ალექსანდროვის სახელობის რუსეთის (წინათ კი საბჭოთა) არმიის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს კარგად იცნობენ არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მაგრამ ბოლო ხანს ამ ანსამბლის შესახებ გამოქვეყნებული საგაზეთო სტატიები თუ სატელევიზიო სიუჟეტები ნაკლებად უკავშირდება მისი წევრების სასიმღერო ან საცეკვაო ხელოვნებას − თუ ამ დღეებში უცხოეთის მედიაში „ალექსანდროველების“ ხსენებას წააწყდით, დარწმუნებული იყავით, რომ საქმე ან მათ კონცერტთან დაკავშირებულ საპროტესტო გამოსვლას ეხება, ან სულაც ამ სახელმოხვეჭილი ანსამბლის კონცერტის ჩაშლას.
პარასკევს, 23 ოქტომბერს, ჩრდილო-აღმოსავლეთ ლიტვის პატარა ქალაქ ვისაგინასში უნდა ჩატარებულიყო ალექსანდროვის სახელობის ორგზის წითელი დროშის ორდენოსანი რუსეთის არმიის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი (ასეთია ამ ანსამბლის ოფიციალური და სრული სახელწოდება). მაგრამ კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე იმ საკონცერტო დარბაზის დირექტორმა, სადაც ალექსანდროველების გამოსვლა იგეგმებოდა, საზოგადოებას ამცნო, რომ კონცერტი არ ჩატარდებოდა. მიზეზად დანუტე მორკუნიენემ მომღერალთა გუნდის პროგრამაში არსებული „იდეოლოგიური კონოტაციები“ დაასახელა, შემდეგ კი დასძინა: „ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა არმიის მიმართ დამოკიდებულება განსხვავებულია, ეს ანსამბლი კი საბჭოთა პერიოდის უშუალო მემკვიდრეა.“
Your browser doesn’t support HTML5
ამ ერთი კვირის წინ ალექსანდროველები პრაღას სტუმრობდნენ და, მართალია, კონცერტის გამართვა მოახერხეს, მაგრამ მათს გამოსვლას ახლდა საპროტესტო აქცია დარბაზის მისადგომებთან და მაყურებელთა მცირერიცხოვანი ჯგუფის კრიტიკული შეძახილები თვით კონცერტის მსვლელობისას. დარბაზშიც და მის გარეთაც ჩეხი უფლებადამცველები აფრიალებდნენ უკრაინის, ევროკავშირისა და ნატოს დროშებს და აღმართული ჰქონდათ უკრაინაში რუსეთის მოქმედების დამგმობი ტრანსპარანტები. საინტერესოა, რომ პრაღის კონცერტი ჩეხეთის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის პატრონაჟით მოეწყო. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში სწორედ ამ გარემოებას გაუსვა ხაზი საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა თაოსანმა პაველ ჩერნიმ:
„დაუჯერებელია, რომ დღეს, როცა რუსეთს ოკუპირებული აქვს ყირიმი, აღვივებს ომს აღმოსავლეთ უკრაინაში, ჩეხეთის პრეზიდენტი ოფიციალურად უწევს პატრონაჟს ალექსანდროვის სახელობის მუსიკალური ანსამბლის კონცერტს. მათ, ვისაც სჯერა, რომ ეს მხოლოდ ხელოვნებაა, ვურჩევ, კარგად მოუსმინონ სიმღერას, სადაც საუბარია ეგრეთ წოდებულ მწვანე კაცებზე, რომლებმაც ყირიმი დაიპყრეს. არა, ეს ხელოვნება არ არის, ეს რუსული პროპაგანდაა, რუსეთის პროპაგანდისტული ომის ნაწილია.“
ალექსანდროველთა ანსამბლის ის სიმღერა, რომელიც პაველ ჩერნიმ ახსენა, ხოტბას ასხამს ეგრეთ წოდებულ „ზრდილობიან კაცებს“, ან „მწვანე კაცებს“, რომლებმაც 2014 წლის მარტში თავი გამოიჩინეს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს. ეს სიმღერა ალექსანდროველებმა თავიანთ რეპერტუარში შარშან შეიტანეს. „ყველაფერი კარგად იქნება, წინაპართა გამარჯვებები წინსვლისკენ მოგვიწოდებენ, იხარე, ქვეყანავ, ზრდილობიანი კაცები კი სამშობლოს ღირსებასა და დიდებას შეუნარჩუნებენო“ - ასეთი მისამღერი აქვს ამ პოეტურ-მუსიკალურ „შედევრს“.
წლის დასასრულამდე რუსეთის არმიის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს კიდევ არაერთი კონცერტი აქვს დაგეგმილი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის პოლონეთში, ლატვიაში, ესტონეთში, ლიტვაში.
დიდი გულთმისნობა არ არის საჭირო იმის გამოსაცნობად, რომ ეს კონცერტებიც საპროტესტო აქციების თანხლებით გაიმართება. პოლონელმა აქტივისტებმა უკვე გამოაცხადეს კიდეც, რომ ყოველ ღონეს იხმარენ, რათა ჩაშალონ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მეხოტბე ანსამბლის კონცერტები.