რასაც უნდა ამბობდნენ პოლიტიკოსები - თითქოს მათი ქვეყნების მოსახლეობა უარყოფითად ეკიდებოდეს მიგრანტების მიღებას, სინამდვილეში, მსოფლიოში ბევრგან ხალხის დიდი ნაწილი მზად არის და სურს კიდეც დაეხმაროს ლტოლვილებს, მიიღოს ისინი თავის ქვეყანაში, ქალაქში, სამეზობლოში, შინაც კი... ეს ცხადყო გამოკვლევამ, რომელიც ავტორიტეტიან უფლებადამცველ ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლის“ დაკვეთით ჩატარდა 27 ქვეყანაში და რომლის საფუძველზეც „ამნესტიმ“ გამოაქვეყნა „ლტოლვილებისადმი კეთილგანწყობის ინდექსი“. გამოკვლეულ 27 ქვეყანაში არ შედის საქართველო.
კეთილგანწყობის ინდექსით, ევროპაში გამოკითხულებს შორის ლტოლვილებისადმი ყველაზე დადებითი დამოკიდებულება აქვთ ესპანელებსა და გერმანელებს, ყველაზე უარყოფითი - რუსებს. ბუნებრივია, ლტოლვილების მიღებისადმი დადებითი დამოკიდებულების გამოთქმა არ ნიშნავს საკუთარ ბინაში მათი მიღებისათვის მზადყოფნას, მაგრამ გამოკვლევის შედეგები ააშკარავებს კონტრასტს მიგრანტებზე მთავრობების, როგორც „ამნესტი ინტერნეშნლი“ ამბობს, „არაჰუმანურ რეაქციასა“ და რიგითი მოქალაქეების კეთილგანწყობას შორის. და ეს მაშინ, როცა მთავრობები სწორედ მოქალაქეების განწყობას ასახელებენ ხოლმე არგუმენტად, როცა უარს ამბობენ მიგრანტების მიღებაზე.
„სულ გვესმის ამ უარყოფით დამოკიდებულებაზე ლტოლვილების მიმართ და მთავრობებზე, რომლებიც ცდილობენ ლტოლვილებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოებრივი აზრით გაამართლონ. არადა, სინამდვილეში, ეს გამოკვლევა აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი აზრი ლტოლვილების მიღების მხარდაჭერას გამოხატავს! მართლა გასაოცარია, რამდენი ადამიანი გამოეხმაურა ლტოლვილთა კრიზისს. და მათგან ბევრმა თქვა, რომ შინ მიიღებდა ლტოლვილებს“, - ამბობს „ამნესტი ინტერნეშნლის“ დირექტორის მოადგილე მარეკ მარჩინსკი, რომელსაც ლონდონში დაურეკა ჩვენმა კორესპონდენტმა, ეუგენ ტომიუკმა.
შარშან, როგორც ცნობილია, მილიონზე მეტი მიგრანტი, მათ შორის, სირიიდან, ავღანეთიდან და ერაყიდან ლტოლვილები ჩავიდნენ ევროპაში, უმეტესწილად, გერმანიაში, თავშესაფრის მიღების იმედით. როგორია მათ მიმართ და მსოფლიოს სხვა რეგიონებში ლტოლვილების მიმართ დამოკიდებულება? ამის გასარკვევად ჩატარდა, „ამნესტი ინტერნეშნლის“ დაკვეთით, 27 ათასი ადამიანის გამოკითხვა 27 ქვეყანაში - გამოკითხვა, ზოგ შემთხვევაში, ბევრისათვის მოულოდნელი შედეგებით.
გამოკვლევის შედეგები ძალიან გულდასაწყვეტია - შოკისმომგვრელი თუ არა! მაგრამ მათ მთლად მოულოდნელს ვერ ვუწოდებდი. აქ რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს: დიახ, რუსეთში დიდი რაოდენობით მიგრანტები ცხოვრობენ - ხშირ შემთხვევაში, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან...დენის კრივოშევი
ქვეყანა, მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობით, ჩინეთი, აღმოჩნდა ლტოლვილების მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყანა. გამოკითხულების თითქმის ნახევარმა თქვა, რომ საკუთარ სახლშიც კი მიიღებდა ლტოლვილებს. ჩინეთს მოჰყვება დიდი ბრიტანეთი, სადაც გამოკითხულების 29 % არის მზად ლტოლვილების საკუთარ სახლში დასაბინავებლად.
კეთილგანწყობის მაღალი მაჩვენებელი აქვს გერმანიასაც: გამოკითხულების ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი, 56 %, ამბობს, რომ მიესალმება მეზობლად ლტოლვილების დაბინავებას, თუმცა მარტო 10 % არის მზად მათ შინ მისაღებად. მარეკ მარჩინსკის აზრით, გამოკვლევის ეს შედეგები აჩვენებს, რომ ბევრი მთავრობა ხელმძღვანელობს ინფორმაციით, რომელიც არ შეესაბამება რეალობას: „როცა ამბობენ, მოსახლეობას ლტოლვილების მიღება არ უნდაო, საიდან იციან ეს? ჩვენ იმიტომ ვიცით, რომ ხალხს ვეკითხებით. ახლა დროა, პოლიტიკოსებმა დაიწყონ ხალხის გამოკითხვა, მართლა რას ფიქრობენ ამ საკითხზე. მათ იგივე დავალება რომ შეესრულებინათ, რაც ჩვენ, შეიტყობდნენ, სინამდვილეში რას ფიქრობენ ადამიანები და რა სურთ, რომ მოხდეს. გზავნილი, რომელიც ამ გამოკვლევიდან მოდის, არის ის, რომ მსოფლიოში სოლიდარობა არსებობს!“
თუმცა ზოგი ქვეყანა სოლიდარობით, რომ იტყვიან, ვერ დაიკვეხნის. რუსეთში გამოკითხულების 61 %-მა თქვა, რომ არ შეუშვებდა ლტოლვილებს ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის ლტოლვილებისადმი ყველაზე ნაკლები კეთილგანწყობის მაჩვენებელი, რომელიც გამოკვლევამ აჩვენა.
„ამნესტი ინტერნეშნლის“ დირექტორის მოადგილე დენის კრივოშეევი დიდად არ გაუოცებია ასეთ შედეგს: „გამოკვლევის შედეგები ძალიან გულდასაწყვეტია - შოკისმომგვრელი თუ არა! მაგრამ მათ მთლად მოულოდნელს ვერ ვუწოდებდი. აქ რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს: დიახ, რუსეთში დიდი რაოდენობით მიგრანტები ცხოვრობენ - ხშირ შემთხვევაში, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან და, ამდენად, არც მთლად უცხო ამ ქვეყნისათვის. როცა საქმე ლტოლვილებს ეხება, ადამიანებს კონფლიქტის ზონებიდან, მათდამი დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია. ზოგადად, ხშირ შემთხვევაში, უარყოფითია მიგრანტების მიმართ, მაგრამ განსაკუთრებით მტრულია ლტოლვილებისადმი და ეს არის, რაც გამოკვლევამ აჩვენა“.
მიზეზებზე საუბრისას დენის კრივოშეევი განმარტავს: „ამას რამდენიმე რამ განაპირობებს. ჯერ ერთი, როგორც ვიცით პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკვლევებიდან, ზოგადად, რუსეთში ძალიან ძლიერია რასიზმი და ქსენოფობია და, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, კიდევ უფრო ძლიერდება, ხოლო მთავრობა არ რეაგირებს ასეთ დამოკიდებულებაზე“.
სამაგიეროდ, მოსკოვი დიდ ყურადღებას უთმობს ევროპაში მასობრივი მიგრაციით გამოწვეულ პრობლემას და მას პროპაგანდისათვის იყენებს.
„სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მედია, რომლისგანაც მოსახლეობა ახლა ინფორმაციის ლომის წილს იღებს, ერთ-ერთ დიდ თემად გამუდმებით აშუქებს მიგრანტთა კრიზისს ევროპაში. კრიზისი ასეა წარმოსახული: შეხედეთ, რა პრობლემები მოგელით, თუ დასავლეთის ღირებულებებით იცხოვრებთო! და საერთოდ, მედია მიგრანტების კრიზისს წარმოსახავს, როგორც ერთგვარ დასტურს, რომ დასავლეთი გახრწნის გზას ადგას“, ამბობს დენის კრივოშეევი.
ლტოლვილებისადმი კეთილგანწყობის ინდექსის გამოქვეყნება სულ რამდენიმე დღით უსწრებს მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტს, რომელიც 23-24 მაისს სტამბოლში გაიმართება. „ამნესტი ინტერნეშნლი“ შეკრების მონაწილეებს მოუწოდებს დათანხმდნენ გაეროს წინადადებას - გაინაწილონ ლტოლვილების მიღებისა და დახმარების პასუხისმგებლობა.