გამოცდების ეროვნული ცენტრი მაია მიმინოშვილის გარეშე?!

მაია მიმინოშვილი

საქართველოს განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. განათლების სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რეფორმების განხორციელების პროცესში განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობა გაჩნდა. სწორედ ეს შეუთავსებლობა გახდა მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი, თუმცა მედია სხვა, პოლიტიკურ მიზეზსაც ასახელებს.

მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების ის ვერსია, რომელიც ოფიციალურ ვერსიასთან მიახლოებულად შეიძლება ჩაითვალოს, ეროვნული გამოცდების საკითხზე მისი დიმიტრი შაშკინთან უთანხმოებაა. გავრცელებული ინფორმაციით, მაია მიმინოშვილი საგამოცდო სისტემის გამარტივების მომხრე იყო და მინისტრი მის აზრს არ იზიარებდა.

მაშინ კარგი იყო, ხომ, ჩემმა შვილმა რომ ვერ ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და გამოაჭენეს ტელევიზიებით. მაშინ ხომ კარგი იყო ჩემი შვილი, გამოსაჭენებლად. და რა, უფლება წავართვა ჩემს შვილს ...
მაია მიმინოშვილი
”როდესაც გადაწყვეტილების მიღებამდე მივდივართ, მანამდე შიგნით ვამბობ, ორგანიზაციაში, ვკამათობთ კიდეც, ერთმანეთის მოსაზრებებს ვუსმენთ, ათასჯერ ავწონით, გავზომავთ და მერე ვდგამთ ნაბიჯს. და თუ მე ბატონ დიმიტრი შაშკინს ჩემი რაღაცა კონკრეტული მოსაზრებები შევთავაზე, ასე ხომ არ ჯობია და ისე ხომ არ ჯობია, - და ჩემს კომპეტენციებს მე არასდროს არ ვცდებოდი, ყოველთვის საგამოცდო სისტემის გარშემო ვტრიალებდი, - ამას თუ არაჯანსაღ კამათს ეძახიან და ეს არის შეუთავსებლობა, ეს სრულიად გაუგებარია ჩემთვის”, გვითხრა მაია მიმინოშვილმა, რომლისთვისაც კიდევ უფრო გაუგებარია მისი სამსახურიდან გათავისუფლების მეორე ვერსია, რომლის თანახმადაც, იგი დაისაჯა იმისთვის, რომ მისმა შვილმა, ლაშა ყანჩაველმა, 27 მაისს მეუღლესთან ერთად ”ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღო მონაწილეობა.

”მერე რა?! ზრდასრული ადამიანია, ოჯახი ჰყავს და შვილი ჰყავს და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. თუ ეს იყო მიზეზი, ეს არის კატასტროფა, ეს არის სრული კატასტროფა. მაშინ კარგი იყო ხომ, ჩემმა შვილმა რომ ვერ ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და გამოაჭენეს ტელევიზიებით. მაშინ ხომ კარგი იყო ჩემი შვილი, გამოსაჭენებლად. და რა, უფლება წავართვა ჩემს შვილს, ზრდასრულ ადამიანს, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამა თუ იმ პარტიის მიმართ თუნდაც?! და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, სიტყვაზე ვამბობ, მეც იგივეს ვფიქრობ, არ ვფიქრობ თუ როგორ ვფიქრობ!”

მაია მიმინოშვილი იხსენებს, რომ აქციაზე მყოფ ვაჟს 27 მაისს დაურეკა და სთხოვა, ფრთხილად ყოფილიყო. რაც შეეხება შვილთან დაკავშირებულ ინციდენტს, რომლის თაობაზეც გამოცდების ცენტრის აწ უკვე ყოფილი დირექტორი ლაპარაკობს, 2009 წლის 22 აგვისტოს მოხდა. იმ დღეს მაია მიმინოშვილმა საქართველოს პრეზიდენტს 2009 წლის ეროვნული გამოცდების შესახებ ანგარიში ჩააბარა. პრეზიდენტმა კი იმის ნიშნად, რომ გამოცდები სრულიად არაკორუმპირებული სისტემით ტარდება, საქვეყნოდ გაამხილა, რომ მაია მიმინოშვილის ვაჟი სამაგისტრო გამოცდებზე ჩაიჭრა.

”ეს ისე უნდა შევქმნათ, რომ მე რომ გამოვიცვლები, თქვენ რომ გამოიცვლებით,- თქვენ ბევრად დიდხანს იქნებით, მაგრამ როცა გამოიცვლებით, - ვერავინ ვერ ჩამოანგრიოს ეს სისტემა. ხალხი იმდენად შეეჩვია, რომ პრეტენზია აღარ არის, სიწყნარეა, ეჭვი არავის არ ეპარება. და მეტი რა მტკიცება გინდა, საკუთარი შვილი რომ ჩაგივარდება საკუთარ გამოცდებზე, როცა ცალი თვალით რომ შეგეხედათ, ჩააბარებდა. ეს ნიშნავს რაღაცას, ხომ?!”, აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა 2009 წლის 22 აგვისტოს.

მის მიერ მაშინ გამოთქმული პროგნოზი იმის შესახებ, რომ მაია მიმინოშვილი უფრო დიდხანს დარჩებოდა დაკავებულ თანამდებობაზე, ვიდრე თავად, არ გამართლდა. გამოცდების ეროვნულ ცენტრში კი ახლა იმაზე წუხან, რომ დირექტორის თანამდებობიდან წასვლა საატესტატო გამოცდების პიკზე, ეროვნული გამოცდების წინ, წლობით შექმნილ ეფექტიან სისტემასაც დააზარალებს. ამასთან დაკავშირებით დღეს გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა საქართველოს პრეზიდენტს საგანგებო წერილით მიმართეს. წერილში ნათქვამია, რომ დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილება რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების, ისე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო და საერთო-სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას. ”გთხოვთ, უშუალოდ თქვენ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მოხსნის მსგავს საფრთხეს და საზოგადოების უნდობლობისა და ნიჰილიზმისგან დაგვიცავს”, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია გაბუნია ამბობს:

ვერანაირად ვერ ვადასტურებთ იმას, რომ მისი გათავისუფლება შვილის აქციაში მონაწილეობას უკავშირდება. რა სისულელეა! ...
ნინო პოტრჟებსკაია
”მე ნამდვილად დავწერ განცხადებას, როგორც ჩვენი თანამშრომლების უმეტესობა, დღესვე. და ერთი რამე შემიძლია გავიმეორო: ამ ორგანიზაციაში ყველა ადამიანი, ვინც მაიას გვერდით იდგა, - და ნამდვილად ეს საქმე ამ ადამიანის სახელით კეთდებოდა, - თავის მოვალეობას ასრულებდა ბოლომდე და ბოლომდე იცავდა იმ პრინციპებს, რაც რეფორმის დაწყების პირველი დღიდან დაინერგა.“

გამოცდების ეროვნული ცენტრი ოფიციალურად 2004 წელს დაარსდა. თუმცა განათლების სისტემის გარდაქმნის პროცესში შეფასების ახალი სისტემის კომპონენტზე მუშაობა უფრო ადრე - 2001 წლიდან - მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში დაიწყო. ამ მიმართულების ხელმძღვანელობით მაია მიმინოშვილი სათავეში ჩაუდგა საქართველოში ახალი საგამოცდო მოდელის შექმნისა და დახვეწის საქმეს. 2002 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოში პირველად ჩაატარა სახელმწიფო გამოცდები შეფასების ახალი მოდელით. 2007 წელს იგი განათლების მინისტრად დაინიშნა, თუმცა ორი თვის შემდეგ გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუბრუნდა. განათლების ამჟამინდელი მინისტრის გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მაია მიმინოშვილისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. მინისტრისა და განათლების ეროვნული ცენტრის დირექტორის შეხვედრა 28 მაისს, მაია მიმინოშვილის თქმით, 2 წუთს გაგრძელდა და კონკრეტული ახსნა-განმარტებების გარეშე ჩაიარა. განათლების სამინისტრო სიტყვაძუნწი აღმოჩნდა ჩვენს სატელეფონო შეკითხვაზეც:

”ჩვენ უკვე გავაკეთეთ განცხადება ოფიციალური, მეტს ვერაფერს ვერ დავამატებთ. ვერანაირად ვერ ვადასტურებთ იმას, რომ მისი გათავისუფლება შვილის აქციაში მონაწილეობას უკავშირდება. რა სისულელეა!“, გვითხრა განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო პოტრჟებსკაიამ.

ტელეკომპანია „პირველ არხთან“ კი მინისტრის მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ პრაქტიკულად გაიმეორა ის, რაც სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული. კერძოდ, მინისტრის მოადგილემ ბრძანა, რომ მაია მიმინოშვილს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების მიმართ შეუსაბამო დამოკიდებულება ჰქონდა.