აღიარონ თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობა, მის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ და დაისაჯოს ყველა პირი, რომელიც პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა - ეს იყო თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატების მთავარი მოთხოვნები საქართველოს პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრა მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან, მის მოადგილეებსა და თბილისის პროკურორთან გაიმართა.
Your browser doesn’t support HTML5
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მთავარ პროკურატურაში მიიწვიეს პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს, გამთენიისას ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარე საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაციის გასაცნობად. როგორც ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, საქმის მასალები პროკურატურის წარმომადგენლებს მათთვის არ გაუცნიათ, თავად შეხვედრის მიზანი კი დაზარალებული მხარისთვის იმის გარკვევა იყო, თუ როგორ, რა ფორმატში გაგრძელდება ურთიერთობა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახსა და საგამოძიებო ორგანოებს შორის:
“პირველი თხოვნა იყო,რომ დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას, მანამდე იქნება წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, შესაბამისი დასკვნები. მტკიცებულებებს აბსოლუტურად ყველას გაგვაცნობენ იმავე რეჟიმში, როგორიც იყო აქამდე. და თხოვნა იყო, რომ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. კითხვაზე, რა განსაკუთრებული აუცილებლობა არსებობდა სროლასთან დაკავშირებით, პასუხი იყო, ცხადია, უნდა დაველოდოთ კვლავ გამოძიების შედეგებს, რომ დადასტურდეს, ჰქონდა თუ არა მას ხელყუმბარა და იყო თუ არა მომეტებული საფრთხე“.
ადვოკატები აღნიშნავენ, რომ მთავარ მოთხოვნებზე, კერძოდ, თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის, დაზარალებულად ცნობასა და საქმის მასალებთან წვდომაზე ამ ეტაპზე უარი მიიღეს, თუმცა მიიღეს დაპირებაც, რომ პერიოდულად შეძლებენ საქმის მასალების გაცნობას. პროკურატურაში 2 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადენლის, ადვოკატ ქეთევან ჩუთლაშვილის თანახმად, განიხილებოდა ასევე გამოძიების გაფართოების საკითხი:
პირველივე განცხადებები სუსმა გააკეთა მტკიცებითი ფორმით, სადაც თემირლანი და სხვა დაკავებული პირები ტერორიზმის მხარდამჭერებად იყვნენ მოხსენიებულნი. სუსმა გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც ის პირდაპირ უთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილზე, რითაც პირდაპირ შექმნა წარმოდგენები, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი იყო დამნაშავე...თამთა მიქელაძე
“ჩვენ უკვე მიმართული გვაქვს საგამოძიებო ნაწილისთვის და ვითხოვთ, რომ გაფართოვდეს გამოძიება და სამართლებრივი შეფასების საგანი გახდეს არა მხოლოდ კონკრეტული სპეცრაზმელის ქმედება, რომელმაც გასროლა განახორციელა, არამედ მთლიანად ამ ოპერაციის დაგეგმვა. ამასთან დაკავშირებით მივიღეთ პააუხი, რომ, ცხადია, ეს ყველაფერი არის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი, ეს დეტალები, და მიმდინარეობს შესწავლა და იმედი გვაქვს, რომ ცოტა ხანში დასაბუთებული პასუხებიც გაგვეცემა“.
ქეთევან ჩუთლაშვილისგან განსხვავებით, მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე დასწრების საშუალება არ მისცემია ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელს, იურისტ თამთა მიქელაძეს, რომლის თანახმადაც, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სუსის მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის გამო, ორგანიზაცია სარჩელს ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში წარსადგენად ამზადებს:
“პირველივე განცხადებები სუსმა გააკეთა მტკიცებითი ფორმით, სადაც თემირლანი და სხვა დაკავებული პირები ტერორიზმის მხარდამჭერებად იყვნენ მოხსენიებულნი. სუსმა გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც ის პირდაპირ უთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილზე, რითაც პირდაპირ შექმნა წარმოდგენები, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი იყო დამნაშავე“.
მთავარ პროკურატურაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს კომენტარი აღარ გაუკეთებიათ, შეხვედრის დაწყებამდე კი გარდაცვლილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი შვილი უდანაშაულო იყო და საქმის გამოძიების შედეგებს საზოგადოების დიდი ნაწილი ელის ინტერესით:
“ეს არის საქართველოს ნახევარზე მეტის, 70 პროცენტის, ქართველი ადამიანების მოთხოვნა. ეს არის ევროპაში, ევროპის გარეთ ყველა ჩეჩნური დიასპორის მოთხოვნა. ეს არის მთელი პანკისის ხეობის ქისტების მოთხოვნა. უმკაცრესი ზომებით უნდა დაისაჯოს დამგეგმავი, ის, ვინც განახორციელა სროლა. ამათ მისამართი შეეშალათ, ამათ ბინა შეეშალათ, ამათ სახელები შეეშალათ, ამათ ყველაფერი ეშლებათ. ყველაფერი ეშლება დღეს სახელმწიფოს, ყველაფერი ეშლება“.
მთავარ პროკურორთან შეხვედრა პანკისელებმა და მალხაზ მაჩალიკაშვილმა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოითხოვეს, თუმცა ირაკლი შოთაძე, პანკისში ჩასვლის ნაცვლად, გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან მთავარ პროკურატურაში შეხვედრაზე დათანხმდა. პანკისში კონტრტერორისტული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება, პროკურატურის განცხადების თანახმად, ჯერჯერობით არ არის დასრულებული, მიღებული შედეგების შესახებ კი დამატებით ეცნობებათ ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას.
„ისლამური სახელმწიფოს“ წევრი ახმედ ჩატაევი და მისი ჯგუფის წევრები, რომლებიც 2017 წლის 22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს გაანადგურეს, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას გეგმავდნენ. ახმედ ჩატაევის ჯგუფისთვის დახმარების გაწევაში ერთ-ერთ ეჭვმიტანილ თემირლან მაჩალიკაშვილს ბრალი წარდგენილი არ აქვს.