აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ლიდერობს რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი.
წინასწარი მონაცემებით, ტრამპს აქვს საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად საჭირო 270-დან 266 ხმა, ხოლო დემოკრატ ჰილარი კლინტონს - 218. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგს განსაზღვრავს შტატების მიხედვით განაწილებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგია.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ორი მთავარი კანდიდატის გარდა, მონაწილეობს სულ მცირე 24 კანდიდატი. მათგან მხოლოდ ერთის, ლიბერტარიანული პარტიის წარმომადგენლის, გარი ჯონსონის გვარი ჩაიწერა ყველა შტატის ბიულეტენებში. მის გარდა პრეზიდენტობის კანდიდატები არიან ჯილ სტაინი მწვანეთა პარტიიდან და დამოუკიდებელი კანდიდატი, ევან მაკმალინი. არჩეული პრეზიდენტი ფიცს დადებს გაისად, 20 იანვარს და შეცვლის ბარაკ ობამას, აშშ-ის პირველ შავკანიან პრეზიდენტს.