19 ივნისი კვირა
ჩემი კვირადღე განსხვავდება სხვა ადამიანების კვირადღისგან. იმიტომ, რომ, სამსახურიდან გამომდინარე, ჩემი გრაფიკი ისეთი არ არის, რომ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ვმუშაობდე. ჩემი კვირადღე შეიძლება სხვისი ორშაბათივით იყოს: მძიმე, დატვირთული 24-საათიანი მორიგეობით, რომელიც დილის 10 საათზე იწყება და მეორე დილის 10 საათამდე გრძელდება.
9 საათია, სახლიდან გავდივარ. ჩემი სამსახური − მე-12 ფილიალი − ვერეს ხეობაშია. ვემსახურებით ვერა-ვაკის რაიონს. სამსახურს ყოველთვის ძალიან ენერგიულად ვიწყებ. ისეთი სამუშაო გრაფიკი მაქვს, რომ ენერგიის გარეშე შეუძლებელია არსებობა, მეორე დილამდე უნდა გავძლო. სახლში ვტოვებ შვილს, მეათეკლასელ ანასტასიას, და დედას. წავედი... ახლა ჩემთვის, სამსახურის გარდა, აღარაფერი არსებობს.
მივედი. მხვდებიან თანამშრომლები. ზოგი ძალიან დაღლილია, წინა დღის ნამორიგევი, და დანარჩენები, რომლებიც იმ დღეს ვიწყებთ მუშაობას. ჩემთან ერთად მორიგეობს უმცროსი ექიმი. ჩემ გარდა ბრიგადაში არიან უფროსი ექიმი, უმცროსი ექიმი და მძღოლი. მაშინვე ინტენსიურად იწყება გამოძახებები. ძალიან ბევრი გამოძახება გვაქვს!
საღამოს, უამრავი გამოძახებით გადაღლილები, შემოვდივართ ოფისში, ვითხოვთ ხუთწუთიან შესვენებას, რომელიც უნდა გვეყოს კვებაზეც, პრეპარატების აღებაზეც − ყველაფერზე ხუთი წუთი. ამ ხუთ წუთში უნდა ჩავეტიოთ. მერე იწყება გამოძახებები, გაუთავებელი გამოძახებები. უჭირს ხალხს: ზოგს წნევა აწუხებს, ზოგს − გული, ზოგს ინსულტი აქვს, ზოგს მუცელი სტკივა და რა ვიცი, კიდევ რა აღარ...
ერთ-ერთ მისამართს გავიხსენებ: ქალს, რომელიც შინ მარტო იყო, ძალიან მაღალი წნევა ჰქონდა. ნაინფარქტალი იყო, შუნტირება ჰქონდა გაკეთებული და ძალიან შეშინებული დაგვხვდა. გავუზომეთ წნევა, გადავუღეთ კარდიოგრამა. რის საშუალებაც გვქონდა, ყველაფერი გავუკეთეთ, ტკივილი მაინც ვერ მოეხსნა და იძულებული გავხდით, სტაციონარში გადაგვეყვანა.
Your browser doesn’t support HTML5
20 ივნისი, ორშაბათი
ჩემი სამუშაო დღე დილის 10 საათზე დამთავრდება. მთელი ღამის განმავლობაში საერთოდ არ დაგვისვენია. დავდიოდით გამოძახებებზე, არ წყდებოდა ზარები... ღამის განმავლობაში გამოძახებების რიცხვი კიდევ უფრო იზრდება.
დილით ამ ჩვენს ყუთს უფროს ექთანს გადავაბარებთ. ისტორიებს მენეჯერთან შევიტანთ, მოხდება მათი გადამოწმება, დათვალიერება, დათვლა. მერე კი შემდგომ ბრიგადას გადავაბარებ ყუთს, წნევის აპარატს, კარდიოგრაფს − ყველაფერს, რაც მანქანაში გვერიცხება. ყველას ჩვენი ნომერი გვაქვს, დანომრილი ვართ ბრიგადები. მოკლედ, ჩვენ მივდივართ და შემდეგი ბრიგადა მოდის.
სახლში მივდივარ. იქ მხვდება ჩემი დედიკო, რომელსაც ვუყვები, რა მოხდა სამსახურში. ასე მთავრდება ჩემი სამუშაო დღე.
21 ივნისი, სამშაბათი
დღეს სამსახური არ მაქვს. ვცდილობ, ანასტასიასთან ვიურთიერთო. სკოლიდან 3 საათზე ბრუნდება ხოლმე: მეათეკლასელების სასკოლო პროგრამა ძალიან გადატვირთულია. დადის წრეებზე, მასწავლებლებთან. ხან მე მიმყავს, ხან თვითონ მიდის. ვცდილობთ, ერთმანეთს დავეკონტაქტოთ, გავუზიაროთ აზრები. საღამოს, თუ შეუძლია, ხან დაბადების დღეზე მიდის, ხან − ამხანაგთან. თუ ორივეს გვაქვს თავისუფალი დრო, თეატრში მივდივართ ხოლმე, ან გამოფენებზე. ვცდილობ, ჩემს შვილს არ მოვაკლო სითბო, ამაგი და შრომა.
22 ივნისი, ოთხშაბათი
იწყება ახალი სამუშაო დღე. როგორც ყოველთვის, 9 საათზე გავდივარ სახლიდან, რადგან 10 საათზე სამსახურში უნდა ვიყო. მხვდება წინა ცვლა, რომელმაც საქმე უნდა გადმომაბაროს და მიამბოს ცვლის ამბები. ხანდახან, თუ საშუალება გვაქვს, რომ ვეკონტაქტოთ ერთმანეთს, სამზარეულოში დავსხდებით ხოლმე, ვყვებით ოჯახის ამბებს, თითო ჭიქა ყავას გეახლებით, მოვიკითხავთ ერთმანეთის ოჯახის წევრებს. მერე ვიკითხავ: „ვინ მორიგეობს ჩემთან ერთად?“ „რომელი მძღოლია ჩაწერილი?“
ერთი მძღოლი გვყავს, სურენა, ძალიან მიყვარს მასთან ერთად მუშაობა. გადასარევი მძღოლია: ყველა მისამართი იცის და თან ძალიან კარგად. რამდენი წელია, მე და სურენა ერთად ვმუშაობთ და შესანიშნავად ვეწყობით ერთმანეთს. ასევე, მყავდა უმცროსი ექიმი ნათია არჩაია, რომელიც შემდეგ „გაუფროსდა“. დავრჩი კენტად, და ეს ჩემი დიდი გულისტკივილია. ნათიასნაირი უმცროსი ექიმის გარეშეა ძნელი, თორემ მე ახლა ჩვეულებრივად ვმორიგეობ და ვმუშაობ. ნათია განსაკუთრებული იყო და მიხარია, რომ ასე კარგად გაიკვლია გზა. ახლა წამყვან კარდიოლოგიურ კლინიკაში მუშაობს.
დღეს ძალიან ცხელოდა. გადასარევად ვიმუშავეთ, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი მისამართი იყო. მაინცდამაინც მძიმე „მისამართები“ არ ყოფილა. ზოგჯერ არის დღეები, ერთმანეთს რომ მიეწყობა ყველა მისამართი: ინსულტიო, ინფარქტიო, გონების დაკარგვაო... დღეს შედარებით მსუბუქი დღე იყო და ამიტომ დილითაც ასეთი ბედნიერი ვარ.
23 ივნისი თენდება. ღამე მსუბუქად, ადვილად და კარგად გადაიარა ვაკის მოსახლეობამ.
23 ივნისი, ხუთშაბათი
გათენდა... ამ დილით მთავრდება ჩემი სამუშაო დღე და სახლში მივდივარ. 10 საათია. გადავაბარე მომდევნო ცვლას ყველაფერი. დავემშვიდობე ყველას, კარგი მორიგეობა ვუსურვე და წავედი სახლისკენ, სადაც მელოდება ჩემი დედიკო. დედაჩემი 80 წლის არის. ყოველთვის მირეკავს და მეკითხება: „დედი, სადა ხარ, როდის მოდიხარ?“ ყოველთვის ცდილობს, დამახვედროს თბილი საჭმელი, ყავა. „კოფეპიწიეს“ ვუწოდებ ამ დილის რიტუალს დედასთან ერთად: აუცილებლად დავლევთ ყავას, ისევ გავუზიარებ ჩემი სასწრაფოს ამბებს.თვითონაც მომიყვება მეზობლების, ნათესავების, ჩემი შვილის, დისშვილის ამბებს. მერე ვისვენებ ხოლმე, სანამ ჩემი ანასტასია მოვა სკოლიდან. მერე გრძელდება ჩემი ურთიერთობა ტასოსთან, დედასთან, ნათესავებთან, თუ ვინმეს რამე უჭირს, ან დახმარება სჭირდება... პროფესიიდან გამომდინარე, ჩემთვის არ არსებობს არც დღე, არც ღამე. რა დროც უნდა იყოს, ვინც უნდა იყოს, ჩემმა ყველა ახლობელმა იცის, რომ თუ ვინმეს რამე გაუჭირდა, შუაღამე იქმნება თუ შუადღე, შეუძლიათ დამირეკონ და, რაც შემიძლია, ყველანაირ დახმარებას გავუწევ.
სამედიცინოზე ჩაბარებას არ ვგეგმავდი. სკოლის პერიოდში გადაწყვეტილი მქონდა, მუსიკას გავყოლოდი. მუსიკალურ სკოლაში საშუალო სკოლის პარალელურად დავდიოდი. მაშინ კონსერვატორიაში ვერ ჩააბარებდი, თუ ჯერ მუსიკალური სასწავლებელი არ გექნებოდა დამთავრებული. მოკლედ, ისე მოხდა, რომ მეექვსე კლასში მუსიკალურ სკოლაში სპეციალურად ჩამტოვეს, რომ ერთი კლასით სკოლისთვის გამესწრო, რადგან მუსიკა უნდა გამეგრძელებინა. არ ვიცი, რა მოხდა ჩემში, მაგრამ ზაფხულში გადავწყვიტე, რომ მუსიკოსი აღარ გავხდებოდი. დედას და მამასვუთხარი: დავამთავრებ მუსიკალურ სკოლას, მაგრამ მხოლოდ კულტურული მსმენელი ვიქნები, ექიმობა მინდა-მეთქი.
სკოლის დამთავრების შემდეგ ინსტიტუტში ვერ მოვხვდი. დავიწყე სანიტრად მუშაობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ცენტრალურ ლაბორატორიაში ვმუშაობდი, მერე ცოტა ხნით ლაბორანტადაც ამიყვანეს და შემდეგ წელს ჩავაბარე ინსტიტუტში. იმ დროს, სამედიცინოს დამთავრების შემდეგ, განაწილებით სხვადასხვა რაიონში გვაგზავნიდნენ ხოლმე. მე აფხაზეთში მოვხვდი. არაჩვეულებრივად მახსენდება ეს დრო! ვმუშაობდი სანატორიუმ „ვოლგაში“, გადასარევი მთავარი ექიმი მყავდა − ჩემი მასწავლებელი ვერა დმიტრიევნა პოპოვა. ლენინგრადიდან იყო, არაჩვეულებრივი ქალი, რომელმაც ყველაფერი მასწავლა იმ სამი წლის განმავლობაში. არც მინდოდა იქედან წამოსვლა, ისე კარგად ვიყავი. მაგრამ მერე მამა ავად გამიხდა...
მოკლედ, სამი წელი განაწილებით ვიმუშავე და ჩამოვედი თბილისში. ჩემი კლასელი რეზო თურნავა სასწრაფო სამედიცინო სამსახურში მუშაობდა. ერთ-ერთი ფილიალის გამგე იყო და რატომღაც შევეხმიანეთ ერთმანეთს. ჩემებს უკვე ადგილი გამოძებნილი ჰქონდათ ჩემთვის, ფიზიოთერაპიის განყოფილების გამგე უნდა ვყოფილიყავი, საბუთები უკვე იქ მქონდა მიტანილი, მაგრამ რეზომ მითხრა: „ეკა რა გინდა პოლიკლინიკაში? წამოდი სასწრაფოზე, ნახავ რა კარგია!“ ის საბუთები არც გამომიტანია პოლიკლინიკიდან, ისე მივედი სასწრაფოში. მაშინ ბატონი დავით გველესიანი იყო ჩვენი მთავარი ექიმი და დავიწყე მუშაობა. მას შემდეგ უკვე 27 წელი გავიდა და დღესაც ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შემოთავაზება მქონდა, რომ თავი დამენებებინა სასწრაფოსთვის და საავადმყოფოში დამეწყო მუშაობა, სამსახური არ მივატოვე. მართალია, 24 საათს ვმუშაობდი, მაგრამ სამი დღე სახლში ვიყავი, თავისუფალი დრო მქონდა. სასწრაფოში მუშაობა ჭაობივით არის: ნელ-ნელა გითრევს და ვეღარ სცილდები. ასე რომ: ძალიან კმაყოფილი ვარ და არ ვნანობ, რომ არსად გადავედი.
24 ივნისი, პარასკევი
დღეს, სხვებისგან განსხვავებით, არ ვმუშაობ. მიხარია, რომ ჩემი შვილი სკოლიდან დათხოვილია. ისიც შედარებით გვიან იღვიძებს, 12 საათამდე სძინავს. მანამდე მე და დედაჩემმა ჩვეული რიტუალი უნდა ჩავატაროთ სახლში და დღევანდელ დღეს ვგეგმავ. ანასტასია აუცილებლად უნდა წავიყვანო გამოფენაზე, მუზეუმში და შემდეგ, საღამოს, დაბადების დღეზე უნდა წავიდე. ჩემმა შვილმა კი, როგორც ყოველთვის, თავის მეგობრებთან ერთად „ვენდისში“ უნდა გაატაროს საღამო.
25 ივნისი, შაბათი
არასამუშაო დღეა... ხვალისთვის ვემზადები, კვირას მორიგე ვარ. დედასთან ერთად ისევ ჩვეულ რიტუალს ვატარებ, თან სახლშიც რაღაც პატარ-პატარა საქმეები მაქვს მოსაგვარებელი, დასასუფთავებელი.
გადაუღებლად წვიმს... ძალიან ცუდი რამ მახსენდება: შარშანდელი 13 ივნისი. მაშინაც კოკისპირული წვიმა იყო. მირიგე ვიყავი. არასოდეს დამავიწყდება ის დღე... ჩემი ფილიალი ვერეს ხეობაშია და ამიტომ ძალიან დაზარალდა. მდინარე ვერე კალაპოტიდან გადმოვიდა და წალეკა ჩვენი შენობა, ჩემი თანამშრომლების მანქანები, თვით ჩემი სამუშაო მანქანაც, 13 ივნისს ვერეს ხეობაში ჩაიკარგა. რამდენიმე თვის შემდეგ ნახეს დაჭყლეტილი, გაუბედურებული. მას შემდეგ დღე არ გასულა, 13 ივნისი არ გამახსენდეს.
ერთი შემთხვევა მახსენდება. როცა მორიგი გამოძახებიდან შემოვედით, ვითხოვე ხუთწუთიანი შესვენება, თუ შეიძლება, ფილიალში შემიშვით-მეთქი. მე და ჩემი უმცროსი ექიმი ნათია არჩაია, გავცქეროდით ვერეს ხეობას და უცებ მიწამ პირი დააღო. ნათიამ იყვირა, ჩქარა, ჩქარა, ეკა ვიძირებოთო, და გიჟებივით გამოვვარდით იმ ადგილიდან. ამ დროს ამოხეთქა მდინარე ვერემ. წყალს მოჰქონდა სახლი, რომელშიც კაცი იყო, ხის სახლი „ცინკის“ სახურავით. კაცი მობილურის შუქით ანათებდა, ყვიროდა, მიშველეთ, მიშველეთო. მაგრამ მდინარე ვერე უკიდეგანო იყო იმ ღამეს. ახლა რომ ვუყურებთ, სულ პატარაა, იმ ღამით კი, მგონი, ამაზონზე დიდი იყო. არ ვიცი, რა არ მოჰქონდა: უზარმაზარი ხეები, სახლები... ეს კაცი თავის სახლიანად, პირდაპირ ჩემ თვალწინ ამოატრიალა და გვირაბში სახურავით მოიყოლა. ძალიან ვინერვიულე... მერე ამ კაცის ბედით დავინტერესდი და გავიგე, რომ გადარჩენილა. არ ვიცი რამ გადაარჩინა, მაგრამ ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა!
სამსახურისთვის სპეციალური ჩანთა მაქვს, რომელიც რამდენიმე უცვლელი ნივთისგან შედგება. ყველაფერი წესის მიხედვით მაქვს ჩალაგებული. ცოტა მოზრდილი ჩანთაა, სამგანყოფილებიანი. პირველ განყოფილებაში აუცილებლად ვდებ ფონენდოსკოპს წნევის აპარატით, მეორე განყოფილებაში, სახლში გემრიელობები რაც მაქვს, იმას მოვიმზადებ და ჩავილაგებ (ძალიან სუსნია ვარ, ძალიან მიყვარს ჭამა); მესამე განყოფილებაში მიდევს ისეთი რაღაცები, რაც მთელი დღის განმავლობაში მჭირდება. 24 საათი სამსახურში ვარ და მჭირდება ჩემი სუნამო, კოსმეტიკა, ათასი რამ...
ჩავალაგე, გავამზადე საღამოსთვის და ვწვები დასაძინებლად. დილისთვის ვემზადები. რომ გათენდება, ჩავიცვამ სამსახურის ფორმას, მოვკიდებ ხელს ჩანთას და გავეშურები სამსახურისკენ...