კრისტი ყიფშიძე - მოდელი

23 ივნისი, კვირა
„მთელი დღე“ – ეს ჩემი საყვარელი ფრაზაა. ნატაშკა რომ პატარა იყო, ორი წლის, როცა მეფერებოდა, თან აყოლებდა ხოლმე ამ სიტყვებს: „მიყვარხარ, მთელი დღე მიყვარხარ!“ ანუ, სულ მიყვარხარ, უსასრულობამდეო... იმდენად ტევადი იყო ეს გამონათქვამი და იმდენად ზუსტად ვგრძნობდი მის სიყვარულს, რომ მთელი ცხოვრება მომყვება ეს ფრაზა და ახლა, როცა ამ დღიურების წერა დავიწყე, პირველად სწორედ ეს სიტყვები გამახსენდა: ეს არის ჩემი დღიურები, ანუ ჩემი „მთელი დღე“...

მიყვარს დილა. დილა არის ახალი დღის, ახალი სიცოცხლის დასაწყისი. ყოველთვის ვცდილობ, კარგ გუნებაზე გავიღვიძო, რომ მთელი დღე გაგრძელდეს დადებითი ენერგია. ამისათვის საჭიროა მაქსიმალურად დაივიწყო პრობლემები, რაც ძალიან რთულია, მაგრამ მე ამას ვახერხებ. სულ ვეუბნები ჩემს ახლობლებს, დაიწყეთ დღე პოზიტიურად და ასევე გაგიგრძელდებათ-მეთქი. ეს ყველა საქმეში ასეა, თუნდაც მუსიკაში, მთავარია, სწორად გაიჟღეროს პირველმა აკორდმა, მერე თავისით წავა.

დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული იყო და სასიამოვნოდ დამღლელი. წამოვიწყე ახალი საქმე, გადავწყვიტე, გამოვუშვა ჩემი მაისურების ხაზი, რომელიც შეიქმნა მოდის სახლ Dalood-ში. ეს კოლექცია იმიტომ გავაკეთე, რომ ძალიან მიყვარს მაისურების ტარება და ვთვლი, რომ ჯინსი და მაისური ყველაზე პრაქტიკული სამოსია.

ამაში მომხემარა ჩემი მეგობარი, დიზაინერი ირაკლი რუსაძე, რომელმაც რამდენიმე ესკიზი შექმნა. სხვათა შორის, მე თავადაც ვცადე და გავაკეთე ოთხი ესკიზი. შემდეგ დავბეჭდე „პრინტები“ მაისურებზე, ფოტოები გადაიღო ირა კუდრიაშოვამ. მანვე დაარქვა სახელი ამ ალბომს: Heavenly Body ანუ „ღვთაებრივი სხეული“. ფოტოები შავ-თეთრია.

რატომ Heavenly Body? ამბავი ასეთია: ირა ვარსკვლავს მეძახდა ხოლმე ხუმრობით და ასე მაბრაზებდა. მერე მითხრა, თუ ვარსკვლავობა არ მოგწონს, „ღვთაებრივ სხეულს“ დაგარქმევო. მოკლედ, ასე შეგვრჩა მე და ამ ფოტოსესიას ეს სახელი. ჩემი არ ვიცი და ფოტოსესიას ძალიან მოუხდა. ამ მაისურებზე დაბეჭდილია ჩემი სხეულის ნაწილები: ხელები, მხრები, ზურგი...

Your browser doesn’t support HTML5

თავისუფლების დღიურები - კრისტი ყიფშიძე


დღეს მე და შოთიკო ბოჭორიშვილმა ვიდეოარტიც გადავიღეთ. ასე ვთქვათ, რეკლამა ჩემი ახალი პროექტისათვის. წავკისში ვიღებდით, დიდ მინდორზე. აღწერა ძნელია, ნახვა ჯობია.

როდესაც ქალბატონმა მარინამ მკითხა, როგორ წარგადგინოთ დღიურების მსმენელებისთვისო, ვუპასუხე, წარმადგინეთ, როგორ მოდელი-მეთქი. თუმცა ახლა მე საავტორო უფლებათა ასოციაციაშიც ვმუშაობ (პიარ-მენეჯერი ვარ) და ვუძღვები ერთ-ერთ რუბრიკას ჟურნალ Copyright-ში. მარინას კი მაშინვე მოდელი ვუთხარი, რადგან რომ არა მოდელის პროფესია, ამდენს ვერ მივაღწევდი. ამ საქმემ ძალიან ბევრი რამ მომიტანა, საშუალება მომცა, თავი მეცადა სხვადასხვა პროფესიაში. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია! მხოლოდ მაშინ გამოგივა საქმე ხარისხიანად, როცა ძალიან გიყვარს და უდიდეს სიამოვნებას განიჭებს. როცა ამ საქმეს „რაღაცის გამო“ არ აკეთებ. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის პროფესიონალიზმი.

სად აღარ მიმუშავია! რადიო Bit FM-ში საავტორო გადაცემა მქონდა „მოდა და კრისტი“; ფოტოსტუდიაში TTL-ში არტ-დირექტორი ვიყავი, შემდეგ ვმუშაობდი Style TV-ის დირექტორად... აი, ასეთი საინტერესო ტრანსფორმაციები ხდება ჩემს ცხოვრებაში.

მიყვარს ექსპერიმენტები, მაქსიმალისტი ვარ, მაგრამ თუ რაღაც არ მომწონს, ძალით ვერ ვაკეთებ. ასეთი ბუნება მაქვს.

ზოგადად, ეს წელი ძალიან დატვირთული გამოდგა ჩემთვის: სულ საქმე, სულ რაღაც ხდება, და ყოველი დღის ბოლოს, როცა ბალიშზე დავდებ თავს, განვლილ დღეს ვაჯამებ ხოლმე. დღეს კმაყოფილი ვარ, მაგრამ უფრო მეტი უნდა გავაკეთო. მერე იმ ფიქრით ვიძინებ, რომ ხვალ უკეთესი დღე იქნება. ასეთი ოპტიმისტი ვარ, ზოგჯერ მეცინება კიდეც საკუთარ თავზე :-)


24 ივნისი, ორშაბათი
ამ დღეს დავარქმევდი ვარდისფერს. ან, უფრო, ჟოლოსფერს. დილიდან ვარდისფერ გუნებაზე ვიყავი. დღე, ჩვეულებრივ, ჭიქა ყავით დაიწყო, რომლის გარეშეც ჩემი არსებობა წარმოუდგენელია. გაღვიძებისთანავე სამზარეულოში გავრბივარ ყავის მოსადუღებლად. არ მიყვარს, როცა სხვა მიდუღებს, მე თვითონ ვიცი ჩემი პროპორციები, ამიტომ ვერავის ვანდობ ამ საქმეს. :-)

ყავა დავისხი, გემრიელად მოვკალათდი და ლეპტოპი გავხსენი. თინა შურღაიას მივწერე კონცერტთან დაკავშირებით და შეხვედრაზე შევთანხმდით. თინა ჩემი საყვარელი მომღერალია, ნიჭიერი და უზომოდ საყვარელი ადამიანი. მახსოვს, პირველად რომ მოვისმინე მისი სიმღერა, შორს ვიყავი საქართველოდან. სხვანაირად შემეხო, რაღაცები შემეცვალა. მაშინვე მივწერე თინას, გავუზიარე ჩემი აღფრთოვანება და გაცნობის სურვილი. პასუხად მივიღე თბილი წერილი, რომელმაც ისე გამახარა, ჩამოსვლისთანავე დავუკავშირდი და ინტერვიუ ვთხოვე ჩვენი ჟურნალისთვის.

მაშინაც ვარდისფერი დღე იყო, როგორც დღეს. დილიდან გუნებ-განწყობიდან გამომდინარე ვირჩევ მუსიკას და ტანსაცმელს. დღეს ჟოლოსფერი საზაფხულო პალტო ჩავიცვი. როდესაც ყველა „ზარი გავაკეთე“ და მიმოწერა დავასრულე, ჩემს საყვარელ საქმეს მივადექი - ჭურჭლის რეცხვას. რატომღაც ყველას უკვირს, მაგრამ სარეცხის რეცხვა და გაფენაც მიყვარს. სტრესისგან მათავისუფლებს და მამშვიდებს. ვიცი, ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეა. :-)

მოკლედ, საშინაო საქმეებს მოვრჩი. მოვწესრიგდი და გავედი Dalood-ში, უნდა მენახა მაკა კვიციანი, Dalood-ის მფლობელი. შემდეგ მოვიდა ჟურნალისტი ჟურნალ „თბილისელებიდან“, ნათია უტიაშვილი. ჩემს ახალ მაისურებთან დაკავშირებით ჩავწერეთ ინტერვიუ ჩემს ერთ-ერთ საყვარელ კაფეში, Prospero’s Books-ში.

შემდეგ ჩემი pink day გაგრძელდა: ქუჩაში ვიღაც ლამაზ ფერად სამაჯურებს ყიდდა. რა თქმა უნდა, ვარდისფერმა მიიქცია ყურადღება, ახლოს მივედი... ეს კაცი ეკვადორიდან ჩამოსული აღმოჩნდა. ასეთი რამეები ჩემი სუსტი წერტილია. სადმე რომ მივემგზავრები, ვცდილობ იმ ქვეყნის ნაციონალური სუვენირები შევიძინო, მერე საინტერესოდ ვუხამებ ტანსაცმელს.
ინდივიდუალობა ჩემი პრიორიტეტია, არავის უნდა ვგავდე, მხოლოდ საკუთარ თავს.

ვწერ და სულ რაღაც თემებზე გადავდივარ. მაგრამ ესეც ჩემი ხასიათია... მინდა, საინტერესო დღიური გამოვიდეს.

მერე წავედი ჩემი მეგობრის სანახავად. უკვე რამდენიმე წელია, ლონდონში ცხოვრობს და ახლა ერთი კვირით არის ჩამოსული. სასიამოვნო საღამო გავატარეთ მე და ირინამ.

25 ივნისი, სამშაბათი
ამ კვირაში ნატაშკა ჩემთან არ არის. თავის მეორე სახლშია, ანუ მამასთან. მხოლოდ სატელეფონო კონტაქტი გვაქვს. მომავალ კვირას დამიბრუნდება. დაუსრულებლად შემიძლია ნატაშკაზე ლაპარაკი. ჩემთვის ის ყველაზე მთავარი ადამიანია. მახსოვს, როდესაც გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვარ, მაშინვე მივხვდი, რომ გოგო მყავდა და რომ მისთვის ნატალია უნდა დამერქმია.

კარგი ინტუიცია მაქვს, არასოდეს მღალატობს. შვილი მთავარი ვინმეა ადამიანის ცხოვრებაში. რასაც ვაკეთებ, მისთვის ვაკეთებ. ჩემი საქმეც, რომელიც ძალიან მიყვარს, მისთვის არის. ძალიან მაგარი გრძნობაა! დედაჩემი მეუბნება, შვილიშვილი უფრო მაგარიაო... არ ვიცი. მე კი ალბათ კიდევ ერთს გავაჩენ. ვნახოთ. :-)

ჩემგან განსხვავებით, ნატა უფრო თამამია. შეუძლია, თავისი აზრები საქვეყნოდ გამოხატოს. სულით მებრძოლია. 17 მაისთან დაკავშირებით ისეთი სტატუსი ჰქონდა დაწერილი ფეისბუკზე, ყველა მეუბნებოდა, ეს რა შვილი გყავსო. მართლაც ძალიან ვამაყობ მისით! აღშფოთებული იყო ბავშვი ამ ამბებით. რვა წლისა იყო, რომ პროექტი დაწერა: ეს არის სახლი, სადაც იცხოვრებენ მოხუცები, უპატრონო ძაღლები და კატებიო. ახლაც აქვს შენახული ეს ფაილი და ამბობს, რომ ასეთ სახლს აუცილებლად შექმნის.

დღეს შედარებით თავისუფალი დღე მქონდა და აუზზე წავედი. მიყვარს მზე, წყალი, სიმშვიდე და ეს ყველაფერი არის Holiday Inn-ის აუზზე. თუმცა, სიმშვიდე არ დამხვდა: ტარდებოდა ბარმენების საერთაშორისო ჩემპიონატი! ხმაურიანი დასვენება გამოვიდა, მაგრამ სასიმოვნო. ყავის კოქტეილიც კი მივიღე კონკურსანტებისგან.

მერე ჩემი ვიდეორგოლის მონტაჟზე წავედი. ძალიან მიყვარს ფეხით სიარული და საბურთალოდან თავისუფლების მოედნამდე ფეხით წავედი.

სახლში გვიან მივედი. გავიკეთე ჩემი ძილის სათვალე და დავიძინე. ამის გარეშე უკვე რამდენიმე წელია, ვეღარ ვიძინებ. თუმცა, გავიკეთებ თუ არა, მაშინვე მეძინება.

26 ივნისი, ოთხშაბათი
თვალი გავახილე თუ არა, ესემესები შევამოწმე, ყავა მოვადუღე და დღიურის წერა განვაგრძე. ისე გავერთე წერით, რომ კინაღამ კონკურსზე დავაგვიანე.

„მის ტინეიჯერ 2013“-ის ნახევარფინალი იყო. ეს არის მსოფლიო დონის კონკურსი, რომელსაც უკვე ოთხი წელია, ვატარებთ საქართველოში. აქ კონკურსის წარმომადგენელი ეკა მგალობლიშვილია, სააგენტო „კატრინის“ ხელმძღვანელი. ამ სააგენტოში ვატარებ მასტერკლასებს მოდელებთან – დეფილეებსა და ფოტო პოზირებას ვასწავლი. ამასთანავე, ამ კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ვარ. შარშან ჩვენმა გამარჯვებულმა, ლიდა ჩხაიძემ, გვატემალაში გამართული კონკურსიდან მეორე ადგილი ჩამოიტანა. წელს გადავწყვიტეთ, ფინალი ფოთში ჩავატაროთ, გემზე. ამიტომაც შაბათს ფოთში უნდა წავიდე.

დღეს ნახევარფინალის კასტინგია, სადაც საბოლოოდ უნდა შევარჩიოთ ფინალისტები. მაგრამ დღიურის წერამ ისე გამიტაცა, რომ ცოტა დავაგვიანე, რაც, საერთოდ, არ მახასიათებს. :-)

ავარჩიეთ... სამწუხაროდ, კონკურსს ორი გოგო გამოეთიშა. კონკურსებზე ყოველთვის ვღელავ, იმიტომ რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ჩვენმა არჩეულმა გოგომ უნდა გვასახელოს; რომ ყველამ თქვას, რა ლამაზი ქალები არიანო საქართველოშიო.

კასტინგის მერე სახლში წავედი. ცოტა დავისვენე და ისევ დღიურის წერა გავაგრძელე. 6 საათზე რესტორან „საკურაში“ წავედი, სადაც დათუნა სულიკაშვილი მელოდა. „საკურას“ აქვს ასეთი პიარ-აქცია: ცნობილი ადამიანები, თითო საღამოს ამ რესტორანში მუშაობენ მზარეულებად თუ მიმტანებად. გვასწავლეს სუშის გაკეთება, აგვიხსნეს წესები და მეორე დღისათვის დაგვიბარეს.

მერე ისევ მონტაჟზე წავედი. დიმა და გიორგი ძალიან კარგ მონტაჟს აკეთებენ და უკვე რამდენიმე რგოლზე ვიმუშავეთ ერთად. ახლა შემომთავაზეს, რომ ჩემზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღონ. მე, როგორც ექსპერიმენტების მოყვარული დავთანხმდი. ვნახოთ რა გამოვა. :-)))

მერე ინტერვიუზე წავედი. ეს კვირა სულ ინტერვიუებს ვწერ, უკვე სამი ინტერვიუ ჩავწერე... და ყველაზე საინტერესო და მთავარი – ჩემი თავისუფლების დღიურები... მომწონს, რომ რასაც ვფიქრობ, იმას ვწერ; არავინ მზღუდავს და არავინ არაფერს დაამახინჯებს, როგორც ხდება ხოლმე. ახლა ისევ ძალიან მეჩქარება ინტერვიუზე...

დღეს ეს არის. არ ვიცი, სად აღამოვჩნდები ხვალ. ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს. თუ გეგმები ამერია, იოლად ვცვლი გადაწყვეტილებებს, და თითქოს თავისით ხდება ყველაფერი, დინებას მივყვები, ოღონდ ამ დინებაშიც მთავარია, სწორად გაცურო...

27 ივნისი, ხუთშაბათი
დღეს საპასუხისმგებლო დღეა: მიმტანად ვმუშაობ რესტორან „საკურაში“. საერთოდ, მიყვარს რესტორნებსა და კაფეებში სტუმრობა. ვერ ვიტყვი, დიდი გურმანი ვარ-მეთქი, ხორცს, მაგალითად, იშვიათად თუ ვჭამ, ისიც მხოლოდ ქათამს. თევზი მირჩევნია. თავად კი ვამზადებ, ანუ ვიცი საჭმლის გაკეთება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სახლში მშობლებთან ერთად ვცხოვრობ, დედაჩემი არის ჩვენი შეფ-მზარეული. ვთვლი, რომ დედაჩემის გაკეთებული კერძები ყველაზე გემრიელია, ნებისმიერ რესტორანს მირჩევნია. ვეხმარები ხოლმე საჭმლის გაკეთების დროს: პროდუქტის დაჭრაში, გარეცხვაში, მოკლედ, ასისტენტობას ვითავსებ.

სიამობნებით ვიმუშავებდი „ჩეკინგ აუდიტორად“. სულ შენიშვნები მაქვს, თან როდესაც მაღალი კლასის რესტორანში ვარ. ამიტომ გულით და პასუხისმგებლობით მივუდექი ამ საქმეს. ისე ვიქცეოდი, როგორც მე მომეწონებოდა რომ მომქცეოდნენ, ვიყავი ძალიან თავაზიანი და მოღიმარი მიმტანი.

დღეს დილიდან 4 საათამდე სახლში ვიყავი, რაც ძალიან იშვიათი ამბავი გახდა. მიხაროდა, რომ თავისუფალი დრო მქონდა, არსად მეჩქარებოდა და შემეძლო თავისუფლების დღიურებისთვის დამეთმო დრო.

შემდეგ ინტერვიუზე წავედი. ჟურნალ „ბომონდს“ ჩემს მაისურებზე მივეცით ინტერვიუ მე და ჩემმა პარტნიორმა, მაკა კვიციანმა.

მერე „საკურაში“ წავედი. გავიარე ტრენინგი, გავიკეთე წინსაფარი და მუშაობას შევუდექი. ჩემთან ერთად მუშაობდა ჩემი მეგობარი დათუნა სულიკაშვილი. ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დიზაინერია, ყველა მის ჩვენებაზე გამოვდივარ.

მგონი, ძალიან კარგად გავართვით თავი ამ ყველაფრს. ბევრი სტუმარი მოვიდა, უამრავი ნაცნობ-მეგობარი. მთელი საღამო ვიმუშავეთ, არ ყოფილა რთული. მთავარია, შეკვეთა არ აგერიოს და თავაზიანი იყო. კიდევ, ფრთხილად უნდა იარო, რომ „პოდნოსიდან“ რამე არ გადმოგივარდეს.
აი, ასეთი ექსპერიმენტების მოყვარული ვარ. ერთი ჩემი მეგობარი ხუმრობით მეუბნება ხოლმე, მეტიჩარა ხარო.

ჰო, ალბათ ვარ. ახლა ვფიქრობ, რა დამრჩა ისეთი, რაც არ გამიკეთებია. ალბათ, სიმღერის ჩაწერა. ძალიან მინდა, თინასთან ერთად დუეტი ჩავწერო. მაგრამ მე არ ვიმღერებ. ჩემი პარტია რეჩიტატივი იქნება. ასე გადავწყვიტეთ და ამას ძალიან ველოდები.

28 ივნისი, პარასკევი
დილა, როგორც ყოველთვის, ჭიქა ყავით დაიწყო. მერე ჩემს დისშვილს, ნიკუშას ვეთამაშე. ნატაშკასგან ვერ ვასხვავებ. განსაკუთრებული ბიჭია ნიკუშა და ძალიან მგავს. მაგალითად, პოზირება უყვარს ჩემსავით. ოქროსფერი თმები აქვს და ძალიან, ძალიან საყვარელია.

ზარი ჩემს მობილურზე. სარეკლამო კლიპის გადაღებაზე მეპატიჟებიან. ასეთი ზარები ხშირია. გასულ კვირასაც გვქონდა გადაღება. ჯერ ეს სარეკლამო რგოლი გახმაურებული არ არის. შვეიცარიული საათების რეკლამას იღებდა გიგა აგლაძე. მითხრა, ამ როლში მარტო შენ გხედავო. კლიპის შინაარსი ასეთია: დილით ვდგები, ხელებზე არაჩვეულებრივ საათებს ვიკეთებ და საცვლებისამარა ქუჩაში გავდივარ. მოძრაობა ჩერდება, მანქანებიდან მამაკაცები გადმოდიან, თანამგზავრებს ტოვებენ და მე მომყვებიან... თავიდან ვიფიქრე, თბილისში, ქუჩაში, საცვლებისამარა სიარული პრობლემა არ იყოს-მეთქი, მაგრამ გარშემო მყოფებმა და გამვლელებმა ისეთი სითბო და მხარდაჭერა გამოამჟღავნეს, რომ გავოგნდი. იმდენი თბილი სიტყვა მითხრეს, იმდენი კომპლიმენტი... პატრულიც კი მოვიდა, ხომ არაფერში დაგეხმაროთო. გამაკვირვა და ძალიან გამახარა თბილისელების ასეთმა დამოკიდებულებამ.

საღამო მეგობრებთან ერთად გავატარე.

29 ივნისი, შაბათი
დღეს ფოთში მივდივარ საერთაშორისო კონკურსზე. ხვალ ტარდება დასკვნითი საღამო კონკურსისა „მის ტინეიჯერ 2013“. ძალიან ვღელავ და ვემზადები. ალბათ, მართლა ძალიან ლამაზი იქნება გემზე ჩატარებული კონკურსი...