არჩილ ბაქრაძე - ექიმი

31 აგვისტო, კვირა

00:27 საათია, ჩემს ორივე გოგოს (დიდსა და პატარას) სძინავს. Civilization V-ის მეშვიდე დონე იმდენად რთულია, რომ გამოსავლის ძიებაში ვერც შევამჩნიე კვირადღის დადგომა. ჩემი მდგომარეობა არასახარბიელოა: ჩემს სახელმწიფოს ჰქვია ბიზანტია, რვა ქალაქი მიმდებარე ტერიტორიებით. სამხრეთიდან ესაზღვრება ოკეანე, ჩრდილო-დასავლეთიდან გაუვალი მთები, რომელთაც ემიჯნება ჯუჯა სახელმწიფო სახელად „ერევანი“, ჩრდილოეთიდან 17 ქალაქისგან შემდგარი ძლიერი „რუსეთი“ და აღმოსავლეთიდან მე და რუსეთსგვესაზღვრება ველური კულტურის მქონე „ვიკინგების“ არაპროგნოზირებადი მილიტარიზებული გაუგებრობა. ჩემი მეზობლებისთვის მე წარმოვადგენ გემრიელ ლუკმას, რაც ადრე თუ გვიან მათ ჩემს თავს შეაჭმევინებს, ჩვენი ძალებით, მაქსიმუმ 18-23 სვლის განმავლობაში თუ შევძლებთ ქალაქების დაცვას. შეტევაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ჩემი ყველაზე დიდ მონაპოვარია ბანანის პლანტაციები (რომელთა დანახვაზეც უკვე გული მერევა), სპილოების სასაფლაოები, მყარად გავრცელებული ზოროართრიზმი მკაცრად ორგანიზებული სასულიერო იერარქიით, რამდენიმე პენსიონერი ჯაშუში და მეზობლებზე უფრო მაღალი ზოგადჰუმანიტარული დონე. 12 მოთამაშის რეიტინგში Civilization V ამ ეტაპზე მაკუთვნებს მე-9 ადგილს. თუ რამე არ ვიღონე, განწირული ვარ. ერთადერთი, რამაც შეიძლება მიშველოს, ზეიარაღია. ასეთ ზეიარაღს წარმოადგენს ავიაციის შექმნა, კერძოდ 1912 წლის „კოკერების“ მძიმე ბომბდამშენების ესკადრილია, რაც თეორიულად შემიძლია, მაგრამ ამისთვის მჭირდება ალუმინი. ჩემი შველა ალუმინის საბადოებია. ვიძინებ.

კვირადღე გრძელდება. ვიღვიძებ. 08:14. გოგოებს (დიდსა და პატარას) სძინავთ. როგორმე უნდა გავძლო ზუსტად 46 წუთი, იმიტომ, რომ ირმა პუნქტუალური ადამიანია. დილის ტუალეტს მიაქვს 24 წუთი. დარჩენილ 12 წუთს ვახარჯავ ფეისბუკის „ფერმის გმირებს“ და ზუსტად ცხრაზე მესმის ზარი. ირმა ლიმონიანი ყავით იწყებს ჩემი დილის გაფერადებას, ყავის სმის პროცესში ვადგენთ საუზმის მენიუს.

10:00. გოგოები უკვე ადგნენ და გადიან ეკლესიაში. კვირადღე წმინდა დღეა მთელი საქრისტიანოსთვის. მასში ადგილია მხოლოდ აღმსარებლობისა და ოჯახისათვის. და არ არის განკუთვნილი საქმიანობისათვის, მით უმეტეს, საჯარო საქმიანობისათვის, მაგალითად ისეთისთვის, როგორიც არჩევნებია. არსებობს განმარტება, რომლის მიხედვით არჩევნებში ხმის მიცემა საქართველოში არის „არასავალდებულო, არაანაზღაურებადი სახელმწიფო საჯარო სამსახური“. იმიტომ, რომ ზოგ ქვეყანაში არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულოა და ზოგანაც − ანაზღაურებადი. ამ დროს ჩვენ ვმუშაობთ. ეს ძალიან მარტივია. სამუშაოსთვის განკუთვნილია სამუშაო დღეები, დასვენებისთვის კი − კვირა. სწორედ ამიტომაც ჭეშმარიტად დემოკრატიულ ქვეყნებში, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, არჩევნები ტარდება მხოლოდ ხუთშაბათობით.

1 სექტემბერი, ორშაბათი

6:45 საათია. ჩემმა სტალკერებმა შემატყობინეს ორი ამბავი. კარგი ამბავი: ალუმინის საბადოები ექვსი სვლის ფარგლებში ნაპოვნია და არავის მფლობელობაში არ არის. ცუდი ამბავი: ალუმინსა და ჩემ შორის განლაგებულია რუსული სახელმწიფო და მისი ნებართვის გარეშე შანსი არ არსებობს, ამ საბადოებს მივწვდე. შორეული საფრანგეთიდან ადრე ჩანერგილი ჯაშუში მატყობინებს, რომ 11 სვლაში ავიაციის ტექნოლოგიას მოიპარავს. ვიწყებ ოპერაციას! ჯერ „ერევანში“ ვაგზავნი ჯაშუშს მთავრობის მოსასყიდად, რათა ეს უკანასკნელი მოკავშირედ გავიხადო. შემდეგ ვაცხადებ სასულიერო პირების მობილიზაციას და ვაგზავნი მათ „ვიკინგების“ ქალაქებში ზოროართრისტული მისიების დასაფუძნებლად. ზოროართრიზმის გავრცელება „ვიკინგებში“ შექმნის ჩემდამი დადებით განწყობას. 9:00. ვაკეთებ პაუზას.

დილა სტანდარტულია: ყავა. საუზმე + ნინო (ჩემი მეუღლე) + ამჯერად ქეთის (ოჯახის ახლობელი) გაკეთებული ყავა ლიმონით (ჩემი მეუღლის ნოუ-ჰაუ). შემდეგ ისევ ყავა (ახლა რძით). შემდეგ იწყება ამ ნეტარებიდან სამსახურში ჩემი გაძევების პროცედურა. მე ვეწინააღმდეგები. 12 საათისთვის ვაყენებ პირობას: წავალ სამსახურში, თუ უმცროსი (გვანცა) ლოყაზე მაკოცებს. მტკიცე უარი. ვიწყებ ვაჭრობას - იმავე კოცნაში წავალ სამსახურში და ვამატებ 20 ლარს. ვგრძნობ, რომ ქეთი უკვე ჩემ მხარეზეა. ისევ უარი. მაშინ უფროსს ვპირდები დამატებით 50 ლარს. პატარის თვალებში ვიჭერ იმ ნაპერწკალს, რომელიც გაუჩნდა მონმორანსის კატის დანახვისას - გვანცაც ჩემია, მაგრამ მაინც ვიღებ უარს. არ გამომივიდა... ისევ ვზავდები 100 ლარის დამატებით. ვიღებ კოცნას ლოყაზე და მშვიდობიანი დღის დალოცვას (უფროსისგან) ჩემი ანგელოზის მოხსენიებით.

სამსახური: რუტინა. მხოლოდ კონსილიუმებზე იკვეთება საკმაოდ ელეგანტური მდგომარეობა: 23 და 74 წლის პაციენტებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წარმოადგინეს ერთნაირი ჩივილები, რომლებიც სიტყვა-სიტყვით დაემთხვა ერთმანეთს. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ ერთმანეთს დაემთხვა მათი ობიექტური გამოკვლევების პასუხებიც. ოღონდაც პირველ შემთხვევაში ეს იყო თანდაყოლილი განუვითარებლობის შედეგი, ხოლო მეორეში - ასაკობრივი ცვეთისა.

2 სექტემბერი, სამშაბათი

დილა − რუტინული. 9:25-ია. რეკეტამდე და სამსახურში გაძევების პროცედურის დაწყებამდე კიდევ 1 სთ. და 35 წთ. მრჩება. ასე რომ, ვაგრძელებ ომს:

სტალკერებს ვაძლევ დავალებას, გაჩერდნენ ალუმინის საბადოებთან, დააფიქსირონ ნებისმიერი კონკურენტის მიახლოება და მყისიერად შემატყობინონ. ამასობაში „ვიკინგები“ ელჩების მეშვეობით მატყობინებენ, რომ ოდინს არ ღალატობენ და თუ არ მინდა, რომ სათითაოდ ამიჩეხონ ჩემი ზოროართრისტი მისიონერები, ისინი დროზე უნდა მოვაშორო მათ ქალაქებს. მომენტალურად ვთანხმდები და შინ დაბრუნებული ორი მისიონერი მატყობინებს ჩემი ბანანის პლანტაციების მახლობლად შუბიანი „ვიკინგების“ სამი მსუბუქი საცხენოსნო რაზმის განლაგების ამბავს. ვხვდები, რომ ჯიბეში ერთი ჯოკერი უკვე მაქვს. „ერევნიდან“ ჯაშუში მატყობინებს, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტი ნამეტანი ბევრ ფულს ითხოვს, რომელიც მე საერთოდ არა მაქვს. მაშინ ის მთავაზობს არჩევნების გაყალბებას, ოღონდაც ამის გასაადვილებლად საჭიროა ელექტორატის რაც შეიძლება დიდი ნაწილის ჩვენს სარწმუნოებაზე გადმობირება. ვიბარებ „სკანდინავიიდან“ გამოძევებულ ჩემს ზოროართრისტ მისიონერებს და მეგობრულად ვუხსნი, რომ თუ ისინი შეცდომებს არ გამოასწორებენ და „ერევნის“ ელექტორატს არ გადმოიბირებენ, ებიიარდში (ნუ აურევთ სკოტლანდიარდსა და ბექიარდში) დავაწყებინებ მუშაობას. ორივე უმალ მიემგზავრება „ერევანში“. სამ სვლაში ჯუჯა სახელმწიფო „ერევანი“ სახელმწიფო რელიგიად იღებს ზოროართრიზმს.

დილის რეკეტის და სამსახურში გაძევების პროცედურის შედეგები მოკლედ: 300 ლარი ბულაჩაურის აგარაკზე სარემონტო სამუშაოების გასამართად + 50 ლარი ბენზინისთვის. სამაგიეროდ, ორივენი (დიდიც და პატარაც) ერთდროულად მკოცნიან ორივე ლოყაზე, 13:00-მდე სამსახურს ვერავინ მიხსენებს და თეთრი ლეპტოპი ჩემია. გავემზადე საომრად: Civilization V უკვე იტვირთება, რძიანი ყავა ქეთიმ უკვე დამიდგა, პატარისგან მოტეხილი „ემენდემსი“ უკვე ცისარტყელას ასხივებს და ამ დროს − ზარი. ვიღებ ყურმილს.

ჩემი კლინიკა „ლიგის“ ადმინისტრატორი მიშო ბეჟანიშვილი მატყობინებს, რომ კლინიკის ფოიეში ორმოცდაათიოდე წლის ქალი წყევლაგარეული ქვითინით ადანაშაულებს ჰომოსექსუალიზმში თავის თან მიყვანილ 23 წლის ვაჟს და შუალედებში იმუქრება, რომ თუ არჩილ ბაქრაძე ახლა არ უშველის, თავს დაიწვავს კლინიკის ეზოში. დედა-შვილი შემომყავს კაბინეტში და მკაცრი ტონით ვთხოვ კითხვა-პასუხის წყნარ რეჟიმში წარმართვას. ჯერ ვეკითხები შვილს, უნდა თუ არა ჩემგან რამე? მპასუხობს, რომ არა. მერე ვეკითხები დედას. დედა მთხოვს შველას, თუ არა და იმუქრება შვილის მოკვლით. მე ვუხსნი, რომ განზრახ მკვლელობისათვის შეიძლება 12 წლით ჩასვან, რაც მთელ მის ოჯახს (მეუღლესა და კიდევ ერთ შვილს) შეარცხვენს რაიონის მასშტაბით. იმისათვის რომ ეს არ მოხდეს, ვთავაზობ ამ შვილზე, უბრალოდ, უარის თქმას. დედა იქვე უყვირის შვილს რომ ის მისი დედა აღარ არის. მე ვეუბნები ბიჭს, რომ აწი ის თავისუფალია და შეუძლია წავიდეს. დედა გაკვირვებული მიყურებს. მე ვუხსნი, რომ რაც მთხოვეს, შევუსრულე: უფრო სწორად, ბიჭს არაფერი უთხოვია, ხოლო დედას განზრახ მკვლელობა გადავათქმევინე, ე.ი. დავეხმარე. [...]

3 სექტემბერი, ოთხშაბათი

მე ჯერ კიდევ სამშაბათის საღამოში ვარ, თუმცა უკვე 00:02-ია. ასე რომ, ფორმალურად ოთხშაბათში გადავედი და 112-ე სვლაზე ვარ. ჩემი ჯაშუში „ერევნიდან“ მატყობინებს, რომ კიდევ სულ ცოტა ოქროა საჭირო, რომ არჩევნები გაყალბდეს, მაგრამ მე სხვა გეგმა მაქვს: რაკი თაფლაკვერმა ვერ გაჭრა, მათრახი გაჭრის, და ვახდენ ინფორმაციის გაჟონვას, რომ „რუსეთი“ გეგმავს „ერევანზე“ თავდასხმას. პარალელურად ოფიციალური არხებით, მოკავშირეობის სანაცვლოდ, „ერევანს“ ვთავაზობ გატლინგის მეტყვიამფრქვევეთა დამცველ რაზმს, რომლის წინააღმდეგაც „რუსეთის“ არსებულ რაზმებს ძალიან გაუჭირდებათ ბრძოლა. „ერევნის“ ზოროართრისტული ელექტორატი მუნიციპალიტეტიდან მოითხოვს ჩვენთან დამეგობრებას და მეტყვიამფრქვევეთა იმედით გადიდგულებული მთავრობა ჩვენთან მოკავშირეობის ხელშეკრულებას აფორმებს. მეორე ჯოკერიც ვიშოვეთ! დგება პირველი ჯოკერის გამოყენების დრო: დიპლომატიური წყაროებით სისხლის წყურვილით შეპყრობილ ბარბაროს „ვიკინგებს“ „რუსეთისთვის“ ომის გამოცხადების სანაცვლოდ ვთავაზობ არა მარტო ბანანებს, არამედ წინასწარვე სპილოს ძვლისგან გაკეთებულ ოდინის რიტუალურ ფიგურებსაც. „ვიკინგები“ მომენტალურად მთანხმდებიან, რაც რუსებს სასაცილოდ არ ჰყოფნით და იწყებენ მთელი თავიანთი ძალების გადანაცვლებას აღმოსავლეთ საზღვრებთან. ვიცდი ხუთ სვლას, სანამ „რუსები“ დაამთავრებენ ამ გადაჯგუფებას და ვემზადები დასკვნითი ფაზისთვის.

08:54-ია. დილას ვიწყებ დიეტით. ქეთის გამოსდის ბრწყინვალე ბრინჯის ფაფა.

კლინიკაში − პაციენტები, ასევე რუტინულად: ჩივილები ერექციის ხარისხის დაქვეითებაზე და ნაადრევ თესლდანთხევაზე. მოდის ერთი ასაკოვანი (68 წლის) პაციენტი სექსუალური კეთილდღეობის გახანგრძლივების თხოვნით და ერთიც − საზღვარგარეთ საცხოვრებლად მიმავალი ალფონსი სექსუალურად არამიმზიდველ პარტნიორებთანაც გარანტირებულად ცხოვრების უნარის სურვილით. საინტერესო არაფერი.

4 სექტემბერი, ხუთშაბათი

Civilization V. დასკვნითი ფაზა. „რუსების“ მთელი ძალები აღმოსავლეთის ფრონტზეა. ზურგში და სამხრეთ-დასავლეთით მარტო გლეხები და მუშები უმუშავებთ პლანტაციებზე. აი, აქ ჯიბიდან ვიღებ მეორე ჯოკერს და ვუცხადებ ომს „რუსებს“. სამოკავშირეო ხელშეკრულებით დავალდებულებული „ერევანი“ასევე უცხადებს ომს „რუსეთს“ და რაკი ახლო-მახლო ვერ ხედავს „რუსეთის“ ძლიერ სამხედრო დანაყოფებს, მისი მსუბუქი ერთეულები ხარბდებიან პლანტაციებზე მომუშავე რუს გლეხებს და მუშებს, თან ამ პლანტაციებსაც ძარცვავენ. მეორე ფრონტი მტრის ზურგში გახსნილია! ამავდროულად მე არც ერთი საბრძოლო რაზმი არ მიმყავს რუსეთის საზღვართან ახლოსაც კი. პირიქით, ისინი ჩემი ტერიტორიის სიღრმეში გადამყავს, რითაც ვაგრძნობინებ „რუსებს“, რომ ბრძოლას არ ვაპირებ. პარალელურად თითო სვლაზე ფარულად ვუგზავნი „ერევანს“ თითო დამცველ სამხედრო დანაყოფს, რაც „რუსების“ მხრიდან მზარდ სამხედრო რესურსს მოითხოვს „ერევნის“ ასაღებად და მათ ჩემთვის აღარ სცალიათ. პაუზა.

დილა არასტანდარტულია. დილიდან იუსტიციის სახლში ველოდები რიგს და ამ მოლოდინში მომდის ბრწყინვალე აზრი, რამით გავერთო. მივდივარ საბუთებში და ვუწერ განცხადებას თხოვნით, ჩემს პირადობის მოწმობაში ჩამიწერონ, რომ მოქალაქე ვარ. მეუბნებიან, რომ უკვე მიწერია. მე ვაჩვენებ ჯერ ჩემს პასპორტს, სადაც გრაფაში „მოქალაქეობა“ მართლაც მიწერია სიტყვა „საქართველო“, შემდეგ კი ვაჩვენებ ჩემს პირადობის მოწმობას, სადაც ასეთივე გრაფიდან სიტყვა „საქართველო“ საერთოდ ამოღებულია და შიგნით გარდა რაღაც ლათინური აბრევიატურისა, არანაირი ქართული მონიშვნა არ არის. მეუბნებიან, ამაზე ნუ ინერვიულებთო. ვპასუხობ, რომ ამაზე სანერვიულო თავად აქვთ და აგრეთვე ცესკოს, იმიტომ, რომ ორგანულ კანონს არღვევენ და ამის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საქმე დასაჭერად გაუხდებათ. მპასუხობენ, რომ დაჭერა გამორიცხულია. ვნაძლევდებით 100 აშშ დოლარზე. ამასობაში ჩემი რიგიც მოვიდა.

ვრეკავ კლინიკაში − სიწყნარეა, პაციენტები − მოვლილი, ყველა კონსულტაცია რობერტ გოგნიაშვილმა ჩაატარა.

5 სექტემბერი, პარასკევი

14:00. სამსახურში თავისუფალი დრო გამიჩნნდა Civilization V-სათვის. „რუსებმა“ უკვე აიღეს „ვიკინგების“ ერთი ქალაქი, მაგრამ მოსახლეობა მთელ მათ რესურს აღმოსავლეთ ფრონტზე აბამს. დასავლეთის ფრონტზე „ერევანი“ ჯერ კიდევ ფართხალებს (ჩემი ფარული სამხედრო დახმარების წყალობით), მაგრამ იმისთვის, რომ დაეცეს, „რუსებს“ სჭირდებათ ერევანზე დარტყმა სამხრეთის მისადგომებიდან, სადაც ჩემი ჯარები დგას. აი, აქ ვაღწევ საწადელს: „რუსები“ თავისით მთავაზობენ ზავს ერთმანეთის ტერიტორიებზე ერთმანეთის საბრძოლო და მშვიდობიანი ერთეულების გატარების საფასურად. Victoria!!!!!!!!!!! მე მომენტალურად ვთანხმდები, „რუსებს“ კბილებში ვაძლევ ერევანს დასაღეჭად, თვითონ კი წინასწარვე მომზადებულ მუშათა რაზმს გამყოლი საბრძოლო რაზმით „რუსეთის“ მთელი ტერიტორიის გავლით ვუშვებ ალუმინის საბადოებთან. ჩემს განკარგულებაში 30 სვლაა.

დილა − სტანდარტული. მოდის ჩემი ძმა გიორგი ასათიანი და ისიც მეუბნება, რომ დროშა „ქართველი“ უკვე „ჩემი ცოლის დაქალებშიც“ გამოჩნდა მაცივარზე მიკრული. მე ეს უკვე დროშის ბევრმა მხარდამჭერმა მითხრა. ბევრიც მოითხოვს, რომ ამ დროშის ქვეშ პარტიად გავერთიანდეთ და პარლამენტში შევიდეთ, რომ პრემიერს კადრები სანთლით არ ჰქონდეს საძებნი. მაგრამ ისინი ცდებიან. ეს ჭეშმარიტად სამჯვრიანი უძლიერესი და სასწაულმოქმედი დროშა ქართულ პოლიტიკურ მოედანზე ერთი რომელიმე პარტიული მოთამაშისათვის არ არის განკუთვნილი. ის თავად ქართულ მოედანს, ქართველ მსაჯებს და გულშემატკივრებს ეკუთვნის. მთავარია, მოედანი იყოს ქართული, თორემ ტურნირში ყველა უნდა დავპატიჟოთ: ამერიკელიც, რუსიც, ირანელიც, ებრაელიც თურქიც, აზერბაიჯანელიც და სხვაც. თუ მოედანი და მსაჯები ჩვენი იქნება, მაშინ სტუმრებიც ჩვენი წესებით ითამაშებენ, მაგრამ სანამ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრებში ჯვაროსნების დროშები ფრიალებს, არ ექნება საშველი არც ერს, და არც ბერს. ოჯახში და სამსახურში რუტინა გრძელდება - როგორც შვეიცარიულ ბანკში.

6 სექტემბერი, შაბათი

ჩემს განკარგულებაში 30 სვლაა. ამასობაში ვასწრებ ალუმინის მოპოვებას. ვაყალიბებ 1912 წლის ბომბდამშენების ორ ესკადრილიას და ვხდები რეგიონის დომინანტი. „ერევნის“, „რუსების“ და „ვიკინგების“ მონელება ახლა ჩემთვის მხოლოდ დროის ამბავია.Veni, Vidi, Vici!!!!

დილის „ტუსოვკა“: მხოლოდ ჩემი და, მანანა ბაქრაძე მოვიდა. დამირეკეს ბაქოდან და მთხოვენ რამდენიმე დღით ჩასვლას პაციენტების საკონსულტაციოდ. დავურეკავ ძველ ბაქოელ პაციენტებს და ვეტყვი, რომ ბაქოში მეპატიჟებიან. თუ ჯამური რენტაბელობა კარგი იქნა, წავალ. რატომაც არა, თან გელას და ფარიზასაც მოვინახულებ.

12:00. მოვრჩი და დავასეივე.

(არჩილ ბაქრაძის ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ დღიურის ავტორმა მოგვმართა თხოვნით, ტექსტიდან ამოგვეღო ერთი ადგილი, რომელმაც საზოგადოებაში მწვავე დისკუსია გამოიწვია)

„თავისუფლების დღიურებში“ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ ასახავს რედაქციის თვალსაზრისს.