28 აპრილი, კვირა
დღეს ბზობაა.
დღე, უფრო სწორად, დღე-ღამე ასე დაიწყო: გავხსენი ფეისბუკი 01:07-ზე. მალხაზ ხარბედია მწერს: „ვიცი გაგეხარდება, ‘არილის’ ამბავი გადაწყდა, მალე რვაწლიანი პაუზის შემდეგ ისევ აღვადგენთ ‘არილს’, ასე რომ კაი ესეები და ლექსები შენზეა. გარდა ამისა, ძალიან მჭირდება შენი დახმარება ეკოლოგიის სერიოზული ფრონტის გასახსნელად ‘ცხელ შოკოლადში’. მინდა რომ ‘შოკოლადში’ სულ იყოს ამ თემებზე საუბარი.“
მე: მზად ვარ ყველა ფრონტზე საბრძოლველად! ძალიან კარგი ამბებია: აბა, ჟურნალების უშენობა ან შენი უჟურნალობა იქნებოდა?!!!“
მალხაზ ხარბედია: :))) იფიქრე რაიმე მაგარ ესეზე ეკოლოგიის თემაზე. თუ გინდა, ნუ იქნება ესე, რაიმე უფრო მუშა ჟანრი იყოს, როგორც გირჩევნია.
მე: ვიფიქრებ, რა შეიძლება, საჟურნალოდ გამოდგეს ფბ-ების, ნიუსების და National Geographic-ის დროში კონკურენტუნარიანი.
მალხაზ ხარბედია: ჰო. ჩათვალე, რო „ცხელი შოკოლადი“ ყველაზე მწარე შოკოლადად იქცა, 0 რძით, ასე რომ, სიმწვავეს არ მოერიდო.
მე: მწარე შოკოლადიც არსებობს :-)
მალხაზ ხარბედია: ჰო, მაგას ვამბობ. ცხარე. წიწაკიანი. მწარეც და ცხარეც :-)
მე: :-)
„არილი“ ჩემი „მშობლიური“ არაფორმალური ლიტგაერთიანებაა. ამასთან, მალხაზ ხარბედია - „ცხელ შოკოლადში“ და „არილში“; შოთა იათაშვილი - „საუნჯეში“; ლევან ბუთხუზი - National Geographic-ში, სხვები კიდევ - სხვაგან: სასიხარულოა, აბა რა არის!
დღეს ბზობაა, სასიხარულო ცნობით დაწყებული ბზობა დღე. გუშინ ვიყავი საფლავების მოსანახულებლად და საბურთალოს სასაფლაოს ეკლესიაშიც შევიარე. დღეს ეკლესიაში არ ვყოფილვარ, ნაკურთხი ბზა მარინამ მოიტანა. საერთოდ, ეკლესიური არა ვარ, ანუ, ორთოდოქსული გაგებით, არც მორწმუნე ვარ. ალბათ, ასეცაა, მაგრამ ერთი მწამს - ქრისტე უთუოდ ღვთიური არსება იყო. აბა, ადამიანს რა ათქმევინებდა, გიყვარდეს მტერი შენიო; ვინც უცოდველია, იმან ჩამქოლოსო, აგრესიული და შურისმაძიებელი არასოდეს იყოო და მრავალ სხვა ამდაგვარს - ადამიანთა უმრავლესობისთვის დღემდე გაუგებარს, მიუღებელს თუ ვერშესასრულებელს... უმშვენიერესი მოძღვრებაა!
ზოგადად, არ მიყვარს ორთოდოქსულობა. კიდევ არ მიყვარს, ყველგან და ყველაფერში აპოკალიფსური ნიშნების ძიება. ასე თუ მიჰყევი, ბზის ტოტალური გახმობაც რაიმე მისტიკურ თუ ტრანსცენდენტურ ნიშნად შეიძლება აღიქვა. ისე კი, დიდად დასანანია: ასწლოვანი ბზები ხმება აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, სხვაგანაც: სოკოვანი დაავადების ეპიდემიაა, რის გარეშე საშუალებებით შეჩერებაც, პრაქტიკულად შეუძლებელია. მეტად გამძლეები გადარჩებიან და ნელ-ნელა დასაბამს მისცემენ უფრო ჯანმრთელ თაობას. ასეა ბუნება მოწყობილი...
29 აპრილი, ორშაბათი
ეს კვირა რუტინულად დაიწყო: WWF-ის, ანუ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (იმ ორგანიზაციის, პანდა რომ აქვს ლოგოდ) ოფისი, ელ. ფოსტა, ახალ საპროექტო წინადადებაზე მუშაობა... პროექტის თემა საინტერესოა: ზუთხი. ზუთხის ხსენებაზე უპირველესად „ასეტრინა ნა ვერტელე“ გვაგონდება. არადა, ზუთხის სახეობები, ბელუგას ჩათვლით, ჩვენი ზღვებისა და მდინარეების ერთ-ერთი უძველესი მობინადრეებია. ზუთხებს დინოზავრ-თევზებსაც უწოდებენ - მათი უძველესი წარმომავლობის გამო. თან ეს გიგანტური ზომის თევზებია: მაგალითად, ბელუგას, იმავე სვიას, თუ დააცალეს, 8-9 მეტრამდე იზრდება და ტონა-ნახევარს შეიძლება იწონიდეს! ბევრმა ისიც იცის, - გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრისაგან განსხვავებით - რომ ზუთხები წითელ ხიზილალას არ იძლევიან - მხოლოდ შავით „გვამარაგებენ“, რომელიც ყოველთვის ძვირი ღირდა, ახლა კი, ზუთხის უკიდურესი შემცირების გამო, ასტრონომიულად ძვირი ღირს: თუ 15 წლის წინ ბაქოს ბაზარში ერთ კილო ხიზილალას 100 დოლარად ჰყიდდნენ, დღეს ის ათასი და მეტი ღირს, ევროპაში კი - 4-5 ათასი ევრო. გარეშე ბაზრის მოთხოვნა არის ბრაკონიერობისა და არალეგალური ტრეფიკის სტიმული. რამდენიმე წლის წინ ერთი საინტერესო კვლევა ჩატარდა: გამოირკვა არალეგალური ტრეფიკის მარშრუტები: ხიზილალა შუა აზიიდან და აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ორი განშტოებით მიემართება - ჩრდილო-დასავლეთით (უკრაინა-პოლონეთი-დასავლეთი ევროპა) და სამხრეთით (თურქეთი-დასავლეთი ევროპა ან თურქეთი-მდიდარი არაბული ქვეყნები). ასეთი კვლევა დეტექტივის სამუშაოს ჰგავს: ინფორმაციის დიდი ნაწილი კონფიდენციალურია, პირადი ნაცნობობის გზით მოიპოვება. ასეა თუ ისე, ეს არალეგალური არხები გადასაკეტია. კასპიის ზღვაში, დრამატული შემცირების მიუხედავად, ზუთხი ჯერ არის: გარშემო მუშაობენ ქარხნები, რომლებიც ზუთხის მილიონობით ლიფსიტას ზრდიან და უშვებენ ზღვაში. ჩვენს წყლებში კი სრულიად კატასტროფული მდგომარეობაა, რაც ბათუმელმა ახალგაზრდა, ნიჭიერმა მეცნიერმა არჩილ გუჩმანიძემ დაადგინა: ბოლო 100 წლის მანძილზე ჩვენს წყლებში ზუთხის რაოდენობა 37-ჯერ შემცირდა! ახლო წარსულშიც კი ზუთხი ჯერ კიდევ შემოდიოდა საქვირითედ ჭოროხში, ცხენისწყალში, ენგურში, კოდორში, უფრო მცირე მდინარეებშიც, ახლა კი ერთადერთი რიონი დარჩა და თუ ასე გაგრძელდა, ისიც აღარ ივარგებს ამ საქმისთვის! გამოსავალი არის, მაგრამ აქ ხელისუფლების კეთილი ნება და ბიზნესსექტორის აქტიურობაცაა საჭირო.
ორჯერ ვარ ნამყოფი ერთ-ერთ სათევზე მეურნეობაში სომხეთში, არარატის ველზე. შესანიშნავადაა მოწყობილი, სომხეთი ზუთხის ხორცის ექსპორტიორადაც კი იქცა და მოსალოდნელია, რომ ამ ქვეყანამ, რომელსაც „ზღვა არა აქვს“, ხიზილალის ექსპორტიც დაიწყოს! საგულისხმოა, არა?
დღეს საღამოს დაიწყო რეჟისორ ხოტინენკოს შესანიშნავი დოკუმენტური სერიალის ჩვენება, ასევე შესანიშნავი რუსული ტელეარხ „კულტურით“. სერიალი ეძღვნება პირველ ქრისტიანებს და მათთან დაკავშირებულ რომის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას. პირველი სერია პეტრე მოციქულის შესახებაა. ამ, ძირითადად, აპოლიტიკურ არხს შედარებით ხშირად ვუყურებ. ერთი გადაცემაა – მეცნიერები და მკვლევრები ახალგაზრდებს ლექციებს უკითხავენ: ისტორია, ლიტერატურა, ფიზიკა, ბიოლოგია და სხვა – ვერ მოწყდები! დასანანია, რომ ასეთი არხის შექმნის საშუალება ჩვენს ქვეყანას ჯერჯერობით არ გააჩნია, თუმცა ზოგიერთი დამაიმედებელი ნიშანი ამ მიმართულებითაც გამოჩნდა: ჩემი მეგობრის, კოტე ჯანდიერის წინადადებები წავიკითხე საზოგადოებრივი ტელევიზიის რეორგანიზაციის თაობაზე – თუ „პოლიტიკოსების გარეშე“ დაინერგა, პირველი ნაბიჯი იქნება ტელესივრცეში „კულტურული გარემოს“ გამოსასწორებლად.
30 აპრილი, სამშაბათი
დეკემბერში მარჯვენა ფეხი, რომელიც ისედაც მაწუხებდა, მძიმედ დავიზიანე, რის კვალიც დღემდე „მამჩნევია“. ჰოდა, როგორც იქნა, მივაკითხე ჩემს ქირურგსა და მკურნალ ექიმს დავით (იმავე ნუგზარ) ფარღალავას. ეს ის სკოლაა, ნაცვლიშვილმა და უფროსმა კუზანოვმა რომ ჩაუყარეს საფუძველი და ბოხუამ რომ ბრწინვალედ განავითარა. „კლასი“ ყოველთვის შესამჩნევია და არა მხოლოდ ფეხბურთში. :-)
უსიამოვნო შელაპარაკება მომივიდა ადმინისტრატორებთან დაზღვევის თაობაზე. ჩვენი დაზღვევის სისტემა ჯერ ვერ მუშაობს გამართულად. ვფიქრობ, ეს მთლად მისი „უასაკობის“, პროფესიული გამოცდილების ნაკლებობის ბრალი არ არის. უფრო ჩვენს „ბუნებრივ“ არაორგანიზებულობას, უწესრიგობას, არაპუნქტუალობას, ქუჩაში მოძრაობის წესების უგულებელყოფას, „სემიჩკის ფურთხებას“ და მისთანებს უკავშირდება. სწორედ ამითა ვართ ევროპელებზე ნაკლები - საყოფაცხოვრებო და მენეჯმენტის კულტურით. სხვა მხრივ არაფრით ჩამოვუვარდებით.
ექიმი საოპერაციოდან ჯერ არ იყო გამოსული და ცდა მომიწია. რაღაც ასეთს მოველოდი და შესაფასებლად წავიყოლიე ერთ-ერთ კურსში სტუდენტების ტესტირების შედეგები. გამაოცა შედეგებმა - ყოჩაღ ახალგაზრდებო! საერთოდ, მიკვირს ხოლმე, როცა ახლგაზრდობაზე ცუდს გავიგონებ: რასაც მე ვხედავ, ნიჭიერი და მოტივირებული თაობები მოდიან, გინდა ეკოლოგიაში, გინდა ლიტერატურაში, გინდა - თეატრში. ვერ ვხვდები, ჩვენ რით ვიყავით ამათზე უკეთესი? თან ისიც გავიხსენოთ, რა პირობებში გაიარა ამათმა ბავშვობამ: ზოგი დევნილების ოჯახებიდანაა, ზოგი - გაჭირვებული, უბრალო მშრომელებისა...
დავით ფარღალავას იუმორის შესანიშნავი გრძობაცა აქვს, თუმცა სპეციფიკურად „აქიმური“, შავი იუმორისკენ გარდამავალი: წინა კონსულტაციისას რომ ვუთხარი, ფეხი ეგებ საოპერაციოა-მეთქი, მიპასუხა, თავს რად იწვალებ, რამდენ ხანს აპირებ ცხოვრებასო? ახლა კიდევ ვეუბნები (ვითომ ხუმრობით), ნახეთ, მოსაჭრელი არ იყოს-მეთქი, ის კი მპასუხობს, неисповедимы пути господни-ო :-) ამჯერადაც გადავრჩი! :-)
საღამოს ისევ ვკითხულობდი 1989 წელს გამოცემულ წიგნს „ესეები“ (ინგლისურიდან თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა, რედაქტორი - ოთარ ჩხეიძე). დიდი შრომაა, 600 გვერდზე მეტი, ფრენსის ბეკონიდან მოყოლებული, სვიფტი, შელი, კიტსი, პო, უიტმენი, იეიტსი, ელიოტი და სხვა, ვეებერთელა თემატური რადიუსით. ბევრი რამ ეხმიანება ჩვენს დღევანდელობასაც. ნიჭიერება ერთია, მაგრამ მაოცებდა და მაოცებს ჩხეიძეების შრომისუნარიანობა და პროდუქტიულობა. ეს კიდევ ცალკე ნიჭია, მოღვაწეობის ნიჭი! რაც კონტასტირებს სიზარმაცის კლიშესთან, რითაც ქართული ხასიათი „დაუდაღავს“ მავანს...
1 მაისი, ოთხშაბათი
მთელი სამუშაო დღე ორგანიზაციის სტრატეგიულ გეგმას მიეძღვნა: ვორკშოპი, მოდერატორი მარკ-ალექსანდერ გროსი - სიმპათიური, დახვეწილი გერმანელი, 40 წლამდე ასაკისა. მანამდე მარკი WWF-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პროგრამაში მუშაობდა. მგონი, ვიეტნამში ცხოვრობდა. ახლა კი თავისუფალი კონსულტანტია და თან ძმას ეხმარება საქართველოში სანაყინე ბიზნესის განვითარებაში. ორივე ძმა თბილისში გადმოსახლდა ოჯახებით. საქმე, როგორც ჩანს, კარგად მისდით. იზრდება უცხოური სათვისტომოები, მათ შორის გერმანულიც. გასაკვირი არაფერია: ინტერნაციონალურობა დიდი ქალაქის ერთ-ერთი მახასიათებელია. ასეთი იყო და არის თბილისიც: მეტად „ჭრელიც“ გახდება, თუკი ქვეყანა ეკონომიკურად მომძლავრდება.
ერთი კარგი ცნობაც მოვიდა: ნორვეგიის მთავრობამ ჩვენი ჰიდროენერგეტიკული პროექტის დაფინანსება გადაწყვიტა. კარგია იმიტომ, რომ ახლა სიტუაციის უფრო ღრმად გამოკვლევის და უფრო დასაბუთებული არგუმენტირების საშუალება მოგვეცემა: „კილოვატებისთვის სრბოლამ“ თვალი არ უნდა დაგვიბრმავოს და ბუნება, საციცოცხლო გარემო, თავზე არ უნდა ჩამოგვაქციოს. წინა მთავრობა სრულიად უდიერად ეპყრობოდა, ზოგადად, გარემოს დაცვას, კერძოდ კი - გარემოს დაცვას ჰიდროენერგეტიკის განვითარების კონტექსტში. ახალი მთავრობა უფრო კონსტრუქციული ჩანს, თუმცა ხსენებულ კონტექსტში დიდ ცვლილებებს მე ჯერ ვერ ვხედავ. პატრიოტიზმი მხოლოდ ოკუპანტისადმი ნულოვანი ტოლერანტობით და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების წადილით არ გამოიხატება: საქართველოს ისტორიულ-კულტურულ და ბუნებრივ გარემოზე ზრუნვა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ეს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ზურაბ კაკაბაძეს, ჩვენს შესანიშნავ ფილოსოფოსს, რომელმაც თავის დროზე მშვენიერი წერილიც მიუძღვნა ამ საკითხს. თუმცა, კითხვის, მით უფრო ფილოსოფოსების კითხვის, დრო სადა აქვთ დღევანდელ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს?..
ტელევიზიამ გადმოსცა დღევანდელი სტუდენტური მანიფესტაციის დარბევის კადრები: არ არის ჩვენი საშველი - რა აგრესიულად მოქმედებდა პოლიცია! კარგი, ვიღაცამ რაღაცა ისროლა, ქუჩაც გადაკეტეს, მაგრამ ასე დაუნდობლად უნდა ეპყრობოდე შენიანებს, ახალგაზრდებს, სტუდენტებს?! პოლიციელებს წვრთნა, პროფესიონალიზმი აკლიათო. ეს მხოლოდ პროფესიონალიზმის ნაკლებობის ნიშანი არ არის. თან დარწმუნებული ვარ, ამ პოლიციელების დიდი ნაწილი ყველა ეკლესიურ წესს ასრულებს და ეკლესიის დანახვისას ქუჩაში პირჯვარსაც ისახავს! ოჯახი და სკოლა თუ არ ზრუნავენ მოზარდში „ადამიანური“ თვისებებისა და დამოკიდებულებების განვითარებაზე, მარტო ეკლესია ვერაფერს გააწყობს. ეს პოლიციელები ცუდად აღზრდილები, ფსიქოლოგიურად შეუსაბამონი არიან და არა მგონია, აწი გარდაიქმნან. უმჯობესია, პროფესია შეიცვალონ და იქ იმუშაონ, სადაც აგრესიულობის გამოვლენის ნაკლები საშუალება ექნებათ.
დღის ბოლოს ფეხბურთსაც ვუყურე ცოტა ხანს: „ბარსელონა“-„ბავარია“ - 0:3. კომენტატორს (ხმაზე ეტყობოდა) გუნება გაუფუჭდა. ეტყობა, „ბარსელონის“ გულშემატკივარია. მე კი არ მესმის, როგორ შეიძლება, უცხო ქვეყნის ნაკრების ან გუნდის მოგება-წაგებამ დიდად გაგახაროს ან დაგამწუხროს?! თუ, რა თქმა უნდა, საბუკმეიკეროში ფული არა გაქვს დადებული. გასაგებია, რომ დღეს ქართული ფეხბურთი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, მაგრამ უცხოურ გუნდებზე გაგიჟება ჩემთვის მაინც გაუგებარია.
2 მაისი, ხუთშაბათი
დღეს სამსახურში ერთმა ამბავმა გამახარა: გერმანიის მთავრობის პროგრამით ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის დაფინანსებაც გადაუწყვეტიათ. საგეგმო სამუშაოები თითქმის დამთავრებულია, დაარსების კანონპროექტიც თითქმის მზადაა, გარემოს დაცვის სამინისტრო მოწადინებულია. მე მგონი, ძალიან კარგი საქმეა - ბუნებასაც წაადგება და ხალხსაც. ეროვნული პარკები ზედგამოჭრილია ასეთი რეგიონებისთვის: ცოტა სამუშაო ადგილიც შეიქმნება, ტურისტების რაოდენობაც გაიზრდება, მამა-პაპისეული მიწებიც არ გასხვისდება და კულტურულ-ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის შენარჩუნებასაც შეეწყობა ხელი.
„შესაღამოებულ“ თბილისში სეირნობა მიყვარს. ამ საღამოთიც გავედი რუსთაველზე. რამდენჯერაც ჩავუვლი ყოფილი მხატვრის სახლის შეღობილ ალაგს, იმდენჯერ გულზე სიმძიმეს ვგრძნობ: ასეთი რა არის, რომ ამდენი ხანი ვერ აღადგინეს, ან ახალი შენობა ვერ ააშენეს თბილისის მთავარ ქუჩაზე, პარლამენტის შენობის თუ ქაშუეთის ეკლესიის მოპირდაპირედ? კინოთეატრის აფიშასაც გადავხედე: ჩემთვის საინტერესო არაფერი აღმოჩნდა. მე მაინც მჯერა, რომ აღდგება რეგულარული კინოთეატრები და ისეთებიც იქნება, სადაც „სულის საზრდოსაც“ იპოვის მაყურებელი. ჩემი აზრით, ანეკდოტური ვითარებაა: მილიონიან ქალაქში სამი კინოთეატრი.
სახლში დაბრუნებული, ტელევიზორს მივაჩერდი: ისევ ხოტინენკოს ფილმი, ამჯერად პირველ წმინდანებზე, ვინც რწმენის დათმობას ტანჯვა-წამებით სიკვდილი არჩია: წმ. სებასტიანი, წმ. ლავრენტი, წმ. გიორგი, ქრისტიანების სისხლით გაჟღენთილი კოლიზეუმის არენა... მერე კი - ფილმი ჯუზეპე ვერდის ცხოვრებაზე. აქ ასეთ რამეს მოვკარი ყური: ვერდი ამბობდა, მორწმუნე არ ვარო, მაგრამ ვისაც ბუნებასთან ხანგრძლივი, ახლო შეხება აქვს, ის ინსტინქტურად მაინც რელიგიურიაო. ეს ასეა. რა თქმა უნდა, ვერდი ღრმად რელიგიურია: ამაში დასარწმუნებლად მარტო გუნდის მოსმენაც კმარა „ნაბუქოდან“. ამოდენა ხელოვანი, გენიოსი კი არა, ვფიქრობ, სიცოცხლის საზრისზე ერთხელ მაინც დაფიქრებული ყველა ადამიანი თავისებურად რელიგიურია. ჰოდა, ნუ განვსჯით და ჩვენც არ ვიქნებით განსჯილი.
3 მაისი, პარასკევი
უქმეა, მაგრამ დილით მაინც წავედი ოფისში, რომელიც ყოფილი აკადემქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხელნაწერთა ცენტრის მოპირდაპირედ: ერთმა ჩემმა სტუდენტმა შეხვედრა მთხოვა: რაღაც საქმე მაქვსო. ჭიშკართან კუ დამხვდა, გამოძრომას ცდილობდა. რომ გამომძვრალიყო ჩვენი ეზოს გარეთ, ან ქუჩის ძაღლების მსხვერპლი გახდებოდა, ან მანქანა გასრესდა. ავიღე და ეზოს შიგნით გადავიყვანე, უსაფრთხო ადგილას. მაინც, რას უნდა ნიშნავდეს დილით კუსთან შეხვედრა? ვფიქრობ, ცუდს არაფერს :-)
12 საათზე ავთო წურწუმია და ილია აკობია მოვიდნენ - ილიას უნივერსიტეტის მაგისტრანტები. ავთო სოხუმში დაბადებულა და ოთხ წლამდე იქ ცხოვრობდა. ილია ზუგდიდელია, პოეზიაც უყვარს. ორივე კარგად აღზრდილი, ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდაა. ამას ვამბობდი: მე ძირითადად ასეთ ახალგაზრდებთან მიწევს ურთიერთობა. ერთია, ბევრმა ინგლისური არ იცის. ვცდილობ, დავარწმუნო, რომ უნდა ისწავლონ. ჩვენს დროს რომ რუსული იყო, ახლა ისეა ინგლისური: მაგის გარეშე შორს ვერ წახვალ. ამათ უკვე დაუწყიათ სწავლა: რაღაც მასალები მივეცი ინგლისურად და თარგმნასაც შესჭიდებიან. პატარა სტუდენტური გრანტის საშუალება გამოჩენილა და ეგ საკითხი განვიხილეთ.
გიორგი სულამანიძემ, ლაგოდეხის ნაკრძალის ახალგაზრდა დირექტორმა, მომწერა: ირემი და სხვა ნადირ-ფრინველი, ეტყობა, შედარებით მომრავლდაო. ფოტოხაფანგებით გადაღებული სურათებიც გამომიგზავნა. არ გამკვირვებია: როცა საქმეს სათავეში უდგას წესიერი, მცოდნე და მოტივირებული ხალხი, შედეგიც შესაბამისია.
სახლში რომ დავბრუნდი, მარინა კვერცხებს ღებავდა: მიყვარს სააღდგომო კვერცხი, ბავშვობასაც მაგონებს...
ცოტა ხნის წინ არჩილ ქიქოძის წიგნი შევიძინე და ამ საღამოს ერთი ნაწარმოებიც წავიკითხე - „მამაჩემის შესახებ“. ზალიკო ჩემი ახლობელიც იყო, არაორდინარული ადამიანი: არქეოლოგი, ალპინისტი, ფოტოხელოვანი, ინტელექტუალი, პატრიოტი, დიდი პიროვნება. განსაკუთრებით ხშირად 80-იანი წლების ბოლოს ვხვდებოდით ერთმანეთს - იმედებით აღსავსე ხანაში, მათ შორის ე.წ. „კავკასიური კლუბის“ შეხვედრებზე, რომელსაც ლალი ჯავახიშვილი თავმჯდომარეობდა. თუმცა, ჯობს არჩილს მოვუსმინო: „ჩვენი ცხოვრება იმ ‘ლაივ-შოუებს’ ემსგავსება, რომელშიც აღარაფერია დაფარული, ინტიმური, სათუთი და პირადული, რომელიც საშინლად არ მოგვწონს, მაგრამ მაინც ვუყურებთ, მაინც ინტერესი გვაქვს, მაინც ვაძლევთ ხმას და ცუდებში უკეთესს ვგულშემატკივრობთ. ეს ძალიან შემაწუხებელია და როდესაც განსაკუთრებით ვწუხდები, სწორედ მაშინ მაკლია ხოლმე მამაჩემის იმედიანი ნიჰილიზმი და მისი წამოსროლილი ფრაზები: ‘ესენიც იდიოტები არიან, შვილო’ (...) ანდაც ‘ჩვენ ასე ქვეყანას ვერ ავაშენებთ’... ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს უიმედო და ხანდახან ცინიკური ფრაზები ბევრად უფრო იმედიანად ჟღერდა და უფრო გამშვიდებდა, ვიდრე სხვათა ოპტიმიზმი და პოპულიზმი იმიტომ, რომ ისეთი კაცის მიერ იყო ნათქვამი, რომელიც მყარად იდგა მიწაზე და ამ მიწასთან სხვისთვის უცხო, გაუგებარი და უხილავი კავშირები ჰქონდა...“
ვკითხულობდი და შიგადაშიგ თვალზე ცრემლიც მადგებოდა... ახლა უფრო მეტად იამაყებდა ზალიკო თავისი ვაჟიშვილით - შესანიშნავი, დიდი პოტენციალის მქონე მწერლითა და მამაზე არანაკლები ფოტოხელოვანით!
არჩილი იმ ახალ ნაკადს ეკუთვნის, რომელიც „მეინსტრიმულია“ დღევანდელ ქართულ ლიტერატურაში. ამას წინათ ასეთი რამ დავწერე ფეისბუკში (პათეტიკურად გამოვა, მაგრამ არა უშავს): „ახლა ვნახე მარჯანიშვილში ‘ჟოლო’, ბოლო დროს კიდევ ვნახე აქაც, რუსთაველშიც, ილიაუნის თეატრშიც დადგმები - განსაცვიფრებლად მაღალი დონეა! ვინც ადევნებს თვალს ლიტერატურას, აქაც იგივეა, მათ შორის - ახალგაზრდებში; მხატვრობა - იგივე; ვინც კარგი უნივერსიტეტების სწავლების ამბები იცის - აქაც ზოგიერთი მიმართულებით ძალიან კარგი დონეა - ლექტორებისაც და სტუდენტებისაც. მიმოვიხედოთ...
ჰოდა, ყოველივე ამის შემდეგ ვერ მივმხვდარვარ: რატომ მიწოდებს ზოგიერთი სკეპტიკოსსა თუ პესიმისტს? :-)
4 მაისი, შაბათი
დიდი შაბათი, აღდგომის წინა დღე... ვემზადები სააღდგომო სუფრისთვის, თუმცა სტუმრებს არ ველოდები. ესეც ახალი დროის ერთი, ჩემთვის დიდად გულდასაწყვეტი ნიშანია: სტუმრიანობის, საერთოდ, უშუალო კონტაქტების ნაკლებობა... რას იზამ, ჩემი ახლო მეგობრების უმრავლესობა 90-იან წლებს გადაჰყვა... ვინც გადაურჩა, მათგან ზოგი ემიგრაციაშია, ზოგი - საბოლოოდ გალოთდა. ერთი-ორიღა დამრჩა... ახალი მეგობრები მყავს, მაგრამ მათ თავიანთი ძველი მეგობრები ჰყავთ, ვისთანაც ურჩევნიათ დღესასწაულების აღნიშვნა და ეს მშვენივრად მესმის...
აღდგომას შვილებთან და ჩემს უსაყვარლეს, ჯერჯერობით ერთადერთ შვილიშვილთან, ანასტასიასთან ერთად აღვნიშნავ. მერე სასაფლაოებს მოვივლი, მერე კი ახალი სამუშაო კვირა დაიწყება. მომავალი კვირის ბოლოს ისევ მივემგზავრები, ამჯერად აზერბაიჯანში... მოგზაურობა, ბუნება, ლექსი - აი, ჩემი „საარსებო სამკუთხედი“!

Your browser doesn’t support HTML5