მაიკ პენსი: აშშ მხარს უჭერს ნატოში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარებას

Your browser doesn’t support HTML5

შეერთებული შტატები მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას, არასოდეს შეეგუება იმ ფაქტს, რომ თბილისიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში რუსეთის ტანკები დგას და ყველაფერს გააკეთებს, რათა დაჩქარდეს ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესი - 1 აგვისტოს თბილისში ამ შინაარსის განცხადებები გააკეთა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად იზეიმებს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. პენსი, რომელიც თბილისში ორშაბათს ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად, სამშაბათს შეხვდა ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს და სამხედრო წვრთნებში „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მონაწილე სამხედროებთან. მაიკ პენსმა თბილისი ნაშუადღევს, 4 საათისთვის დატოვა.