ლინა ღვინიანიძე შრომის უსაფრთხოებაზე

Your browser doesn’t support HTML5

12 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლინა ღვინიანიძე, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი. მან ილაპარაკა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის განხილვის გაჭიანურებაზე. ლინა ღვინიანიძე თვლის, რომ ხელისუფლებას არ აქვს პოლიტიკური ნება შეცვალოს შრომის პოლიტიკა, რომლის ყველაზე მძიმე ნაწილი მაინც არის შრომის უსაფრთხოების საკითხები. არსებულ კანონპროექტში დავიწროებულია მისი მოქმედების სივრცე, რომელიც ამგვარად არის განმარტებული: "ეს კანონი ვრცელდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე. ამ კანონის მიზნებისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე და მავნეპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა". ლინა ღვინიანიძე ხაზს უსვამს კანონის გავრცელების სივრცის შეზღუდვას. ამასთან, "დილის საუბრების" სტუმარი შენიშნავს პროგრესს ზოგადად - საზოგადოების მიერ შრომის უსაფრთხოების საკითხის აქტუალურობის აღქმაში. სხვა საქმეა, რომ ამ საკითხზე დიალოგი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის არის გაჭიანურებული და გართულებული. ლინა ღვინიანიძე ხელისუფლებას სთავაზობს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში ჩაიდოს მუხლი, რომელშიც ჩაიწერება კონკრეტული თარიღი (მაგალითად, 2019 წლის 1 იანვარი), რომლის დადგომისთანავე კანონის რეგულაციები მოიცავს დასაქმების ყველა სფეროს. გადაცემის სტუმარი აგრეთვე შენიშნავს, რომ შრომის ინსპექციას უნდა ჰქონდეს აბსოლუტური, პირდაპირი დაშვება სამუშაო ადგილზე. კიდევ ერთი პრობლემაა სანქცირების საკითხი, რაც დღეს საერთოდ არ არსებობს, თუმცა, კანონპროექტში მოცემული დაჯარიმების სისტემა სუსტია და თანხის ოდენობებიდან გამომდინარე, ვერ შეცვლის ვითარებას.