ყავარჯენი

მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლები ჯალათის ახლებური სახეობის წარმოშობის ხანაა: სისტემური ჯალათი-სადისტის, რომელიც ჰიმლერის გესტაპოსა და იაგოდა-ეჟოვ-ბერიას ბოლშევიკური ჩეკას პირმშოა.

აი, ის ყავარჯნიანი კაცი, ქართული რეალობის ბოროტი ანარეკლი, პატიმარს რომ აუპატიურებს და ახლაც რომ არ ვიცით, სადაა, ვინაა და როგორ გამოიყურება, ანუ დაისაჯა თუ კვლავაც სისტემის ნაწილია (და ვისი ქმედებაც, სამწუხაროდ, უკვე ბევრმა ნახა სოციალური ქსელებისა და ზოგიერთი მონდომებული მოქალაქის მეშვეობით), იმ ყავისფერ-წითელი ოცდაათიანი წლების გაგრძელებაა: ასეთებს მრავლად ვიცნობთ შალამოვისა და სოლჟენიცინის შემაძრწუნებელი ტექსტებიდან.

„არქიპელაგ გულაგში“ მოთხრობილია იმ ჯალათის ამბავი, რომელიც თავისი უშუალო უფროსის, სტალინის

ყურმოჭრილი მონის, იაგოდას ბრძანებით აწამებდა, ასახიჩრებდა და აუპატიურებდ პატიმრებს, თუმცა, როცა უკვე თავად იაგოდა მოხვდა „მოღალატეთა“ რიგებში, ჩეკას ახალმა თავმა, ეჟოვმა, ყველაფერი იღონა, რათა „გამოცდილი კადრი“, ცნობილი მწამებელი, გადაერჩინა, მაგრამ განვლო მცირე ხანმა და ამჯერად უკვე ეჟოვი გამოდგა მოღალატე; და აი, ისევ იღბალი: ყველა დახვრიტეს (ეჟოვის ჩათვლით) ამ კაცის გარდა, რადგან სისტემის მიერ ნაცადი სადისტის შენარჩუნება ბერიასთვისაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

მისი ბოლო უცნობია. არ არის გამორიცხული, ბერიას დაღმასვლამდე გაეძლო, შეიძლება თავიც მოეკლა, ან მშვიდობიანად გასულიყო პენსიაზე. ამას არც აქვს დიდი მნიშვნელობა. საკუთრივ ეს კაცი მკვდარია, მაგრამ არ მომკვდარა გამოცდილება: ჯალათი ისევ ქმედითი ყოფილა, „ყავარჯნიანი კაცი“, თურმე, დღესაც არსებობს.

სამი წლის წინ ის ფიზიკურად ძალადობდა ადამიანებზე, ახლა − ფსიქიკურად, სოციალურად და პოლიტიკურად.

ჰყვებიან, ასევე, ამბავს ქართველი ჯალათის შესახებ (შეიძლება, სულაც ამ „ყავარჯნიანზე“), რომელსაც დედა და ძმა მოუკლეს აფხაზეთის ომის მერე, მაშინ, როცა სამეგრელოს დასჯა-დაძარცვას შეუდგნენ კრიმინალურ-გასამხედროებული ბანდები; ჰოდა, თუკი ასეა, გამოდის, რომ ეს ჯალათიც მსხვერპლი ყოფილა ოდესღაც.

ისევ კლასიკური მოდელი: ჩაგრული, რომელიც მჩაგვრელად იქცა, რადგან ისტორიამ ვერა და ვერ მოიცალა მისი დასახიჩრებული სულისთვის. ისტორიამ ვერ მოიცალა, ხოლო პოლიტიკამ ძალადობრივ ინსტრუმენტად აქცია სახელმწიფოს ხელში.

ახლა რაღა ვქნათ? მოვძებნოთ ჯალათი თუ სისტემას კვლავაც დასჭირდება ჩამოსაყრდნობად მისი ყავარჯნები?