რატომ შენდება ლაზიკა?

ლაზიკა

იქ, სადაც ქალაქი ლაზიკა უნდა აღმოცენდეს, უკვე დაიწყო იუსტიციის სახლის მშენებლობა. ამ ეტაპისთვის არსებობს მხოლოდ ამ დაწესებულებისა და კიდევ ბულვარის დეტალური პროექტი, ასევე ვიდეოკლიპი - პრეზენტაცია, რომელიც ზოგადად იმას აღწერს, თუ როგორი უნდა იყოს ლაზიკა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები სხვადასხვა აქტივობას მიმართავენ, რათა ლაზიკის იდეა ინვესტორებისთვისაც მიმზიდველი გახდეს.

ანაკლიის პატრიოტთა ბანაკის მახლობლად - იქ, სადაც ქალაქი ლაზიკა უნდა გაშენდეს - უკვე დაიწყო იუსტიციის სახლის მშენებლობა. პარალელურად, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ლაზიკის პროექტის მომზადებას ცდილობენ. 3-დან 5 აპრილის ჩათვლით, იუსტიციის სამინისტროში კონფერენცია ჩატარდა, რომელიც ქალაქ ლაზიკის კონცეფციის შემუშავებას მიეძღვნა. სწორედ ამ შეხვედრაზე იქნა ნაჩვენები ვიდეოკლიპი, რომელიც ანაკლიის რეგიონის განვითარებას ეძღვნება.

ლაზიკის იუსტიციის სახლის პროექტი

ამავე კლიპში დეტალურადაა აღწერილი, თუ რა პრინციპით იქნება მოწყობილი ქალაქი ლაზიკა. ზღვის პირას 3 მილიონ კვადრატულ მეტრზე გაშენებულ ქალაქში, შუშის ცათამბჯენების ”ა” ზონის გარდა, კიდევ სამი ზონა იქნება. შემდეგ ზონაში საცხოვრებელი რაიონი აშენდება, მომდევნო ნაწილი დაეთმობა კერძო სახლებს, ხოლო მეოთხე რეკრეაციული ზონა იქნება.

ქალაქს დაუკავშირდება რკინიგზის ხაზი, აშენდება აეროპორტი და საზღვაო პორტი. სწორედ საპორტო ქალაქის ჩამოყალიბების პერსპექტივა და სხვა ბიზნესფაქტორები აფიქრებინებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალიას, რომ ლაზიკა მიმზიდველი იქნება უცხოელი ინვესტორებისთვის:

”ეს იქნება სრულიად ახალი ქალაქი, საშუალება უცხოელი ინვესტორებისთვის ჩადონ თავიანთი ინვესტიციები ამ ქალაქში.”

ლაზიკის პროექტით უცხოელი ინვესტორების დაინტერესების გარდა, მასში ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის ჩართულობაზე საუბრობს თავისუფალი უნივერსიტეტის ხელმძღვანელი კახა ბენდუქიძე:

ჩვენ შევძლებთ შევქმნათ სპეციალური კარი თუ ფანჯარა, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებს შემოიხედონ საქართველოში...
კახა ბენდუქიძე

”ჩვენ შევძლებთ შევქმნათ სპეციალური კარი თუ ფანჯარა, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებს შემოიხედონ საქართველოში, შემოვიდნენ საქართველოში, ითანამშრომლონ საქართველოს ამ ნაწილთან და, ჩემი აზრით, შეიძლება შეასრულონ ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან პოზიტიური როლი ინტეგრაციის საკითხში.”

ყულევსა და ფოთს შორის ახალი საპორტო ქალაქის მშენებლობის შესახებ 2011 წლის დეკემბერში მოულოდნელად გამოაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ოპონენტებმა მისი ინიციატივა არასერიოზულ განცხადებად მიიჩნიეს და ფიქრობდნენ, რომ პრეზიდენტი რამდენიმე თვეში დაივიწყებდა ახალი ქალაქის გაშენების იდეას. მაგრამ ამ პერიოდმა აჩვენა, რომ პესიმისტების პროგნოზი არ გამართლდა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე იმ უპირატესობებზე საუბრობს, რის გამოც დაჭაობებულ ადგილზე ქალაქის დაარსება გადაწყდა:

”ფანტასტიკური მდებარეობა - ეს ერთი. მეორე, რომ 2000 კილომეტრის რადიუსში არც ერთი მსგავსი პროექტი არ არის რეალიზებული. მესამე, ეს არის დაუსახლებელი ტერიტორია, რომელიც არის თავისუფალი ყოველგვარი განვითარებისთვის და მეოთხე ეს არის მიმზიდველი გარემო ინვესტიციებისთვის რადგან საქართველომ ბევრი ნაბიჯი გადადგა რეფორმების კუთხით.”

ლაზიკის თემატიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია

ამ უპირატესობების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის ოპონენტები მაინც სკეპტიკურად არიან განწყობილი. მათ შორისაა ეკონომისტი და კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი ნოდარ ხადური. ის გაუმართლებელს უწოდებს ხელისუფლების ოპტიმიზმს და ფოთის მაგალითი მოჰყავს, რომელიც ლაზიკის მახლობლად მდებარეობს. ცნობილია, რომ მთავრობა ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უცხოური ინვესტიციების ნაკლებობას უჩივის. ნოდარ ხადური ამბობს:

”თუ შევხედავთ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას, ვნახავთ, რომ ისინი მკვეთრად შემცირდა. ამერიკული და ევროპული ინვესტიციებიც მოსალოდნელი არ არის. ამ ქვეყნებიდან ინვესტიციები შეწყდა და, რაც მთავარია, მკვეთრად შემცირდა ინვესტიციები არაბული ქვეყნებიდან. ცნობილია, რომ ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში არაბულ კომპანიებს უნდოდათ ახალი დუბაის შექმნა, მაგრამ ამისგან არაფერი გამოვიდა და არ გამოვა, სანამ ქვეყანაში სიტუაცია ასეთი რთული რჩება.”

ნოდარ ხადურისგან განსხვავებით, უფრო ოპტიმისტურადაა განწყობილი პრეზიდენტ რეიგანის ერთ-ერთი სპიჩრაიტერი თეთრ სახლში, ახლა კი ორგანიზაცია „ლიპ სიტის“ ხელმძღვანელი მარკ კლაგმენი. ისიც საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობს:

ლაზიკის ტერიტორია ამჟამად

”დიდ ინტერესს იწვევს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება შავი ზღვის პირას ახალი ქალაქის შექმნის თაობაზე. გასულ კვირაში გახლდით ბულგარეთში, სოფიაში, სადაც შავი ზღვის განვითარებით დიდად არიან დაინტერესებული. ძალიან აინტერესებთ, რას გააკეთებს საქართველო.

საქართველოში ეკონომიკური პოლიტიკა ძალიან მიმზიდველია, მაგრამ არსებობს დამატებითი ელემენტი: ესაა საერთაშორისო ინვესტორებისთვის საერთაშორისო სამართლებრივი გარემოს შეთავაზება, რათა ინვესტორმა ისევე ლაღად იგრძნოს თავი საქართველოში ინვესტიციების ჩადებისას, როგორც გრძნობს თავს საკუთარ ქვეყანაში - ნიუ-იორკში, ლონდონში ან სინგაპურში - ინვესტირებისას.”

საქართველოს მთავრობა ვარაუდობს, რომ ლაზიკის აშენებას 10 წლის მანძილზე შეძლებს. პროექტის ავტორების აზრით, ის უნდა იყოს საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი და დასავლეთ საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი.