ლიდბელი - „ლუიზიანელი ლეგენდა“

„...პორტ-არტურში, თომას ჯეფერსონის სახელობის უმაღლეს სკოლაში სწავლისას, ჩემმა მეგობარმა გრანტ ლაიონსმა ერთი ფირფიტა მაჩუქა. ამერიკული ხალხური მუსიკა მისი წყალობით შემიყვარდა და, გარკვეულწილად, მან განსაზღვრა ჩემი მომავალიც. ფირფიტა „ლუიზიანელი ლეგენდის“ ბლუზების კრებულს წარმოადგენდა...მაშინ პირველად ვიგრძენი ამ მუსიკის მშვენიერება...“ - ეს სიტყვები ჯენის ჯოპლინს ეკუთვნის, რომელმაც „ლუიზიანელ ლეგენდად“ ჰადი უილიამ ლედბეთერი, მეტსახელად „ლიდბელი“, მოიხსენია.



„ლიდბელი“ 1885 წლის 29 იანვარს ლუიზიანას შტატის სოფელ მურინგსპორტში დაიბადა. თანატოლებისა თუ კოლეგა მუსიკოსების მსგავსად, მძიმე ბავშვობა არ ჰქონია, ასე თუ ისე შეძლებულ ოჯახში, ბლუზურ სიამტკბილობაში იზრდებოდა. 11 წლის ასაკში გამოცდილი ვირტუოზი და მულტიინსტრუმენტალისტი ეთქმოდა: მამამ აკორდეონზე, ხოლო ბიძამ ჰარპზე, გიტარასა და პიანინოზე დაკვრა შეასწავლა, ვოკალურ მონაცემებს კი, საეკლესიო გუნდში გალობისას ხვეწდა. ამგვარი გარემოებების გამო, სოფლის სასურველი სასიძო გახლდათ. 15 წლის ასაკში იქორწინა და შვილიც შეეძინა, თუმცა ამ გარემოებამ მეტად შეაშინა და უკანმოუხედავად გაექცა მამის პასუხისმგებლობას - მოხეტიალე ბლუზმენის ცხოვრების წესი არჩია. ლუიზიანასა და ტეხასის შტატები ფეხით შემოიარა, ხოლო დალასში ლეგენდარულ მუსიკოსს ბლაინდ ლემონ ჯეფერსონს გადაეყარა, რომელსაც იმდენად მოეწონა ყმაწვილის საშემსრულებლო ხელწერა, წლების მანძილზე გვერდიდან არ იშორებდა. უკვე შემდგარი და დამწყები მუსიკოსის თანამშრომლობა ორივე მათგანისათვის მეტად სასარგებლო გამოდგა: ჯეფერსონმა ვირტუოზი გიტარისტი შეიძინა, ხოლო ლიდბელიმ, გამოცდილებასთან ერთად, კლასიკური სოფლური ბლუზის უძველესი ნიმუშები შეისწავლა, უნიკალური მუსიკალური მასალა დააგროვა, რომელიც დავიწყებისთვის გახლდათ განწირული.



ორი თაობის მუსიკოსის თანამშრომლობას ერთმა სავალალო შემთხვევამ დაუსვა წერტილი. ცუდი სიმთვრალე ვის არ ჰქონია, მაგრამ ლიდბელი, მტრის და ავს, სიტყვას არავის შეარჩენდა. ერთხელაც ქალის გამო კოლეგა-გიტარისტს წაეჩხუბა, ის უბედური სასაფლაოზე გაისტუმრა, თავად კი ციხეში ამოყო თავი. თუმცა 7-წლიანმა პატიმრობამ მის ახირებულ ბუნებას ვერ უწამლა. გამოსული არ იყო, კვლავ შარში გაეხვია, მკვლელობის მცდელობისათვის ამჯერად 30 წელი მიუსაჯეს. საკანში ამოხდებოდა სული, რომ არა ცნობილი ამერიკელი ფოლკლორისტი, ეთნომუსიკოლოგი და მწერალი ალან ლომაქსი. იმ წლებში ეს პატივცემული ბატონი სოფელსოფელ, კარდაკარ დაირებოდა, ხალხური მუსიკის უნიკალურ თხზულებებს აგროვებდა და იწერდა, ციხეებშიც შეივლიდა ხოლმე. ბლუზმენები ლოთი-შფოთი ტიპები ბრძანდებოდნენ და ტეხასის შტატის საპატიმროებიც სავსე გახლდათ გზასაცდენილი არტისტებით. ჰოდა, როცა ალან ლომაქსმა ლიდბელის მოუსმინა, მიხვდა, რომ ცოცხალ არქივთან ჰქონდა საქმე, ბლუზმენთან, რომელიც გულით დაატარებდა ხალხური მუსიკის უიშვიათეს ნიმუშებს. რაღაც ხანს ჩანაწერებს საკანშივე აკეთებდა, მოგვიანებით კი შტატის გუბერნატორს შეწყალების შუამდგომლობით მიმართა, ოქრო კაცი გვეღუპება, მისი დაკარგვა ამერიკულ კულტურას აზარალებსო. გაირკვა, რომ შტატის თავკაციც ლიდბელის ნიჭის დიდი მეხოტბე ბრძანებოდა, საქმეს ფოლკლორისტის ავტორიტეტიც წაეხმარა და ბლუზმენი გაათავისუფლეს.



ლიდბელიმ ალან ლომაქსის მძღოლად დაიწყო მუშაობა, მხსნელთან ერთად შტატებს შორის მოგზაურობდა და ხალხური სიმღერების მოძიებაში ეხმარებოდა. შემდეგ ნიუ-იორკში დასახლდა და გარდაცვალებამდე კონგრესის ბიბლიოთეკის არქივისათვის 12 ალბომის ჩაწერა მოახერხა, მის მიერ დატოვებულმა უნიკალურმა ბლუზებმა კი უამრავი ახალგაზრდა მუსიკოსისა თუ ჯგუფის რეპერტუარი ასაზრდოვა: ბობ დილანი, ჯონი კეში, პიტ სიგერი, პოლ მაკარტნი და „ლედ ზეპელინი“ ლიდბელის ნაანდერძევ თხზულებებს ხშირად ასრულებდნენ. მათ შორის გახლდათ მე-19 საუკუნის ბალადა „Where Did You Sleep Last Night“, რომელიც ჯგუფმა „ნირვანამ“ გააცოცხლა.