ლილი საფაროვა - მასწავლებელი

5 მაისი, კვირა
საერთოდ, ყოველდღე ვმუშაობ და კვირადღეც არ მაქვს ხოლმე ისეთი, რომ ვთქვა, დავისვენე, ან სხვა რამით ვიყავი დაკავებული-მეთქი. მით უმეტეს, დღეს!

რამდენიმე პროექტზე ერთდროულად ვმუშაობთ, პრეზენტაცია 12 მაისს იქნება, საღამოს 9 საათზე. ძალიან საინტერესო პროექტია, ქართველ ხელოვან მეგობრებთან ერთად ვაკეთებ. დიდი დახმარება სჭირდებათ ჩვენგან და შაბათ-კვირასაც ამ საქმეში ვართ ჩართული. თუმცა, არც სხვა შაბათ-კვირას გვაქვს მოსვენება, მაგრამ მაინც ვცდილობ, კვირადღე ოჯახსაც დავუთმო: შვილთან ერთად წავიდე, საჭმელი ვიყიდო. მერე შვილიშვილიც მოვა... რაც უნდა იყოს, მაინც ვახერხებ ოჯახთან ერთად ყოფნას, ნახევარი დღე მაინც. ან საღამოს.

6 მაისი, ორშაბათი
პირველ რიგში ოჯახს საუზმეს ვუკეთებ. გასასვლელად ვემზადები და რამდენიმე ადგილას ვრეკავ სამსახურის საქმეებზე.

სამსახურში მისული, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ფოსტას ვამოწმებ, შემდეგ - ფეისბუკს. თავისი გვერდი აქვს ჩვენს ორგანიზაციას და ყოველ დილით ვნახულობ აუცილებლად. მაინტერესებს ხალხის კომენტარები, რამდენად მოეწონათ ესა თუ ის მასალა. ფეისბუკის გვერდზე ყველაფერია ასახული ჩვენი პროექტების შესახებ. უპირველესად, ქალთა პროექტებს ვგულისხმობ და მათი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

შემდეგ ჩვენს ოფისში ორი შეხვედრა მქონდა „საქართველოს იეზიდთა სახლის“ პროექტთან დაკავშირებით, რომლის დირექტორიც აგიტ მირზოევია. პროექტის კოორდინატორი მე ვარ. კიდევ ორ შეხვედრაზე ვიყავი, როგორც სახალხო დამცველის აპარატის ნაციონალური უმცირესობების საბჭოს წევრი. შემდეგ ისევ ოფისში დავბრუნდი.

7 მაისი, სამშაბათი
ჩვენი ორგანიზაცია რამდენიმე პროექტს ახორციელებს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში. სამი წლის წინ სიტყვა „გენდერს“ ჩვენ ნამდვილად ვერ ვახსენებდით ჩვენს თემში. ბუნებრივია, გაჩნდა იმის საჭიროება, რომ ქალთა ორგანიზაცია შექმნილიყო. ყველამ მე მომმართა: მითხრეს, ამ საქმეს ხელი უნდა მოკიდოო და მეც მივხვდი, რომ ეს აუცილებელი იყო.

ვინც საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა, ალბათ, ყველა ჯარისკაცივითაა. საჭიროა და უნდა გააკეთო! უნდა მოძებნო გზები, რაღაც ხერხები, იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც საზოგადოების, თემისთვის არის მნიშვნელოვანი.

ჩვენი ორგანიზაცია კი ასე შეიქმნა: თემიდან უმეტესობა, რა თქმა უნდა, მიცნობდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ქართულის მასწავლებლად ვმუშაობდი ათწლეულების განმავლობაში. მეორეც, სტუდენტობის პერიოდიდან ვეწეოდი ამ საქმიანობას. დავურეკე რამდენიმე მამაკაცს, რომელთა მეუღლეებზეც ვიცოდი, რომ შეეძლოთ გარკვეული სამუშაოს შესრულება და მხარში ამოდგომა. ვუთხარი, მინდა, ქალთა ორგანიზაცია შევქმნა, რომ ქალს მეტი ინფორმაცია ჰქონდეს-მეთქი... სხვანაირად წარმოვაჩინე ორგანიზაციის შინაარსი: სიტყვა „გენდერი“, რა თქმა უნდა, არ მიხმარია. ვუთხარი, ქალმა იმაზე მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე იცის და ეს ორგანიზაცია ამისთვისაა საჭირო-მეთქი...

ჩვენს თემში სამი კასტაა: ფირები, შეიხები და მრიდები. მრიდები, ჩემსავით, ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, ხოლო ფირები და შეიხები - სასულიერო პირები, როგორც კასტა. მათ არ ნიშნავენ, ეს მემკვიდრეობით გადადის მამიდან შვილზე და მათი მეუღლეებიც ასევე არიან. დაქორწინებაც არ შეიძლება სხვა კასტის წარმომადგენელზე, ანუ ეს ჩაკეტილი საზოგადოებაა. დავურეკე ერთ ქალს, რომელიც ძალიან აქტიურია. მეუღლესთან საუბარი არ დამჭირდა, თვითონ მას დავურეკე და ვუთხარი, ასეთი და ასეთი ორგანიზაციის შექმნა გვინდა-მეთქი. კი ბატონოო! აი, ასე შევკრიბეთ ჯგუფი: შევარჩიე სხვადასხვა სპეციალობის ხალხი: მასწავლებლები, ექიმები, სასულიერო პირები, და დავიწყეთ მუშაობა.

ბოლო სამი წელია, ძალიან გააქტიურდა ქურთული თემატიკა. მანამდე პროექტსაც კი ვერსად შეიტანდი - არავის აინტერესებდა. ეს პირველი ქურთული პროექტი იყო ქალთა თემატიკაზე, რომელიც გავიდა. ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ ფონდის, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს.

ჩვენ სხვადასხვა წრეში ვიზრდებით: მე ქართული სკოლა მაქვს დამთავრებული და ჩემთვის შეიძლება უცხო და მიუღებელი იყოს ბევრი ისეთი რამ, რაც ჩვენი თემის სხვა ოჯახებისთვის მიღებულია. ჩვენ არ ვცხოვრობთ კომპაქტურად, რის გამოც ის გარემო, ის საზოგადოება, რომელშიც ვტრიალებთ, მოქმედებს ჩვენზე და ჩვენ ამის მიხედვით ვახდენთ ინტეგრირებას.

ვნახე ოჯახები, რომლებიც ვიზუალურად თითქოს შეცვლილები არიან, მაგრამ სინამდვილეში შიგნით სხვა გარემო სუფევს და იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ იქ ძალადობაა; ვერც იმას ხვდებიან, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება და რომ ბავშვები ხშირად ტრავმირებული არიან.

საერთოდ, იეზიდებში ძალადობა არასოდეს ყოფილა მიღებული. ახლა ეს დაივიწყეს და თუ რამ მანკიერება შემოდის, რატომღაც ამბობენ, ეს ტრადიციააო... არადა, იეზიდებში არ ყოფილა ასეთი ტრადიცია. ყველაზე დიდი უბედურება სწორედ ის არის, რომ ამას ვერ ხვდებიან. ანკეტირებას რომ ვახდენდით: ზოგი მამაკაცი იმის უფლებასაც არ აძლევდა ცოლს, რომ ანკეტა ენახა. მე, მაგალითად, მცხეთაში ისეთი შემთხვევა მქონდა, რომ ქმარი ავსებდა ანკეტას, ცოლს კი შევსების უფლებას არ აძლევდა.

8 მაისი, ოთხშაბათი
ომბუდსმენის აპარატი გვიწყობს შეხვედრებს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, რომლებსაც ჩვენს პრობლემებს ვუზიარებთ. ამას წინათ შევხვდით სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ახლა ვემზადებით განათლების მინისტრთან შესახვედრად. უნდა ვისაუბროთ ქურთული ენის პრობლემაზე. ქურთული ენა იკარგება. ჩვენ არ მოვითხოვთ ქურთულენოვან სკოლას, ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ამის. არ მიწყინონ სხვა ეროვნებების წარმომადგენლებმა, მაგრამ ასეთი სკოლები უპერსპექტივოა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. ამ სკოლების დამთავრების შემდეგ ბავშვები უმაღლეს სასწავლებლებში ვერ აბარებენ, საზოგადოებაში ინტეგრირებას ვერ ახერხებენ...

ვფიქრობ, ეს ძალიან რთული პროცესია. თუ მე მინდა, ჩემი შვილი ქართულ სკოლაში შევიყვანო და ჩემს ოჯახში შესაბამისი გარემო არ არის, მაშინ უნდა იყოს რაღაც მოსამზადებელი ეტაპი ამ ბავშვისთვის, რომ თავი სრულფასოვან მოსწავლედ იგრძნოს, როცა ქართველ ბავშვებთან ერთად შევა პირველ კლასში. საერთოდ კი, ქართული ენის არცოდნა, მგონი, უხერხულიც კია, რადგან დღეს მისი შესწავლის ყველანაირი საშუალება არსებობს და ვისაც ამის სურვილი აქვს, ისწავლის კიდეც.

9 მაისი, ხუთშაბათი
ჩვენი თემის წარმომადგენლები ვაკის პარკში ვიყავით, პატივი მივაგეთ მეორე მსოფლიო ომში და მომდევნო ომებში დაღუპულების ხსოვნას. ჩვენმა თემმა ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაკარგა. მაგალითად, აფხაზეთის ომში ყველაზე მეტი ჩვენი ეროვნების წარმომადგენელი დაიღუპა. ისინი 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდნენ. ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ბევრი ჩვენი ახალგაზრდა ნებაყოფლობით წავიდა, მეგობრების გვერდით უნდა ვიდგეთო. მიხარია, რომ ჩვენი მეგობრობა, ამ ორი ხალხის ურთიერთობა, უფრო და უფრო ძლიერდება. და პროექტიც, რომელსაც ახლა ვახორციელებთ, ასეთია - მეგობრული... ქართველ ხელოვანთა ჯგუფი და ჩვენ ერთად ვაკეთებთ არაჩვეულებრივ პროექტს!

10 მაისი, პარასკევი
დილით, როგორც ყოველთვის, ოფისში მივედი. რაღაც წერილები მქონდა გასაკეთებელი, შეხვედრა მქონდა ბუღალტერთან ჰონორარების თაობაზე, მოვიწვიეთ ისინი, ვინც დამატებით საქმიანობას ეწევა ჩვენთვის - მათი ხელმოწერებია საჭირო ხელშეკრულებისთვის.

მონაწილეობა მივიღე „რუსთავი 2“-ის გადაცემა „შუადღეში“. დღეს სხვადასხვა ასაკის ქალებთან მაქვს შეხვედრა. ერთ მაგიდას შემოვუსხდებით და ვისაუბრებთ სხვადასხვა თემაზე. აქ ორი თაობა იქნება - უფროსი და უმცროსი.

რაც შეეხება ქალთა უფლებებს, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საჭირბოროტო საკითხია. სოციალური მდგომარეობა, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, უფრო თრგუნავს მათ. ძალიან უჭირთ, ძირითადად ქალები მუშაობენ, მამაკაცებს ნაკლებად აქვთ სამსახური. ჩვენს თემში ეს განსაკუთრებით იგრძნობა; ორმაგ სირთულეს განიცდიან: კონკრეტულს, ანუ იმას, რაც მხოლოდ ჩვენი თემისთვისაა დამახასიათებელი და იმ სირთულეებს, რომლებიც ქვეყნის საერთო პრობლემებით არის გამოწვეული. ამ მიმართულებით ხელისუფლების მხარდაჭერაც გვჭირდება.

არსებობს ასეთი მოძრაობა - „თეთრი ლენტი“, რომელიც ძალიან აქტიურია კანადაში: მამაკაცები ესაუბრებიან მამაკაცებს. ჩვენც ასეთ მეთოდს მივყვებით. ვფიქრობ, სკოლაშივე უნდა ასწავლონ ბავშვებს, რომ არსებობს რაღაც უფლებები; ამ ბიჭებმა პატარაობიდანვე უნდა იცოდნენ, რომ ქალზე ხელის აწევა არ შეიძლება, რომ ეს ძალადობაა! ეს მეთოდი უფრო შედეგიანია, ვიდრე მხოლოდ ქალებთან მუშაობა და მათთვის იმის თქმა, შენი ქმარი მოძალადეაო...

11 მაისი, შაბათი
ბოლო სამზადისი გვაქვს. ძალიან ვღელავთ. ეს არის პირველი ასეთი პროექტი და პირველი პროექტი „იეზიდთა სახლისა“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი მეც ვარ. ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის ის, რა გამოგვივა. ამ პროექტს მე „მეგობრობის პროექტსაც“ ვუწოდებ. ქართველმა ხელოვანებმა მოინდომეს, უკეთ წარმოაჩინონ იეზიდური კულტურა, რომელიც ქართულ საზოგადოებას უკვე დავიწყებული აქვს. ეს იქნება დისკებზე ჩაწერილი კლასიკური მუსიკა და ცეკვები; ფოტოგამოფენა, რომლისთვისაც სურათებს თვითონ იღებენ; ეს იქნება მათი ხედვით შექმნილი კოსტიუმები... მოკლედ, ძალიან საინტერესო პროექტია და დიდად მადლობელი ვარ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოსი“, ბატონი კოკი ფერაძის, რომელიც ძალიან დაინტერესდა, ძალიან მოეწონა პროექტი, მხარში გვიდგას და ყველაფერს მაქსიმალურად აკეთებს...