„მაესტრო“: რეორგანიზაცია თუ იდეოლოგიზაცია?

ტელეკომპანია „მაესტრო“ ოცამდე ჟურნალისტმა დატოვა. სამსახურიდან გაათავისუფლეს ტელევიზიის დირექტორის მოადგილე, საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილი. ჟურნალისტები ტელეკომპანიიდან წამოსვლის მიზეზად არხის იდეოლოგიზებას ასახელებენ. რა ხდება „მაესტროში“ და რა კავშირშია ამ ყველაფერთან მთავრობის კანცელარიის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში კოკა ყანდიაშვილი?

ტელეკომპანია „მაესტროს“ 12-საათიან გამოშვებაში გადაცემის წამყვანმა ნინო თოლორდავამ საზოგადოებას გააცნო არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება, რეორგანიზაცია მოახდინოს ტელევიზიაში.

„ტელეკომპანია 'მაესტრო' ადასტურებს, რომ არხი დატოვა დირექტორის მოადგილემ და 'ცხრიანის' წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა. მასთან ერთად არხიდან წავიდა რამდენიმე პროდიუსერი და ჟურნალისტების ნაწილი. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, 'მაესტროს' დირექციამ მიიღო გადაწყვეტილება, გამოაცხადოს არხის სრული რეორგანიზაცია, რომელიც მანამდე ისედაც იგეგმებოდა. გენერალური დირექტირი ბაია გადაბაძე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახალი ამბები რჩება არხის პრიორიტეტად, რომელიც რეორგანიზაციის შემდეგ განახლებული ფორმატით და ბადით დაუბრუნდება სატელევიზიო სივრცეს.

გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ არხი უნდა გახდეს იდეოლოგიზებული და საუბარია რაღაც პროქართულ იდეოლოგიაზე. მე არ ვიცი რას ნიშნავს პროქართული იდეოლოგია, იმიტომ რომ „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახური ისედაც იყო საზოგადოების სამსახურში...
სოფო ზურაბიანი

რეორგანიზაციის თაობაზე „მაესტროში“ მას შემდეგ განაცხადეს, რაც არხის ჟურნალისტებმა ერთმანეთის მიყოლებით ტელევიზიის დატოვება დაიწყეს. „მაესტროს“ 9-საათიანისაინფორმაციო გამოშვების მთავარმა პროდიუსერმა სოფო ზურაბიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომარხის დატოვების მიზეზი გახდა ხელმძღვანელობის განცხადებები არხის იდეოლოგიასთან დაკავშირებით:

„გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ არხი უნდა გახდეს იდეოლოგიზებული და საუბარია რაღაც პროქართულ იდეოლოგიაზე. მე არ ვიცი რას ნიშნავს პროქართული იდეოლოგია, იმიტომ რომ „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახური ისედაც იყო საზოგადოების სამსახურში და აშუქებდა ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, რაც იყო აქტუალური, აშუქებდა მიუკერძოებლად, ობიექტურად და მე მგონია, რომ ეს არის პროქართული საქმე“.

ჟურნალისტებს უჭირთ პირდაპირ განაცხადონ, თუ რა იგულისხმება არხის იდეოლოგიზებაში, თუმცა არსებობს ვარაუდი და გარკვეული მინიშნებები, რომ ეს შეიძლება იყოს ორენტაცია ანტიდასავლურ ღირებულებებზე.

„მაესტროს“ დირექტორის ყოფილი მოადგილე, არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების ყოფილი წამყვანი ნინო ჟიჟილაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ის არხის დატოვებას დეკემბრის ბოლოს თავადაც აპირებდა, თუმცა 21 დეკემბრის თათბირის შემდეგ მას არხის ფაქტობრივმა მფლობელმა კოტე გოგელიამ სატელეფონო საუბარში შეატყობინა, რომ გათავისუფლებულია:

„რატომ გახდა ეს საჭირო? ეს არის თემა, რომელიც, მე ვფიქრობ, სცდება ერთი კონკრეტული ჟურნალისტის თუ ჟურნალისტთა ჯგუფის მიმართ ქმედებას. ვფიქრობ, სულ მცირე, სახეზეა „მაესტროს“ საინფორმაციო პოლიტიკის კონტროლის სურვილი. ბუნებრივია, მე მაქვს ჩემი ეჭვები, არა მხოლოდ ეჭვები, არამედ კონკრეტულ ფაქტებზე დამყარებული ჩემი გარკვეული მოსაზრებები, რომლის გამოც მე თვითონ დეკემბრის ბოლოს გადაწყვეტილი მქონდა არხიდან წასვლა“.

ნინო ჟიჟილაშვილის მსგავსად, არხიდან წასული სხვა ჟურნალისტები ამბობენ, რომ 21 დეკემბრის თათბირზე, რომელსაც არხის გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე მართავდა, შეატყობინეს, რომ საინფორმაციო პოლიტიკა იცვლება, რომ 9-საათიანი მთავარი საინფორმაციო გამოშვების ნაცვლად ეთერში საღამოს 8-დან 10 საათამდე გავა მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ამჟამინდელი მრჩევლის კოკა ყანდიაშვილის გადაცემა, რაც ჟურნალისტებისთვის პროტესტის მიზეზი გახდა. ნინო ჟიჟილაშვილის თქმით, მსგავსი პროტესტი რამდენიმეთვის წინათაც გამოთქვეს ჟურნალისტებმა. მაშინ მათ არხის ხელმძღვანელებმა საყვედურიც უთხრეს და ერთი თვის ხელფასიც დაუკავეს, მოგვიანებით კი განუცხადეს, „ასე დაგსაჯეთო“.

მათ აქვთ ეჭვი, რომ ვინმე როდისმე ჩაერევა მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაში, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ რომ გუშინდელ თათბირზე პირადად მე დავდექი იმის გარანტად, რომ არავინ არ ჩაერეოდათ და თუკი ასეთი რამ მოხდებოდა, მეც მასთან ერთად დავტოვებდი არხს, იმიტომ რომ არ მიმაჩნია, რომ ვინმეზე ნაკლები სამართლიანობის განცდა მაქვს, ან მიბრძოლია, ან დავზარალებულვარ...
ბაია გადაბაძე

კოკა ყანდიაშვილმა მედიასთან საუბარში თქვა და საკუთარ ფეისბუკის გვერდზეც დაწერა, რომ ის არ აპირებს „მაესტროში“ გადაცემის წაყვანას, თუმცა დასძინა, რომ ტელეკომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს თავისი სტუდიის პროექტების ეთერში გაშვებასთან დაკავშირებით.

„უკვე ნახევარ წელზე მეტია, გრძელდება მოლაპარაკება "მაესტროსთან" და სხვა არხებთან ჩემი მომავალი სტუდიის პროექტების შეძენასთან დაკავშირებით. კერძოდ, "მაესტრო" დაინტერესებულია 2 ტელეპროდუქტით: რეალითი-შოუ ფეხბურთზე (ძალიან მაგარი იდეაა) და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ. ამის შესახებ ჯერ კიდევ 2014 წლის სექტემბერში დავწერე ფეისბუკზე...

მოლაპარაკებები არხებთან გრძელდება და ჯერ არ დასრულებულა. ასევე გიდასტურებთ, რომ არსად არ ვიწყებ მუშაობას, ისედაც მაქვს სამსახური“, - წერს კოკა ყანდიაშვილი თავის ფეისბუკის გვერდზე.

ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, ჟურნალისტები შიშობენ, რომ მომავალში შეიძლება ვინმე ჩაერიოს მათ სარედაქციო მუშაობაშიო, თუმცა ჩაურევლობის გარანტია, მისითქმით, 21 დეკემბერს თავად მისცა ჟურნალისტებს.

„მათ აქვთ ეჭვი, რომ ვინმე როდისმე ჩაერევა მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაში, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ რომ გუშინდელ თათბირზე პირადად მე დავდექი იმის გარანტად, რომ არავინ არ ჩაერეოდათ და თუკი ასეთი რამ მოხდებოდა, მეც მასთან ერთად დავტოვებდი არხს, იმიტომ რომ არ მიმაჩნია, რომ ვინმეზე ნაკლები სამართლიანობის განცდა მაქვს, ან მიბრძოლია, ან დავზარალებულვარ. კოკა ყანდიაშვილის ჩანაცვლება მიმაჩნია, რომ არის არასწორი, იმიტომ რომ არავინ არავისით არ ნაცვლდებოდა. კოკა შეიძლება მოსულიყო ამ არხზე, ჩვენ მასთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ კოკა არანაირ მონაწილეობას მენეჯმენტში არ მიიღებდა, ამას კატეგორიულად ვამბობ“.

„მაესტროდან “ჟურნალისტების წამოსვლას გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციიაც. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია:

„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ ეხმაურება ბოლო დროს საქართველოში ტელეკომპანია „მაესტროდან“ და „TV3“ – დან თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნებს და მზადყოფნას გამოთქვამს იურიდიული დახმარება აღმოუჩინოს კოლეგებს და, საჭიროების შემთხვევაში, იტვირთოს მედიატორის როლი დამქირავებლებსა და დაქირავებულებს შორის.

რეგიონალური მედიის ასოციაციის თავმჯდომარე, მედიაექსპერტი ნათია კუპრაშვილიც ავლებს პარალელს „მაესტროსა“ და ტელეკომპანია „ტვ3“-ს შორის:

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისში ბაზირებულ არხებს, რომელთაც აქვთ ნაციონალური მაუწყებლობის პრეტენზია , მათ პრიორიტეტებზე აღარ არის საინფორმაციო გამოშვებები და ესეც, ცხადია, პოლიტიკის ნაწილია. მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს არ არის მხოლოდ მაუწყებლის შიგნით მიმდინარე პროცესი“.

აღსანიშნავია, რომ „მაესტრო“ ცოტა ხნის წინ დატოვეს გადაცემა „სუბიექტური აზრის“ წამყვანებმა დიანა ტრაპაიძემ და თეონა გოგელიამ. ნინო ჟიჟილაშვილის ინფორმაციით, არხის დატოვებას დეკემბრის ბოლოს აპირებს „ყოველდღიური აბების“ ავტორი და წამყვანი ვასიკო ოდიშვილიც.