სექტემბრიდან თბილისში გამოჩნდება ლურჯი ავტობუსები

პროექტის პრეზენტაცია

სექტემბრიდან თბილისში ახალი ავტობუსები იმოძრავებს. დედაქალაქის მერია 143 ავტობუსს შეიძენს გერმანული კომპანია Man-ისგან. როგორც ქალაქის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, ავტობუსები სავსებით აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, იქნება უსაფრთხო და ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის. ვტობუსები ივლის ქალაქის მასშტაბით არსებულ გრძელ დისტანციებსა და ფართო გამტარუნარიანობის ქუჩებზე. თბილისის მერიას ავტობუსების პარკის განახლების 4-წლიანი გეგმა აქვს..

Your browser doesn’t support HTML5

ლურჯი ავტობუსები სექტემბრიდან გამოჩნდებიან

სექტემბრიდან თბილისში ყვითელ ავტობუსებს ლურჯი ავტობუსები დაემატება. უფრო კონკრეტულად კი, სექტემბრიდან, შვიდი თვის განმავლობაში, ყვითელ ავტობუსებს შეემატება 143 ლურჯი ავტობუსი. თითო ავტობუსი, საშუალოდ, 85 მგზავრზეა გათვლილი, მისი სიგრძე კი 12 მეტრია. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, ავტობუსები, რომლებიც სავსებით აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს, ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის და იმუშავებს ბუნებრივ აირზე, რაც თბილისის მერის, დავით ნარმანიას, განმარტებით, დიზელზე მომუშავე ყვითელ ავტობუსებთან შედარებით, მცირე გამონაბოლქვს გამოყოფს, არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი:

„ავტობუსები არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ის იმუშავებს ბუნებრივ გაზზე, რაც განაპირობებს ეკონომიას საწვავში და ასევე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მნიშვნელოვან დანაზოგს გამონაბოლქვისა და იქნება კომფორტული ტიპის ავტობუსი. ასეთი ტიპის ავტობუსები აქამდე არასდროს ჰქონია ჩვენს ქალაქს“.

როგორც დედაქალაქის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც გასულ წელს მერიამ ავტობუსების პარკის შესწავლა დაიწყო, დღის წესრიგში დადგა ავტოპარკის განახლების საჭიროება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით, ჩატარდა წინასწარი გამოკვლევა და გამოცხადდა ტენდერი. მერიის განმარტებით, სატენდერო პირობებში აქცენტი გაკეთდა ხარისხსა და გამოცდილებაზე. ტენდერში განაცხადი შვიდმა კომპანიამ წარადგინა, გამარჯვება კი მოიპოვა გერმანულმა კომპანია Man-მა. ავტობუსების შესაძენად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა თბილისის მერიას სესხის სახით 27 მილიონი ევრო გამოუყო. თითო ავტობუსის ღირებულებამ, დაახლოებით, 237 ათასი ევრო შეადგინა, რომელიც თავის თავში მოიცავს ავტობუსის ათწლიანი მომსახურების ღირებულებას.

ვასილ ურუშაძის, „ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ ხელმძღვანელის, თქმით, მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ განაცხადა, რომ დედაქალაქში ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსები უნდა შემოიყვანონ, ორგანიზაციამ მუნიციპალიტეტისგან გამოითხოვა დოკუმენტი, ეკონომიკური და ეკოლოგიური ანალიზი იმისა, თუ რის საფუძველზე გადაწყდა დედაქალაქში გაზზე მომუშავე ტრანსპორტის შემოყვანა და არა, მაგალითად, ჰიბრიდული ძრავის მქონე ტრანსპორტის ან ელექტროავტობუსების. „ეკო ტრანსპორტ ცენტრმა“ დედაქალაქის მერიისგან მსგავსი დოკუმენტი ვერ მიიღო. ვასო ურუშაძის თქმით, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსები აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს, მაგრამ ის საკითხს ხანგრძლივ პერსპექტივაში განიხილავს და ხედავს, მისი თქმით, ერთ პრობლემას:

ვასო ურუშაძე

„რადგან საქმე გვაქვს ფეთქებადსაშიშ ნივთიერებასთან, რომელიც იმყოფება შეკუმშულ მდგომარეობაში, მას სჭირდება განსაკუთრებული ტექნიკური შემოწმება. საქართველოში ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივ აირზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო დათვალიერება და ასევე სპეციალურად აღჭურვილი ლაბორატორიები და ა.შ. და კითხვის ნიშანს აჩენს ის, რომ შემდგომ ექსპლუატაციაში რანაირად იქნება დაცული უსაფრთხოების სტანდარტები, ანუ შემოწმება აირბალონიანი სისტემის მქონე ავტობუსების.“

დედაქალაქის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ახალი ავტობუსების უსაფრთხოებასა და მათი ტექნიკური შემოწმების გზებსა და შესაძლებლობებზე. მისი განმარტებით, გამარჯვებულ კომპანიას აქვს ვალდებულება საქართველოში ჰყავდეს ავტორიზებული წარმომადგენელი, რომელიც განახორციელებს ავტობუსების სერვისსა და საგარანტიო მომსახურებას:

ირაკლი ლექვინაძე

„საგარანტიო მომსახურება ორი წლის განმავლობაში განხორციელდება ყოველგვარი დანახარჯის გარეშე. „თეგეტა მოტორსია“ Man-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელსაც, რა თქმა უნდა, აქვს Man-ის ტექნოლოგიები და ყველა ტექნიკური საშუალება იმისა, რომ ავტობუსების გამართული მოძრაობა უზრუნველყოს საგარანტიო პერიოდშიც და მის შემდგომ პერიოდშიც. ეს ტენდერის ერთ-ერთი პირობა იყო, რომ ავტორიზებული ადგილობრივი კომპანია ყოფილიყო პარტნიორი გამარჯვებული კომპანიისა.“

უსაფრთხოების თვალსაზრისით, ახალ ავტობუსებთან კითხვის ნიშნები არ აქვს გელა კვაშილავას, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ხელმძღვანელს. მისი თქმით, ავტობუსების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის მიერ შექმნილი ტრანსპორტი ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. მისი თქმით, ახალი ავტობუსები იქნება სრულიად უსაფრთხო, კომფორტული და, ჰაერის დაბინძურების მხრივ, ქალაქისთვის იქნება დიდი შეღავათი:

„სტატისტიკაც იყო გამოთხოვილი ამ კომპანიიდან და ძალიან მინიმალურია პრობლემები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. სანამ გამარჯვებული კომპანია გამოვლინდებოდა, ყველანაირი დეტალი იქნა შესწავლილი.“

ლექვინაძის განმარტებით, არსებული სამარშრუტო სქემის პირობებში, იმისათვის, რომ დედაქალაქის მგზავრებმა კომფორტულად იმგზავრონ ტრანსპორტით, 650-დან 750-მდე ავტობუსია საჭირო. დღესდღეობით ქალაქში ყოველდღიურად 520 ავტობუსი მოძრაობს. ვიცე-მერის თქმით, მას შემდეგ, რაც ქალაქში დამატებით 143 ავტობუსი გაჩნდება, მდგომარეობა დიდწილად გაუმჯობესდება. რაც შეეხება ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებას ახალი ავტობუსებით, ლექვინაძის თქმით, ეს მოხდება თანდათანობით ოთხი წლის განმავლობაში, ავტოპარკის განახლების ოთხწლიანი გეგმის შესაბამისად.