თეონა აქუბარდია - უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი

26 ოქტომბერი, კვირა

კვირა შედარებით მშვიდი დღეა ჩემთვის. დილას წვიმის ხმამ გამაღვიძა, რამაც ერთგვარი სიმყუდროვე შესძინა შემოდგომის უქმე დილას. სხვენში ვცხოვრობ, ამიტომ წვიმის ხმა ისე ისმის, როგორც სოფლის თუნუქგადახურულ სახლში. გადავწყვიტე, ეს დღე შვილებთან სახლში გამეტარებინა. დილის პოლიტიკური სიახლეები ვნახე ფეისბუკზე, შემდეგ, ნენესთან თამაშში გული რომ ვიჯერე, გუშინ შეძენილი წიგნი წავიკითხე. საღამოს იას დავურეკე, მამალაძეს, მეგობარსა და მეზობელს, მოსაკითხად. საჯარო სექტორში გადასვლამდე ერთად ვმუშაობდით, მუშაობა იქით იყოს და ხშირად ვახერხებდი ნახვას, ახლა კი ვცდილობ, ტელეფონით მაინც მოვიკითხო ხოლმე. გადმოდი, გია ცოტა დალევას აპირებსო, მითხრა იამ, და მე და ნენეც გადავედით. ნენე, მიუხედვად იმისა რომ ექვსი წლისაა, ია კი ბევრად მეტის, თავს მის მეგობრად თვლის და ყოველთვის სიხარულით მომყვება ხოლმე მასთან; ნახატებიც კი მიაქვს შესაფასებლად.

მიყვარს ეს ოჯახი. ალალი და უღალატო ხალხია, საკუთარ საქმეზე და ქვეყანაზე შეყვარებული ხალხი. დრო რომ არ აფუჭებს, ისეთი. მიმოვიხილეთ საქვეყნო ამბები, გვეშველება რამეო, იკითხა გიამ, როგორც იცის ხოლმე, და ქვეყნის სადღეგრძელო ასე ჩაფიქრებულმა დალია.

Your browser doesn’t support HTML5

თავისუფლების დღიურები - თეონა აქუბარდია

27 ოქტომბერი, ორშაბათი

მთელი კვირა ველოდებოდი ორშაბათს. ირინა ჩამოვიდა იაპონიიდან. ხვალ უშიშროების საბჭოს სხდომაა, საქმე ბლომადაა. მთელი კვირაა, მედიაში განიხილება ერთადერთი საკითხი: დაესწრება თუ არა პრემიერი სხდომას. ამ საკითხმა გადაფარა თავად საბჭოს სხდომის მოწვევის საკითხი: აფხაზეთში შექმნილი ვითარება და მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების“ პროექტი. მეზობლები, ნაცნობები, თითქმის ყველა მეკითხება, რა ხდება საბჭოს სხდომასთან დაკავშირებითო. ყველას აინტერესებს, რა იქნება. ვიხსენებ აგვისტოს ომის პერიოდს და არ მახსენდება ამხელა მოლოდინი იმჟამინდელი უშიშროების საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით. ბატონ ივლიანე ხაინდრავასთან შევდივარ და პარასკევს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენი შეხვედრისას გამოთქმულ რეკომენდაციებზე ვმსჯელობთ. ვფიქრობ, სასარგებლო შეხვედრა იყო. ასეთი შეხვედრები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან მნიშნელოვანია. ცოტა კიდეც მეხამუშება მათზე მესამე პირში ლაპარაკი, მეც ხომ ცხრა წელი ამ სექტორში ვიყავი და ჯერ კიდევ მიჭირს ამ სექტორიდან ჩემი განცალკევება, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს კარგიცაა. ამ წლების მანძილზე, გარდა კონკრეტული გამოცდილებისა, ვისწავლე კრიტიკულად აზროვნება, გამოსავლის ძიება გამოუვალ ვითარებებში, ალტერნატიული აზრის მოსმენა და შეფასება, ბევრ განსხვავებულ ხალხთან ურთიერთობა და მათი აზრის პატივისცემა, მიუხედავად განსხვავებებისა.

შუადღისას პრეზიდენტთან მივდივართ. ვსაუბრობთ აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე, არასამთავრობოების მოსაზრებებს ვუზიარებთ მე და ბატონი ივლიანე პრეზიდენტს. დილას კობამ დამირეკა, ბენდელიანმა, საინტერესო ინტერვიუა ჩვენთან საბჭოს სხდომის თემაზე და ნახეო. მესმის, თუ რამხელა მოლოდინია საბჭოს სხდომის მიმართ და რაოდენ სურს ხალხს, რომ სხდომა შედეგიანი იყოს.

საღამოს ექვსისკენ სააგენტოებში საბჭოს აპარატიდან დაიგზავნა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა და პრემიერმა კონსულტაციები გამართეს საბჭოს სხდომის საკითხზე და რომ სხდომა გაიმართება პრეზიდენტის სასახლის ადმინისტრაციულ კორპუსში. ინფორმაციამ გასცა პასუხი მთელი კვირის მანძილზე არსებულ კითხვას: დაესწრება თუ არა სხდომას პრემიერი. ტელეფონზე რამდენიმე ზარია, ყველა მეკითხება, მართალია თუ არა ეს ამბავი, ვერ დაუჯერებიათ.

სახლში გვიან დავბრუნდი. ნენეს უკვე ეძინა. ფეისბუკს გადავავლე თვალი და დავიძინე.

28 ოქტომბერი, სამშაბათი

სამსახურში გავრბივარ, გვანცას ყავის გაკეთებას ვთხოვ და შემოსულ ფოსტას ვკითხულობ. საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდზე რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის განცხადება გამოქვეყნდა. საინტერესოდ მეჩვენება ქვეყნის წინაშე მდგარი იმ ამოცანების ნუსხა, რომელთა გადაჭრას კოალიციის მიერ პარტია მნიშვნელოვნად მიიჩნევს საპარლამენტო არჩევნებამდე. განსაკუთრებით ვინტერესდები ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფის საკითხზე წარმოდგენილი ხედვით. ნატოს მიერ მონიჭებული არსებითი პაკეტის დროული განხორციელება და ქვეყნის უშიშროებასა და საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების კოორდინირებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, თანამდებობის პირებს შორის ამ საკითხებზე საჯარო ურთიერთბრალდებების პრაქტიკის აღმოფხვრა − ვკითხულობ ტექსტში და კვლავ უშიშროების საბჭოს სხდომის საორგანიზაციო თემებს ვუბრუნდები. შუადღისკენ ირინას მივყვები ადმინისტრაციაში. სხდომის ოთახის მზადება დასრულებულია.

სამსაათიანის საინფორმაციო გამოშვებას ვახვევ. თავდაცვის სამინისტროში კორუფციის ბრალდებით ხუთი მაღალჩინოსანი დაუკავებიათ. საქმე ადევს გრიფი „საიდუმლო“. შესაძლო ზიანი სოლიდურია. არასამთავრობო ორგანიზაციაში ყოფნისას, ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების თვითშეფასების ექსპერტებს რამდენიმეჯერ შევხდი თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობის საკითხებზე სალაპარაკოდ. ჩართული ვიყავი სამინისტროსთან მოქმედი არსამთავრობოების სამუშაო ჯგუფშიც, რომელიც ამავე საკითხზე მუშაობდა. ვფიქრობ იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ფაქტი ქვეყნის უსაფრთხოებასა და ნატოსთან ინტეგრაციის პროცესზე. მთავარია გამოძიება სწრაფად წარიმართოს და ყველაფერი დროულად გაირკვეს.

საღამოს 6 საათზე უშიშროების საბჭოს სხდომა დაიწყო. რამდენადაც მოლოდინის რეჟიმში ვარ, სხდომის დასრულებამდე აკიასთან ავდივარ, ბარბაქაძესთან. ყავა დავლიეთ, ვისაუბრეთ, ამასობაში სხდომა დასრულდა. მცირე ხნით გავჩერდი ადმინისტრაციაში, გვაინტერესებს ამბები.

უკვე სახლის ლიფტში ვარ, ოქროპირ რუხაძე მირეკავს, ჩართვა მაქვს რადიო თავისუფლებაზე საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით. მოკლედ ვუყვები, რაც ითქვა სხდომის შემდგომ, შეფასებების გარეშე და პრეზიდენტის გამოსვლას ვახვევ „რუსთავზე“. ეთერი წარმატებული გამოვიდა. დღემ არც თუ ისე უინტერესოდ ჩაიარა, შეიძლება ითქვას. საღამოს ანანოსთან საუბრით ვასრულებ.

29 ოქტომბერი, ოთხშაბათი

8:30-ზე გამეღვიძა. დავაგვიანე, გოგოები გავაღვიძე და სასწრაფო წესით სკოლაში დავტოვე. სამსახურში ხათუნა უკვე მელოდებოდა სარეკომენდაციო წერილისთვის. სასწავლად უნდა წასვლა საზღვარგარეთ. სანამ შვილს გავაჩენდი, მახსოვს, როგორ მინდოდა საზღვარგარეთ სწავლა. მაშინ არ გამოვიდა.

შუადღისას მე და ლაშას შეხვედრა გვქონდა დიდი ბრიტანეთის ბრიგადის გენერალთან. ვისაუბრეთ სამხედრო სარეზერვო სისტემის მოწყობაზე. გამახსენდა ჩვენი რეზერვის მთელი ისტორია: 2006 წლის „წამო რეზერვში, მაგარია!“; აგვისტოს ომის რეზერვისტები; ომისშემდგომი ასიათასიანი რეზერვი და ტერიტორიულ რეზერვში მყოფი მოხალისე 72 წლის მოხუცი, რომელიც ხუთდღიან რეზერვში მიდიოდა. ძალიან მომინდა, რომ ეს ისტორია, სავსე შეცდომებით, გაუაზრებელი პოლიტიკითა თუ პოლიტიკოსებით, დასრულდეს ისე, რომ ათი წლის შემდეგ ქვეყანას ჰქონდეს ქვეყნის საფრთხეებზე, საჭიროებებზე და რესურსებზე ორიენტირებული ძლიერი, გამართული სამხედრო სარეზერვო სისტემა; ჰყავდეს ძლიერი ჯარი და არ ჰქონდეს ის ეგზისტენციალური საფრთხეები, ახლა რომ აქვს. მოკლედ, ნატოს წევრობა მინდა.

შუადღისას მეგობარს შევხდი ლანჩზე. ის ამას ხმიადის ჭამას ეძახის. ვსაუბრობთ რუსეთზე, აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსიის პროცესზე, საფრთხეებზე, ცოტას − პირადზე. მიუხედავად მძიმე თემებისა, მაინც კმაყოფილი ვბრუნდები სამსახურში. შემოსულ წერილებს ვეცნობი. მომავალ კვირას რამდენიმე სემინარია, ვანაწილებთ, ვინ რომელს დაესწრება. საღამოს თურქეთის საელჩოში, მიღებაზე გავრბივარ. კვლავ საუბრები. სახლში ცხრისთვის ვბრუნდები.

მამა ამოვიდა, სამეგრელოს თაფლი ამომიტანა. ჩემი ძმა შემოგვიერთდა. ჩაი დავლიეთ, ბათუმის ამბებს მომიყვა, ველოსიპედის თემის გარეშე არ ჩაუვლია, რა თქმა უნდა, ბათუმში გატარებული ვიკენდის ამბავს. მამას უყვარს ველოსიპედით სეირნობა, მიყვარს მეც, ჩემს დასაც. ეს გარკვეულწილად ჰობია, რომელიც ბედნიერებას გვანიჭებს. რახანია, ასე არ ვმსხდარვართ სახლში და ჩაი არ დაგვილევია ერთად. ვსაუბრობთ საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. დავესესხები აქუს უკვე ლეგენდარულ ფრაზას, როცა ჩვენს ყოფაზე საუბრობს: დანიიის სამეფოში ყველაფერი რიგზე არ არის.

ანანო სახლში დათქმულ დროზე გვიან მოვიდა. კარებში გაბრაზებული დავხვდი, ჩამეხუტა, მაპატიეო და ისე ვეღარ გამოვხატე ბრაზი, როგორც მინდოდა. იცის, ჩემზე ზემოქმედება როგორ მოახდინოს.

30 ოქტომბერი, ხუთშაბათი

დილის რუტინა მოვამთავრე. გზად ჩემს მძღოლს, ზურას ვესაუბრები ყოფით თემებზე. კარგი ადამიანია და გზაში ხშირად ვსაუბრობთ. შემდეგ თანამშრომლებთან გავდივარ, აქაც მიმდინარე ამბებს მიმოვიხილავთ. ორ საათზე ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებულ დისკუსიაზე მივდივართ მე და ბატონი ივლიანე. თემა უაღრესად აქტუალურია: „შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული კონტექსტის შემუშავება“. ბატონი ივლიანეს გამოსვლაში ბევრი კითხვაა. პასუხები არ ჩანს.

გუშინ სტუდენტმა დამირეკა, უშიშროების საბჭოს სხდომის მოდელირებას ვგეგმავთო და შეხვედრა მთხოვა. რა თქმა უნდა, შევხდი. ერთგვარად გამიკვირდა და გამახარა ახალგაზრდების ინტერესმა ამ ინსტიტუტისადმი. მოკლედ ვუყვები უშიშროების საბჭოს ამოცანებს, საკანონმდებლო ცვლილებების არსს, ინტერესით მისმენს და ვთანხმდებით, რომ აპარატის თანამშრომელი ამ თემაზე დამატებით ლექციას წაუკითხავს მის ჯგუფს. მაინტერესებს, როგორ დაასრულებენ ისინი „საბჭოს“ სხდომას და რა შედეგს დადებენ.

31 ოქტომბერი, პარასკევი

დილის სამზადისი. ნენეს სკოლაში ვტოვებ და სამსახურში გავრბივარ. დღეს ბებიაჩემის დაბადების დღეა. 83 წლის გახდა. ბებიას სამი შვილი, ათი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი ჰყავს. ტელეფონით ვულოცავ და პატიებას ვთხოვ, რადგან ვერ ვახერხებ საღამოს მისვლას. გუშინ გამოქვეყნდა რუსეთთან ხელშეკრულების აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში მომზადებული ვერსიის პროექტი. გვიანობამდე ვკითხულობ, ვცდილობ ამოვიკითხო განსხვავებები და რუსული პროექტის დებულებების ძირითადი მიუღებლობები. არსი უცვლელია, თუმცა საინტერესოა თავისთავად, რა არის მეტნაკლებად მისაღები ფორმულირება მათთვის. წარმოშობით გალიდან ვარ, ბავშვობაში ბებიას დავყავდი ხოლმე გალში, მაგრამ სოხუმი არ მახსოვს. იმედს არ ვკარგავ, რომ დადგება დრო, როცა ჩავალ აფხაზეთში და მოვინახულებ საქართველოს ამ ულამაზეს მხარეს. ვეცნობი შეფასებით პუბლიკაციებს ინტერნეტში ამ თემაზე. ფეისბუკით ვუზიარებ ორ მეგობარს ჩემს შეხედულებებს ამ საკითხზე და ვეცნობი მათსას.

ბატონ ივლიანესთან შევდივარ ენერგიული ნაბიჯებით. როგორც ყოველთვის, ის კომპიუტერთან ზის და კითხულობს. ვცდილობ, დაველაპარაკო, ვხედავ, დაკავებულია. ვამჯობინე, უკეთესი დროის მონახვა სასაუბროდ და თანამშრომლების აზრით ვინტერესდები. ამასობაში, ბატონი ივლიანე შემოგვიერთდა, გავცვალეთ მოსაზრებები. შეხვედრაზე გავრბივარ ჩეხეთის საელჩოში.

12 საათზე პრეზიდენტის საგანგებო ბრიფინგია დაანონსებული. ვეტოს მოლოდინშია სამოქალაქო სექტორი, მედია და, მათ შორის, მეც. წინა ხელისუფლების დრო მახსენდება, როცა პოლიტიკოსს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს, მეპურეს თუ მუშას, ყველას სჯეროდა, რომ უსმენდნენ. უსმენდნენ ტელეფონზე, ამბობდნენ, რომ უყურებდნენ სახლებში „სილქტივისა“ თუ „კავკასუსტივის“ მეშვეობით. შემდეგ ყველა ამ ხალხმა არჩევნების გზით უარი უთხრა მოქმედ მმართველ პარტიას და ხმა მისცა იმ ძალას, ვინც ჰპირდებოდა უკანონობის აღკვეთას ქვეყანაში. შემდეგ იყო კამპანია „ეს შენ გეხება − ისევ გვისმენენ“, ამ თემაზე პარლამენტში მიმდინარე კანონშემოქმედებითი პროცესი, განსხვავებული პოზიციები ქვეყნის უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა უფლებებისადმი და კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საკითხის გარკვეული დროით გადავადებას.

პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო. შევეცადე, წარმომედგინა, იყო თუ არა შესაძლებელი აქამდე ასეთი რამ. ვერაფერით დავუშვი და გამეხარდა. დემოკრატია ვითარდება, ეს უმთავრესია. შევდივარ ფეისბუკში. ახლა იქ ეს მთავარი თემაა. მთავარი კი ისაა, რომ პრეზიდენტისა და საზოგადოების განწყობების თანხვედრა მოხდა ამ საკითხში.

საღამოს მე და ნენე ქალაქგარეთ გავდივართ. მიყვარს უქმეებზე ბუნებაში გასვლა. ნენესაც უყვარს. აი, ანანოს კი უკვე თავისი სამეგობრო წრე და გარემო ურჩევნია. ჰოდა, სანამ ნენეს ჩემთან ერთად სეირნობა უყვარს, დავდივართ კიდეც. ოქტომბრის ბოლო დღეა. სულ მალე ფოთოლცვენაც დასრულდება და შემოდგომის სრულ ხიბლს ვეღარ ვიხილავ. ნენეს ხატვა უყვარს. მე ვუჩვენებ ფოთოლთა ფერებს და ვთხოვ, ეს ფერები დახატოს. ისიც მისმენს და მეუბნება, რომ წითელი ფერი განსაკუთრებით მოსწონს შემოდგომაში.

გზად უჯარმა და თელავი გამოვიარეთ. ერეკლე მეფის და გეორგიევსკის ტრაქტატის ისტორია მოვუყევი ნენეს, 1801 წლის ანექსიის ამბავიც. შემდგომი ამბები იცის. როცა პირველად გაიგო რუსული ოკუპაციის შესახებ, რუკაზე რუსეთის ჩვენება მთხოვა, შემდეგ საქართველოს და გაიკვირვა, რაში სჭირდება ჩვენი პატარა მიწები რუსეთს, როცა თავად ამდენი აქვსო. სამწუხაროა, რომ ასეთ კითხვები დიდებსაც უჩნდებათ.

1 ნოემბერი, შაბათი

დილას ადრე გამეღვიძა. სანამ ნენე გაიღვიძებს, დღიურები უნდა დავამთავრო. გამოვდივარ გარეთ ყავის დასალევად. გავყურებ ყვითელ-წითელ ხეებს და ვუსმენ ჩიტების ჭიკჭიკს. ამაზე უკეთეს დილას ვერც ვისურვებდი!

ნენესთან ერთად ვსეირნობ. ნენეს ყველაფერი აინტერესებს და ბლომად კითხვებს მაყრის. ფეისუბუკში შევდივარ. ვეცნობი ირაკლი ალასანიას განცხადებას. საინტერესო კვირა გველოდება, როგორც ჩანს. ჩემს დას ვუგზავნი დღიურს, ვეკითხები აზრს. აი, რადიოში მივალ და მერე ვინახულებ და-ძმას. ხვალ იას და გიას ლისზე ვესტუმრები. არყის გამოხდას აპირებენ. ბუხართან ჩამოვსხდებით და კვლავ მოვყვებით საქვეყნო ამბებს. საღამოს კი მამიდას დაბადების დღეა. შევიკრიბებით, ალბათ, აქუები, ტრადიციულად − შვილებით, შვილიშვილებით. მიყვარს ოჯახური შეკრებები...