დღეს, ბრიუსელში, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE-მ) კენჭი უყარა და დაამტკიცა „შეჩერების მექანიზმი“, რაც კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოსა და უკრაინისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებისკენ. გუშინ ბრიუსელში „შეჩერების მექანიზმზე“ შეთანხმდნენ ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი. შესაბამისად, დაძლეულ იქნა მთავარი დაბრკოლება საქართველოსა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზაზე. ახლა „შეჩერების მექანიზმს“ კენჭი უნდა უყაროს ევროპარლამენტის სესიამ, რომელიც მომავალ კვირაში სტრასბურგში გაიმართება. რაც შეეხება საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას, ევროპარლამენტში ამ საკითხზე კენჭისყრას ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტი იანვრისთვის ვარაუდობს.