ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლეონ პანეტამ მემუარების წიგნი გამოქვეყნა, სახელწოდებით „ღირსეული ბრძოლები“, სადაც ის წამყვან თანამდებობებზე წარმოებულ საქმიანობას და ვაშინგტონში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს, გამოწვევებს, მიღწევებს და შეცდომებს იხილავს.
პანეტამ, რომელიც თავდაცვის მინისტრის გარდა, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელიც იყო, 14 სექტემბერს ახალი წიგნის დეტალებზე ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში პირადად ისაუბრა. კიდევ ერთი პრეზენტაცია, მოგვიანებით, წიგნის მაღაზიათა ქსელში "პოლიტიკა და პროზა" გაიმართა.
ყოფილმა ოფიციალურმა პირმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე შიდა სიტუაციაზე, ასევე უცხოეთში წარმოებულ საბრძოლო კამპანიებზე და მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა. პენტაგონის ყოფილმა თავკაცმა, ამასთან, პრეზიდენტ ობამასთან განვითარებული ურთიერთობებიც განიხილა, თუმცა პატივისცემის მიუხედავად, მის მიმართ კრიტიკული შეფასებებიც არ დაიშურა.
მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონში, აშშ-ის კონგრესთან ურთიერთობისას, ძალიან რთული იყო საქმის განხორციელება და შედეგის მიღწევა, რამაც მას, ასევე, ცვლილების მიღწევის სურვილი დაუკარგა.
ერაყში განვითარებულ მოვლენებზე და იქ რადიკალური ძალების გააქტიურებაზე კომენტირებისას, პანეტამ ბრძანა, რომ ერაყის ყოფილი პრემიერ მინისტრი ნური ალ მალიკი პასუხისმგებელი იყო იმ სიტუაციაზე, რომელმაც, ნაწილობრივ, „ისლამური სახელმწიფოს“ აღმოცენება განაპირობა. „მეორე ფაქტორი, ამ სიცარიელის წარმოქმნაში იყო ისიც, რომ არაერთმა არაბულმა სახელმწიფომ მალიკის ზურგი აქცია. ერაყის მაშინდელი პრემიერი, ამ სახელმწიფოთა აზრით, ირანთან თანამშრომლობდა"-განაცხადა ავტორმა და ის, მათი აზრით, არ იყო ზომიერი არაბების დახმარების ღირსი. "ერაყის მხარდაჭერის, უსაფრთხოების ძალების ხელშეწყობის და ბაღდადზე ზეწოლის საშუალება კი მაშინ დაიკარგა, როცა ამერიკამ ერაყიდან სამხედრო შემადგენლობა სრულად გაიყვანა"- განაცხადა პანეტამ და დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის თანხმობის მიუხედავად, ერაყში რამდენიმე ათასი ამერიკელი ჯარისკაცის დისლოცირებისთვის საკმარისი ნება არ მოინახა.
ლეონ პანეტას წიგნის პრეზენტაცია დაემთხვა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კოალიციის ოპერაციების შესაჯერებლად გამართულ შეხვედრას ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე. ამერიკელი სამხედრო მთავარსარდლებისა და ოცდაორი უცხოური ქვეყნის თავდაცვის მინისტრის შეხვედრა შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ მარტინ დემფსის ინიციატივით გაიმართა. „ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის მინისტრებმა იმ ომის მიმდინარეობა გააცნობიერონ“-თქვა მან.
ამერიკის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და გლობალური კოალიცია, ამ ეტაპზე, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ომს აწარმოებს.
პანეტამ უკრაინის კრიზისის გამო რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვა "ცივი ომის ძველ სახელმძღვანელოში ჩაწერილ ახალ თავად შეაფასა". თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილმა მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინას დამატებითი სამხედრო დახმარება უნდა მიეცეს და რომ ნატოსთან მოკავშირეებთან ურთიერთობების გაღრმავება, პარტნიორ ქვეყნებთან კავშირების გაფართოების ხარჯზე, სწორი გამოსავალია.
გამოსვლის დასასრულს, ლეონ პანეტამ გამოთქვა რწმენა, რომ 2016 წელს, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად ჰილარი კლინტონს იხილავს, რომელსაც ის უპირობოდ დაუჭერს მხარს.