში ჩართვა გულშემატკივრების წინაშე მან მაიამიში გამოაცხადა.

სენატორმა რუბიომ აღნიშნა, რომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლისას ახალი ამერიკული ხანის დაწყებას შეეცდება. გამოსვლაში მან დემოკრატების კანდიდატზე ჰილარი კლინტონზეც ისაუბრა:

„ჰილარი კლინტონი არის პოლიტიკოსი, რომელიც გუშინდელ დღეს განასახიერებს და პირობას გვაძლევს კიდეც, რომ წარსულში დაგვაბრუნებს. მე მინდა გითხრათ, რომ გუშინდელი დღე დასრულდა.“
სენატორი მარკო რუბიო

რუბიომ კამპანიის დაწყება მაიამიში, თავისუფლების კოშკიდან გამოაცხადა. შეერთებული შტატები წარსულში აქ ათობით ათას კუბელ ემიგრანტს ეგებებოდა, 1960-იან, 70-იან წლებში.

"როგორც კუბელი ემიგრანტების შვილს, რუბიოს დიდი პოტენცია აქვს ახალგაზრდობისა და უმცირესობების დასაინტერესებლად"-გვეუბნება რესპუბლიკელი სტრატეგი ფორდ ოკონელი.

„სხვა რესპუბლიკელებთან შედარებით, მას ყველაზე საინტერესო ნარატივი აქვს. ახლა მთავარია, რამდენად კარგად შეფუთავს ის ამ ისტორიას, იმისათვის, რომ ამომრჩეველმა უკეთ გაიგოს ვინ არის მარკო რუბიო და რა სურს მას. ძალიან ბევრი კუთხით, ეს ადამიანი კარგად განასახიერებს ამერიკულ ოცნებას.“

ამ ფონზე, რუბიო პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკის დიდი კრიტიკოსია. თავად კი, ამომრჩეველს, გაპრეზიდენტებისას-ახალ მიმართულებას პირდება.

„ამერიკამ კიდევ ერთხელ უნდა გაუსვას ხაზი საკუთარ ლიდერობას გლობალურ საკითხებში და ეს ამ ადმინისტრაციის ირანთან სარისკო დათმობებზე უარით და ისრაელის მტრობის შეწყვეტით უნდა დაიწყოს.“

ოკონელის თქმით, რუბიო შეეცდება ეს საკითხი ბოლომდე გაიტანოს.

„ამ საკითხს რუბიო ეროვნულ უსაფრთხოებასთან და სამხედრო პოლიტიკის განხილვასთან ერთად წამოჭრის, იმდენად, რამდენადაც ის ამ თემას სენატში ყოფნისას კარგად გაეცნო და თავს გათვითცნობიერებულად მიიჩნევს.“

მარკო რუბიო საპრეზიდენტო მარათონში რესპუბლიკელ სენატორებს-რენდ პოლს და ტედ კრუზს უერთდება. სავარაუდოდ, რესპუბლიკური პარტიიდან პრეტენდენტების ვრცელ სიას იხილავს ამომრჩეველი, თუმცა პარტია საბოლოო ჯამში ერთ კანდიდატურაზე უნდა შეჯერდეს.