ხუთი წლის წინ, როცა ათენში ვესტუმრეთ და მასზე მოკლე ფილმი გადავიღეთ, გვითხრა, „სამკაული უნდა გამკობდესო“. არ შეუწყვეტია მუშაობა, თუ საქმემ ჩამითრია, შეუსვენებლად შემიძლია მუშაობაო. სამკაული და სილამაზე უყვარს მშვილდოსნობაში საბერძნეთის ჩემპიონს. ეს სიყვარული დაუფასდა და საბერძნეთის მთავრობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომლის მიზანი იყო ქალებისთვის დახმარება საკუთარი ბიზნესის ამოქმედებაში, წარმატებას მიაღწია.
Your browser doesn’t support HTML5
მაია სააკაძემ ბიზნესგეგმა წარადგინა, აღწერა, რა უნდა შეექმნა, სად, როგორ.
პროექტი მიიღეს, მაიას თანხა გამოუყვეს, გახსნა გალერეა, MaiArt-ი, ადგილი, სადაც მომხმარებელს თავის ნაკეთობებს სთავაზობს, რაც მისი ოცნების აღსრულება იყო. და ყველას მიმართავს, არ დათმოთ ოცნებები, განახორციელეთო.
მაია სააკაძემ პროგრამის „შინ - უცხოეთში“ ავტორს, ოქროპირ რუხაძეს, 2018 წელს უთხრა, რომ როცა ოცნებები აუსრულდებოდა, მაღაზია და გალერეა ექნებოდა, დიდი სურვილი ჰქონდა, იქ გამოეფინა მათი ნამუშევრები, ვინც საბერძნეთში მძიმე შრომას ეწევა, დღე და ღამე მუშაობა უწევს, საზოგადოებასთან კონტაქტი არ აქვს, მაგრამ ხელოვნებას ქმნის, ხელსაქმით არის დაკავებული. დღეს მაია ყველას სთავაზობს, მის გალერეაში ნამუშევრები გამოფინონ.
მაიამ მონაწილეობა მიიღო საბერძნეთის სატელევიზიო შოუ „შოპინგ სტარში“.
Your browser doesn’t support HTML5
შოუ განსაკუთრებულია იმით, რომ მისი ავტორები არ იწვევენ ერთმანეთს რომ ჰგვანან, იმგვარ მოდელებს, არამედ პირიქით, იქ მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვისაც მოდა და სილამაზე უყვარს, განურჩევლად ზომისა და წონისა. ადრე საბერძნეთის ჩემპიონი მშვილდოსნობაში ამ შოუში მეორე ადგილს დასჯერდა, მაგრამ მოელის ამგვარ კონკურსებში კვლავ მიპატიჟებას.
და მშვილდოსნობა: მაიამ აიღო მშვილდოსნობის მწვრთნელის და მსაჯის სერტიფიკატები და აპირებს დაუბრუნდეს ამ საქმეს, მშვილდს რომ ხელს ვკიდებ, ძალას მაძლევსო.
რა შეიცვალა ამ ხუთი წლის განმავლობაში, რა განსხვავებაა „შინ - უცხოეთში“ მონაწილე ხუთი წლის წინანდელ მაია სააკაძესა და ახლანდელს შორის?
„უბრალოდ უკვე აღარ ვაქცევ ყურადღებას ამ წვრილმან-წვრილმანებს, ყველაფერზე ვბრაზდებოდი, ყველაფერი იდეალურად მინდა ყოფილიყო, რაღაც-რაღაცებმა გული მატკინა, რაღაც-რაღაცები, ბოდიში და, დავიკიდე, მართლა ამ იმით... აღარ მაინტერესებს ვიღაცას რაღაცა დავუთმო და იმასაც ვასიამოვნო და მეც რაღაცა გამომივიდეს. ეს აღარ მაინტერესებს. ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც მე მინდა, რაც ჩემს სულს გაუხარდება, აღარ მინდა, ვიღაცამ და რაღაცამ დამაბრკოლოს ჩემს წინსვლაში“...