დავით წერედიანი - პოეტი, მთარგმნელი

29 სექტემბერი, კვირა
ერთკვირიანი დღიურის დაწერა დავივალე. ვიცოდი, ასეთი დღიურები ინტენსიურად რომ იწერებოდა, აქა-იქ წამეკითხა კიდეც. ახლა ორი სქელი ტომიც გამომატანეს: რამდენიც მინდა, შემიძლია ვიკითხო. ოღონდ ის კი ვერაფრით წარმომედგინა, რომ ოდესმე მე თვითონაც დავთანხმდებოდი. თუმცა პროექტი თავისთავად ძალზე საინტერესოა.

კარგი, ერთ კვირას როგორმე გადავაგორებ, თუმცა ჯერჯერობით გუმანითაც არ ვიცი, რა შეიძლება დავწერო. ჩემ ირგვლივ ისეთიც არაფერი ხდება, აღწერის ღირსად მიმაჩნდეს, გულის გადმოსაშლელად კი დისტანცია მეტისმეტად მცირეა, ტონის აღებასაც ვერ მოასწრებ. თანაც ეს ამბავი ასე სახელდახელოდაც არ ხდება, მეტი შინაგანი მზაობა სჭირდება.

მაშ, რა?

დღიური, თუ რაიმე სამეცნიერო ექსპედიციას ან ექსპერიმენტის მიმდინარეობას არ აღგვიწერს, უაღრესად პირადული ჟანრია, უპირატესად საკუთარი სულიერი საჭიროებისათვის წამოწყებული, შიგ დღიდან დღემდე თავი ეყრება ფიქრებს, ჩანიშვნებს, ჩანახატებს, კაცმა რომ წარსული უფრო ადვილად გაიცოცხლოს. წარსული, როგორც მასალა, მთელი თავისი წვრილმანებით განა ვის სჭირდება? მწერლობაში ცხადია, მხოლოდ პროზაიკოსს, და კიდევ ისეთ ადამიანს, ვინც თვითანალიზით მეტისმეტად არის დაკავებული. როცა დღიური იმთავითვე სხვათა წასაკითხავად კეთდება, სპეციფიკურად განსხვავებულ თვისებებს იძენს.

გამოდის, ეს პირველი მონაკვეთი თვითონ დღიურის არსზე საუბარს მივუძღვენით. რაკი ასეა, იყოს ასე, ცოტა კიდევ განვაგრძოთ.

Your browser doesn’t support HTML5

თავისუფლების დღიურები - დავით წერედიანი


დღიურის ჟანრს ქართული და ვგონებ კავკასიური კალამი სერიოზულად თითქმის არ შეხებია. კი, დღიურების ცენტრში, რასაკვირველია, ავტორის პიროვნება დგას, მაგრამ ტრაბახისათვის ყოვლად გამოუსადეგარია, სამ-ოთხ ფრაზაშივე კომიკური გახდები. ტრაბახისათვის უფრო მორგებული ჟანრი მემუარებია. მიუნხჰაუზენის მონათხრობი იმითაც არის სანიმუშო და პარადიგმული, რომ მემუარული ლიტერატურის მაგ ღირსშესანიშნავ თავისებურებასაც შესაშური მახვილგონიერებით ავლენს.

დღიური კი... როგორი სანახავია, იდგეს კაცი და თავის თავს ეტრაბახებოდეს... თუმცა ჩვენმა დღიურმა, გამორიცხული არ არის, ტრაბახიც დაიმშვენოს. აკი მხოლოდ სხვებისთვის იწერება.

ახლა კი კალამი განზე უნდა გადავდო.

არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისეთი არსათქმელიც რა არის, გასვენებაში მივდივარ, მეზობელსა და ძველ კოლეგას ვკრძალავთ.

30 სექტემბერი, ორშაბათი
მინდა, არ მინდა, გუშინდელი განწყობა მაინც გამომყვა.
გუშინ დაკრძალვის წინ მთელი ნაცმოძრაობის ტელესახეები ერთად ვიხილეთ, გარდაცვლილის ვაჟიშვილთან მოსულიყვნენ მწუხარების გასაზიარებლად. ცალკე იდგნენ, განუწყვეტლივ რაღაცას უხსნიდნენ ერთმანეთს და ხაზგასმით იცინოდნენ. ზედმიწევნით მხიარულ გუნებას ამჟღავნებდნენ. არადა, მაინც უხდებოდნენ პანაშვიდს.

ამასწინათ ერთი ნაცნობი მეუბნებოდა, ხნიერი კაცი:

- ახალგაზრდობაში დეიდაშვილი გარდამეცვალა, ნათქვამი ჰქონდა, თუ საქართველოს განთავისუფლებას შენ მოესწრო და მე ვერა, აუცილებლად საფლავში ჩამომძახეო. ვერ ჩავძახე, რატომღაც არ მომინდა.

გასაგებია, ეს ის საქართველო არ არის, ჩვენ რომ გვეოცნებებოდა. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, საბჭოთა კავშირის დროს უკეთ ცხოვრობდა ხალხი თუ უარესად, საკუთარი თავის მოიმედე საქართველო შორეულ პერსპექტივაშიც არსად ილანდება.

უწინ ლეკიანობა და ტყვეთა ურცხვი გაყიდვა იყო. ვგონებ ისევ მობრუნდა ის დრო, ისევ ცარიელდება საქართველო, ისევ ისე იყიდებიან ჩვენი თანამემამულეები მხევლებად და მონებად.

არა, ამ საქმეებზე მეტს ნუღარ ვილაპარაკებთ. თავიდანვე ასე მქონდა დათქმული, მაგრამ ერთი წაცდენა მაინც წამცდა.

წაშლით აღარ წავშლი. ავად თუ კარგად დღევანდელი შესავსები მაინც შემივსია და ეგ არის.

დღეს ეს ვიკმაროთ. ხვალ იქნებ რაიმე უფრო სახალისო წამომაგონდეს. ყოველ შემთხვევაში მოთქმა-გოდებას როგორმე გავერიდები, თუმცა ეს ძალიან ადვილი საქმეც არ არის. ჩემთვის, რასაკვირველია. სხვამ თავისი იცოდეს.

1 ოქტომბერი, სამშაბათი
გაზეთში ამოვიკითხე, ქართული ენის დასაცავი კანონი მზადდება. თუ სწორად გაკეთდება, რა ჯობია. ეგ არის, სანქციების დაწესებით იმუქრებიან. ჩემი დღიურისთვის მაინც მაშველი რგოლივითაა, მანდ სალაპარაკოს რა გამოლევს.

ყველა ენა მეტ-ნაკლებად დაცვას საჭიროებს, მაგრამ დიდი სოციალური ცვლილებების დროს, როგორიც ჩვენში ახლა მიმდინარეობს, ეს განსაკუთრებით საშურია. სალიტერატურო ენა დიდი სისწრაფით იმღვრევა ბარბარიზმებით, პროვინციალიზმებით, ჟარგონით, გაუმართლებელი ფორმებით.

ყოვლად ჩვეულებრივი სიტყვა - „ვამბობ“, „ამბობს“ - ჩვენს თვალწინ ღრმა არქაიზმი გახდა. ტელეეკრანიდან დიდი ხანია აღარ გამიგონია. ყველანი მხოლოდ ძახილში არიან - „მე ვიძახი, შენ იძახი, ის იძახის“. შეხედავ, დახვეწილი კაცია, სათვალე უკეთია, წვერიც ზომიერად მოუშვია, ერთი სიტყვით, ძველად რომ ინტელიგენტს უწოდებდნენ, ზუსტად ის არის. არადა, „იძახის“ და „იძახის“! აზრადაც არ მისდის, რომ ამით საერთო კულტურის ნაკლებობას ავლენს.

მაგაზე კი ჯარიმას ვერ დააწესებ.

ანდა ეს აკვიატებული - „ასე ვთქვათ“. სად და რომელ კონტექსტში არ შეხვდები! - „ასე ვთქვათ, ილია მეორე“, „ასე ვთქვათ, ილია ჭავჭავაძე“. საინტერესოა, სხვანაირად როგორღა უნდა თქმულიყო?

ლექსიკური სიმწირე ცალკე საკითხია, ჯარიმას ვერც მაგისთვის დააწერ.

2 ოქტომბერი, ოთხშაბათი
დღესაც ღირსშესანიშნავი არაფერი მომხდარა გარდა იმისა, რომ ჩვენს ხნოვანებას კიდევ ერთი დღე შეემატა, ანუ პროგრესისაკენ კიდევ ერთი ფართო ნაბიჯი გადავდგით. ცოტა ამინდი შეიცვალა, მაგრამ ქალაქური ამინდების აღწერა არც მთქმელს ეამება და არც გამგონს.

ამიტომ თავს ნებას მივცემ, გუშინდელ თემას დავუბრუნდე, ქართული ენის დასაცავ კანონპროექტს. ენობრივი ლაფსუსებისთვის ჯარიმები სავარაუდოდ რეკლამასა და მედიას დაეკისრება. რეკლამები ნაკლებ მედარდება, მათი დაჯარიმება გულის სიღრმეში შეიძლება კიდევაც გამიხარდეს, მაგრამ ჟურნალისტების შემთხვევაში თავის შეკავებას ვარჩევდი. ჯობს, კაცმა შეცდომები დაუშვას, ვიდრე შეშინებულმა წეროს და ილაპარაკოს. ბოლოს და ბოლოს, ყველამ ის ვიცით, რაც გვასწავლეს, ცხადია, თუ თვითნასწავლები არა ვართ. ისე, კაცმა რომ თქვას, ჩვენში თითქმის ყველა თვითნასწავლია, ვინც წერა-კითხვის იქით ცოტა რამ კიდევ იცის.

ქართული ენა ჩინებულად იგერიებდა რუსულის შემოტევებს. მეთოდურად უპირისპირდებოდა, მაგ მხრივ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა. ინგლისურის წინაშე კი სრულიად უმწეონი აღმოვჩნდით. მისი ინერცია განუზომლად უფრო დიდი გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი ინგლისური ჩვენში ჯერჯერობით ბევრმა არავინ იცის. იქნებ სწორედ მაგის გამოა, ნახევარმცოდნეთა კეკლუცობის გამოა, ქართული რომ ასე დანაგვიანდა სრულიად არასაჭირო ინგლისური სიტყვებით.

ინგლისური ენა დღესდღეობით ძალიან გალაღებულია, მაგრამ უკურეაქციამ, როგორც ირკვევა, არც ამ შემთხვევაში დააყოვნა. თვითონ ინგლისელები შიგადაშიგ მწარედ მოთქვამენ თავიანთი ენის ისეთ ამღვრევასა და აღრევას, მტერიც რომ ვერ უსურვებდა. ზოგიერთები საერთოდ ენობრივ კატასტროფაზე ალაპარაკდნენ.

3 ოქტომბერი, ხუთშაბათი
„ფაუსტის“ მეორე ნაწილის თარგმანს ორიოდე პწკარი მივამატე. ვერ გადამიწყვეტია, ინტენსიურად ჩავუჯდე თუ არა. დაახლოებით ორი ათასი სტრიქონი მაქვს თარგმნილი, ორი ამდენი კიდევ წინ არის.

არადა, სჭირდება ვინმეს? დღეს რომ ქვეყანაზე არავის სჭირდება, ეგ დანამდვილებით ვიცი. ეჭვი მეპარება, მომავალშიც დასჭირდეთ. გამოდის, მხოლოდ ჩემს ჭიას ვახარებ.

ჭიის გასახარებლად უფრო ახლობელი სხვა საქმეც არსებობს. იქნებ, ჯობდეს, საკუთარ სტროფებს და სტრიქონებს მივხედო, ზოგი უჯრაში და ზოგიც თავში რომ ყრია, სულ ცოტაღა რომ სჭირდება...

პოეზიაში თარგმანისა და საკუთარი შემოქმედების მსგავსება-განსხვავება საკმაოდ პრობლემურ საკითხად მიიჩნევა, ცხადია, სადღაც მკვეთრი ზღვარი გადის, მაგრამ ერთობ რთული მოსახელთებელია, სახელდობრ სად გადის.

ერთხელ პუშკინს ჰკითხეს ჟუკოვსკიზე, ამოდენა პოეტია და რატომ ხდება, თავისას იშვიათად წერს, უმეტესად თარგმნისო.
- იმიტომ რომ ზარმაცია, - მოკლედ მოჭრა პუშკინმა. იგულისხმება, რომ ცოტა მეტი აქტივობის გამოჩენა ეზარება, შეუძლია და ეზარება, სხვა არაფერი. ჩემი გამოცდილებით, მისი ეს ნათქვამი ხან სრული სისულელე მგონია, ხან - სრული სიმართლე.

ისე, პუშკინის მრავალი ლექსი სინამდვილეში უფრო თარგმანია, სიტყვასიტყვითი თუ არა, არც მთლად თავისუფალი.

4 ოქტომბერი, პარასკევი
დილიდანვე ასეთი სტრიქონები ამყვა:

თუ სიზმარია, ვერ იღვიძებს. გულმა ზედიზედ
მესამე რეჩხი გადათვალა. იგივე სახლი,
ხმებიც, საერთო აივანიც. აქ სად მოვედით?
ხვეული კიბე, ყრუ კედელზე იგივე ბზარი.
აქ სად მოვედით? ხელმეორედ აქ რა გვინდოდა?
დაჭორფლილ ქვაზე,
კლდის ნაშალზე,
დაჭორფლილ ქვაზე, -
გალობს ნაღველი, - თავი მივდე და მიმეძინა...

განწყობა დანამდვილებით ფანტასმაგორიისკენ მიისწრაფის.

შევყვე თუ „ფაუსტის“ თარგმანს მივუბრუნდე? შევყვე თუ „ფაუსტის“ თარგმანს მივუბრუნდე?

...შევყევი.

5 ოქტომბერი, შაბათი
ამ დღიურების ვადა აშკარად ბიბლიური შესაქმის მიხედვით არის ათვლილი, კვირიდან შაბათამდე.

„ხოლო მეშვიდესა მას დღესა განისვენა ყოვლისა საქმისაგან“... ანუ ჩვენი დღიურიც ამით მოთავდა.

ხომ არ გამეგრძელებინა? ახლა უკვე ჩემთვის? როგორც დღიურის წესია.