ლევ კოპელევი - 100

ლევ კოპელევი

9 აპრილს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით რუსეთსა და გერმანიაში, რუსი საბჭოთა კრიტიკოსის, დისიდენტის, ადამიანის უფლებათა დამცველის, ლევ კოპელევის დაბადების ასი წლისთავი აღინიშნება. კოპელევს გაიხსენებენ საქართველოშიც, სადაც მას არაერთი მეგობარი ჰყავდა გერმანისტების წრეში.

ვისაც წაკითხული აქვს ლევ კოპელევის ნაშრომები, მისი წიგნები ჰაინრიჰ მანზე, გოეთეს “ფაუსტზე”, ბერტოლდ ბრეხტზე, ვინც იცნობს მას როგორც დისიდენტს, რომელმაც კომპრომისი ზვიად გამსახურდიასაც კი არ აპატია და მკაცრად გააკრიტიკა, ვინც კოპელევის ბიოგრაფია კარგად არ იცის, შეიძლება არც დაიჯეროს, რომ ეს კაცი, ფაქტობრივად მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას რომ შეალია, ახალგაზრდობაში ბოლშევიკების გვერდით იდგა და ყველანაირად ამართლებდა ძალადობას. მოგვიანებით თავად აღიარებს ამას:

“მგზნებარე კომკავშირელი ვიყავი. 30-იან წლებში კოლექტივიზაციის აქტიური პროპაგანდისტი... ქარხანაში ჟურნალისტად ვმუშაობდი. არ დამიხრჩვია არავინ, არავინ დამიპატიმრებია, მაგრამ იმათთან ერთად დავდიოდი, ვინც გლეხს პურს ართმევდა.“
თითქმის ნოსტალგიურია ჩემი მოგონებები. სასიამოვნოა იმ წლების გახსენება, როცა სოლჟენიცინი ბიბლიოთეკარი იყო და ჩვენც მასთან ვმუშაობდით... მერე კი, როცა უფროსობა სახლში მიდიოდა, ელექტროღუმელზე კარტოფილს ვწვადით...

აღიარება, მონანიება ლევ კოპელევის ცხოვრების პრინციპი იყო. არაერთხელ უთქვამს, რომ მონანიება, შეცდომის აღიარება მთავარია ადამიანის სულიერ განვითარებაში... და აქვე დაუმატებია, რომ უნდა შევძლოთ, ერთმანეთისგან გავარჩიოთ დანაშაულებრივი კომპრომისი, შემგუებლობა და შეცდომა, რომელიც ადრე თუ გვიან გავიაზრეთ. ეს შეცდომები, კოპელევის აზრით, უფრო მეტად ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული. მაგალითად, იგი დიდხანს ინარჩუნებდა რწმენას კომუნისტური იდეალებისადმი - მაშინაც კი, როცა ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ტანკების შეჭრის გამო პროტესტი გამოთქვა, რის გამოც კომპარტიიდან გარიცხეს, 1980 წელს კი საერთოდ წაართვეს საბჭოთა მოქალაქეობა. გერმანიაში გადასახლდა, ჰაირიჰ ბიოლს დაუმეგობრდა, რომელსაც ასევე სწამდა სოციალისტური იდეალების... თუმცა მოგვიანებით შეიტყო სტალინისა და ჰიტლერის სპეცსამსახურების თანამშრომლობის შესახებ და აღიარა, რომ ბევრი რამ არ იცოდა... მაშინ, როცა ლიტერატურის ისტორიას სწავლობდა, ბერია თურმე ნაცისტების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.

“თითქმის ნოსტალგიურია ჩემი მოგონებები. სასიამოვნოა იმ წლების გახსენება, როცა სოლჟენიცინი ბიბლიოთეკარი იყო და ჩვენც მასთან ვმუშაობდით... მერე კი, როცა უფროსობა სახლში მიდიოდა, ელექტროღუმელზე კარტოფილს ვწვადით... მაგრამ ცხოვრება ბევრად უფრო სასტიკი იყო, ვიდრე ბიბლიოთეკა და კარგი წიგნები. პარალელურად, 30-იანი წლების ბოლოს, ბერიამ თავის კოლეგას გესტაპოში ხუთასზე მეტი ანტიფაშისტი გაუგზავნა, აჩუქა... საბჭოთა ჯაშუშებში გაუცვალა.“
მსოფლხედველობა იცვლება, მაგრამ სამყაროს შეგრძნება - სიკეთის შეგრძნება, ბოროტების შეგრძნება, სილამაზის შეგრძნება, ეს ყველაფერი დედის რძესთან ერთად შეიწოვება და ძალიან ძნელად შეიძლება შეიცვალოს...

თუმცა საბჭოთა ხელისუფლებასთან კონფლიქტი მის ცხოვრებაში ჯერ კიდევ ომის შემდეგ დაიწყო, როცა “ბურჟუაზიული ჰუმანიზმის პროპაგანდისთვის” (კოპელევი გერმანული ენის და ლიტერატურის სპეციალისტი იყო) გადაასახლეს. გადასახლებაში გაიცნო მან სოლჟენიცინი, რომელთანაც დიდხანს მეგობრობდა, თუმცა მოგვიანებით მათი პოზიციები ერთმანეთს აღარ ემთხვეოდა - ლევ კოპელევი ყოველთვის უპირისპირდებოდა ნაციონალიზმსა და ველიკორუსულ შოვინიზმს. ეს იყო მთავარი იდეა - ადამიანის, როგორც “უმაღლესი ღირებულების”, აღიარება. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გადაუფასებია წარსული, ამ იდეაზე უარი მას არასდროს უთქვამს.

"მსოფლმხედველობა იცვლება, მოსაზრებები იცვლება. მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც სტალინისტები იყვნენ, მაგრამ გახდნენ მონარქისტები... რომანოველები... იყვნენ მებრძოლი ათეისტები და გახდნენ არათუ მორწმუნეები, არამედ ფარისევლები... მსოფლხედველობა იცვლება, მაგრამ სამყაროს შეგრძნება - სიკეთის შეგრძნება, ბოროტების შეგრძნება, სილამაზის შეგრძნება, ეს ყველაფერი დედის რძესთან ერთად შეიწოვება და ძალიან ძნელად შეიძლება შეიცვალოს.”

ლევ კოპელევი მეგობრობდა ქართველ გერმანისტებთან, მონაწილეობა მიიღო ოთარ იოსელიანის ფილმში “საქართველო”, არაერთხელ დაუთმია მიკროფონი ქართველებისთვის რადიო “გერმანულ ტალღაზე”, კიოლნში, სადაც იგი 80-იან წლებში მუშობდა... მუშაობდა 1990 წელსაც, როცა მიხეილ გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა აღუდგინა.