თამარ ამაშუკელი - ხელოვნებათმცოდნე

21 ოქტომბერი, კვირა
დღეს, კვირაა და რადიო თავისუფლებისთვის დღიურის წერა უნდა დავიწყო. სრულიად უცნაური შეგრძნებაა საჯარო დღიურის წერა. საკვირველია, ვის რაში აინტერესებს ჩემი ცხოვრებისეული რუტინა?! თხუთმეტი წლის განმავლობაში დღიურს მუდმივად ვწერდი, არა ყოველდღე, როგორც ახლა, არამედ ისე, ხანდახან, მომხდარის მნიშვნელობიდან გამომდინარე. ასე რომ, მთელი ტომები მაქვს დღიურების!

მოკლედ, ჩვეულებისამებრ ლოგინს მოვწყდი, ერთი მოზრდილი ჭიქა ყავა მოვიდუღე და ტელევიზორი ჩავრთე. დღეს პირველი სხდომაა პარლამენტში. საინტერესოა, როგორ შეძლებენ ურთიერთობას, ფაქტიურად, მოსისხლე მტრებად ქცეული პოლიტიკოსები? ფრიად საინტერესო პროცესი იწყება. როგორც ჩანს, ბრძოლის ველმა პარლამენტში და, თანაც, ქუთაისში გადაინაცვლა. ჯერჯერობით ყველაფერი მშვიდადაა. მეილი შევამოწმე, ფეისბუკი გადავამოწმე და ახლა ყველაფერს თუ არ გამოვრთავ, მთელ დღეს ამ ელექტროხაფანგებთან გავატარებ.

საგურამოში ვარ წასასვლელი. ჩემი შვილი, პრაქტიკულად, ყოველ შაბათ-კვირას იქ ატარებს. გზად „კარფურში“ შევიარე და მივხვდი, რომ სტრატეგიული შეცდომა დავუშვი - მგონი, მთელი თბილისი იქ დაქროდა ურიკებით! გამაოცა დიდი ზომის წარწერამ კარტოფილის დახლთან: „ერთ კაცზე ათ კილოზე მეტი კარტოფილი არ გაიცემა“. ურიკაც უცნაური შემხვდა, რთულად სამართავი, განსაკუთრებით მოსახვევებში უჭირდა შესვლა. ურიკების საცობშიც მოვხვდი და მთელი საუკუნეც გავატარე სალაროსთან, ჩემი რიგის ლოდინში. მოკლედ, აშკარად ჯოჯოხეთში მოვხვდი!

გზა საგურამომდე ძალიან მიყვარს. ის არც გრძელია და არც მოკლე, ზუსტად იმხელაა რამხელაც უნდა იყოს - საოცნებოდ, საფიქრელად, კარგი მუსიკის მოსასმენად და არდასაღლელად. შემოდგომა უცებ დადგა, ქალაქგარეთ ეს განსაკუთრებით იგრძნობა. გამჭვირვალე ჰაერი და შემოდგომის უცნაური ჭრელი სიჩუმე განტვირთვის საშუალებას იძლევა. ერთადერთი, რაც ამ ყველაფერთან დისონანსშია, ჯერ კიდევ ღია ფანჯრებიდან გადმოღვრილი პარლამენტის სხდომის ტრანსლაციის ხმებია. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ უაღრესად პოლიტიზებული ერი ვართ.

Your browser doesn’t support HTML5

თავისუფლების დღიურები - თამარ ამაშუკელი


22 ოქტომბერი, ორშაბათი
ახლა იოსელიანის „გიორგობისთვე“ გამახსენდა. თან ორშაბათია, თან შემოდგომა.

მე და კატო ვართ სახლში, გაციებულია და სკოლაში არ გავუშვი. მისი სკოლაში არგაშვება ლოგისტიკის უმაღლეს ცოდნას მოითხოვს: უნდა გააფრთხილო მასწავლებელი, ძიძა, მძღოლი, რომელსაც მიჰყავს და მოჰყავს.

ისევ, ჩვეულებისამებრ, ყავა მოვიდუღე. მოკლე და წარმატებული მოლაპარაკების შედეგად გადავნაწილდით: კატოს კომპიუტერი, მე - ტელევიზორი. ისევ „მაესტრო“, ისევ პოლიტიკა და ისევ ინფორმაციის ნიაღვარი. დღიურის წერა რომ დავიწყე, ძველებსაც გადავხედე და, როგორც აღმოვაჩინე, პოლიტიკური აქტიურობა თურმე ბავშვობიდან თან მდევს. ერთ-ერთი პირველი „პოსტია“ 9 აპრილთან დაკავშირებული გმირულ-პატრიოტული ჩანაწერი. ასე რომ, რამდენიც უნდა ვეცადო, არ გამოვა ჩემგან მშვიდი, აპოლიტიკური ადამიანი. არადა, დავიღალე. გაოცებას ვერ ვმალავ, როდესაც ადამიანებისგან ვიგებ, რომ სახლში ტელევიზორი არ აქვთ. მე დღეში სამჯერ მაინც თუ არ ვუყურე საინფორმაციოს, აბა ის დღე რა დღეა?! თუმცა ჩემი ტელევიზორის ყურება მასთან პოლემიკა უფროა, ვიდრე, უბრალოდ, ინფორმაციის მიღება, რაზეც ჩემი მეუღლე მეუბნება, ან შენ ილაპარაკე, ან მოვუსმინოთო.

23 ოქტომბერი, სამშაბათი
ისევ გათენდა. აგერ უკვე ხუთი თვეა, დასრულდა ჩემი ცხოვრების საკმაოდ ხანგრძლივი - ყოველ დილას სამსახურში წასვლის და საღამომდე იქ ყოფნის პერიოდი. ახლა, ძირითადად, სახლში და სახლიდან ვმუშაობ. მართალია, ჩემს ათი წლის შვილს ვერაფრით ვუმტკიცებ, რომ სამსახური მაქვს, რადგან, მისი აზრით, სამსახური არის, დილას რომ ადგები, ქუსლებიან ფეხსაცმელს ჩაიცმევ, გაიპრანჭები და სადმე წახვალ, მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვარ. ახლა იმას ვაკეთებ, რაც ყველაზე მეტად მიყვარს: ვწერ, ვკითხულობ და მერე ისევ ვწერ. არადა, შემოთავაზებები მაქვს; ისეთ სამსახურზე, ჩემს შვილს რომ დააკმაყოფილებს. მაგრამ ძალიან მენანება თავისუფლებისა და საკუთრი თავის ბატონ-პატრონობის გრძნობის დათმობა, რომლის სიმბოლოდ იქცა ერთი ძალიან ფუმფულა, იასამნისფერი პლედი, რომელიც ჩემსა და ჩემს შვილს შორის კონფლიქტის ძირითადი წყაროა: ღამე მას მიაქვს, ამბობს ვერ ვიძინებ უმისოდო, დილას კი ჩემი რიგია. და ვართ ასე, შემოდგომის აზნაურებივით. სასაცილოა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენი ცხოვრება ხომ პატარ-პატარა ახირებებითა და ჩვევებითაა სავსე.

24 ოქტომბერი, ოთხშაბათი
ოთხშაბათიც მოსულა, მე და კატო ისევ სახლში ვართ. დიდი ხანი ვუმზერთ მაცივარს ბანალური კითხვით - რა ვჭამოთ? ნახევარ მაცივარს ბრინჯით სავსე ქვაბი იკავებს, ვერა და ვერ დავხვეწე ბრინჯის მოხარშვის ტექნოლოგია: ყოველთვის იმდენი გამომდის, რომ ოჯახს კი არა, „როტას“ დავანაყრებ! ისე, სასხვათაშორისოდ, კატოს, დილის ბრინჯით დაწყებას ვთავაზობ, რაზეც ცალყბა უარს ვიღებ. საუზმის შერჩევის ხანგრძლივი პროცესის შემდეგ ჭიქებითა და თეფშებით შეიარაღებულნი, ტელევიზორთან მივიჩქარით. ეს ჩემი ბავშვობისდროინდელი უზნეობა თუ უზრდელობაა: ვერ ვიტან სამზარეულოში საუზმობას! დილა „ნიკოლოდეონით“ იწყება. გაგრძელება ვნახოთ, როგორი იქნება...

ხელისუფელების გადაბარება ყველგან მშვიდად მიმდინარეობს, გარდა კულტურის სამინისტროსი. იქ, როგორც ჩანს, თაობათა ბრძოლა იგეგმება. კულტურის მუშაკები ყველაზე რთულად თმობენ საბჭოთა კავშირს. გარკვეული ჯგუფისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს სამინისტროში საკუთრი კანდიდატის გაყვანა, რაც, სავარაუდოდ, მომდევნო ოთხ წელიწადში სათანადო დაფასებასთან იდენტიფიცირდება. ხელოვანს ყველაზე ნაკლებად უნდა სჭირდებოდეს სისტემა, ბიუროკრატია და სამინისტრო, მაგრამ ჩვენთან ხომ ყველაფერი სხვაგვარად არის. ეს, ალბათ, საბჭოთა ატავიზმია, რომელთან ბრძოლაც კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

25 ოქტომბერი, ხუთშაბათი
წვიმს. ნამდვილი შემოდგომის ამინდია, ნაცრისფერი ცა მიწაზე დევს. ასეთ დღეები უქმედ უნდა ცხადდებოდეს, საზოგადოებაში მომეტებული ძილის ფაქტორის გამო. ლიმონიან-შინდისმურაბიანი ჩაი, პლედი და სქელტანიანი წიგნი „ზედ აკვდება“ ასეთ ამინდს, მაგრამ დღეს არ გამოვა - საჯარო ბიბლიოთეკაში ლექცია მაქვს წასაკითხი: „თბილისის არქიტექტურის ისტორია“. ლექციების ციკლმა, რომელსაც „ტფილისის ჰამქარი“ ატარებს, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია.

შეხვედრა ექვს საათზე იწყება და ამ დროისთვის მთელი დარბაზი სავსეა. ხალხი კიბეებზე ზის და დერეფანშიც დგას. ვიცოდი, ლექციები წარმატებით მიმდინარეობდა, მაგრამ ასეთს ნამდვილდ არ ველოდი. აქცენტი საქართველოს მსოფლიო არქიტექტურულ პროცესებში ჩართულობაზე მაქვს გაკეთებული. ვცდილობთ, თბილისელებს სხვადასხვა საშუალებებით მივაწოდოთ ინფორმაცია და შევაყვაროთ ქალაქი. შევაყვაროთ ისეთი, როგორიც არის, არა ცათამბჯენებიანი და ოქროსგუმბათებიანი, არამედ ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით, გადმოკიდებული აივნებითა და აივნებს შორის გაჭიმული, ფერადი სარეცხით დახუნძლული თოკებით. შევაყვაროთ თუ შევიყვაროთ, რათა მერე ყველამ ერთად დავიცვათ ის თბილისი, რომელსაც დღითიდღე ვკარგავთ, თბილისი, რომელიც ქრება. ამ ბოლო დროს ბავშვობისდროინდელი სიმღერა მაქვს აკვიატებული: „მიფრინავენ წეროები, მიფრინავენ შორს, აღარ დაბრუნდებიანო ავრცელებენ ჭორს“. წეროებისგან განსხვავებით, თბილისზე ჭორს არ ავრცელებენ; ის მართლაც მიფრინავს და აღარ დაბრუნდება...

26 ოქტომბერი, პარასკევი
გათენდა. ყველაფერი რიგზეა - დილა ისევე იწყება, როგორც გუშინ, გუშინწინ, შარშან და, ალბათ, როგორც ხვალაც დაიწყება: ყავა, „მაესტრო“ და „ფეისბუკი“, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყრელ კომპონენტად იქცა. ჯერჯერობით ძალიან მომწონს ჩვენს რეალობაში გაჩენილი ახალი მოვლენა ფეისბუკ-დანიშვნები და ფეისბუკ-პროტესტები. პირველად ხდება, როცა არა ნეგატივზე და პროტესტზე, არამედ პოზიტივზე და მომავალზე ორიენტირებული საზოგადოება ცდილობს, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა საკუთარი მომავლის ფორმირებაში; დაასახელოს სასურველი კანდიდატურა ამა თუ იმ პოზიციაზე; სწრაფად და ადეკვატურად მოახდინოს რეაქცია მისთვის საეჭვო კანდიდატებზე და საფრთხის შემცველ მოვლენებზე. მინისტრების სახელზე წერილების, მიმართვების და ამა თუ იმ კანდიდატის მხარდასაჭერი საინიციატივო ჯგუფების შექმნის ბუმია. ხალხი ეიფორიაშია, ცხრა წლის განმავლობაში აშკარა აუტსაიდერის როლში მყოფი საზოგადოება ცდილობს, მაქსიმალურად ჩაერთოს სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებში. სახელმწიფოში, რომლის საზოგადოება ჩემმა მეუღლემ სამ ნაწილად დაჰყო: მეოცნებე-ოპტიმისტებად, შუაშისტებად და პესიმისტ-რევანშისტებად, ლოზუნგებით: „ყველაფერი კარგად იქნება“, „ვნახოთ“ და „ჯერ სად ხართ“. მე და კოტე თავს შუაშისტებად მოვიაზრებთ 10%-ით „ყველაფერი კარგად იქნებასკენ“ გადახრით.

დღეს „ტფილისის ჰამქარში“ გაფართოებული შეხვედრა გვაქვს, ჩვენი სამომავლო გეგმები უნდა განვიხილოთ. გადაწყდა უახლოეს მომავალში განვაახლოთ ჩვეული საქმიანობა: საპროტესტო აქციები - „გუდიაშვილობები“ და „იმელობები“. იმელთან დავგეგმეთ აქცია ქოლგებით. ქოლგებით იმიტომ, რომ უკვე ოთხი წელია, ვითხოვთ უპატრონოდ მიგდებული, სახურავატყავებული შენობის გადახურვას, იქნებ ახლა მაინც ეშველოს? გუდიაშვილის მოედანზე ვგეგმავთ გამოფენას „თბილისური კიბეები“ - მუსიკით და წითელი ღვინით.

27 ოქტომბერი, შაბათი
დღეები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, დაიძინებ ორშაბათია, გაიღვიძებ - შაბათი. ბავშვობაში მიკვირდა, უფროსები თარიღს და დღეს რომ კითხულობდნენ. ახლა ვხვდები: მაშინ საშინაო დავალება თარიღის მითითებით იწყებოდა და ამიტომაც, თარიღი ყოველთვის ვიცოდი. კიდევ მიკვირდა, დრო მალე გადისო, რომ ამბობდნენ - აკადემიური საათი - 45 წუთი - ხომ უსაშველოდ იწელებოდა! არადა, დრო თურმე მართლა როგორ გარბის! თითქოს გუშინ დავიწყე დღიურის წერა და დღეს უკვე ვასრულებ. იმედია, ძალიან მოსაწყენი არ იქნება ჩემი რუტინა...