ლარის კურსის ვარდნა გრძელდება

კვირის მიწურულს სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნული ბანკი იძულებული გახდა სავალუტო რეზერვებიდან 20 მილიონი აშშ დოლარი გაეყიდა. ამ ნაბიჯის გადადგმა ეროვნულ ბანკს ლარის კურსის ვარდნის ტენდენციამ აიძულა.

საქართველოს ხელისუფლება საგანგაშოს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ ლარის კურსის ვარდნამ ისტორიული რეკორდი დაამყარა.

ლარი კი არ გაუფასურდა, მოხდა დოლართან მიმართებაში გაცვლითი კურსის დაცემა
ზურაბ ტყემალაძე

საქართველოს ეროვნული ვალუტა თავისი არსებობის მანძილზე არასდროს ყოფილა ისეთი სუსტი, როგორიც ახლაა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე აქტიურად ცდილობს იმის მტკიცებას, რომ ლარის გაუფასურებაზე საუბარი არასწორია:

„ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დაეცა. იგივე კურსი აქვს შენარჩუნებული ევროსთანაც და სხვა ვალუტებთანაც. აქედან გამომდინარე, ლარი კი არ გაუფასურდა, მოხდა დოლართან მიმართებაში გაცვლითი კურსის დაცემა“.

ზურაბ ტყემალაძის აზრით, ლარის კურსის ცვლილება გამოწვეულია არა მარტო რეგიონალური, არამედ გლობალური ფაქტორებითაც:

„მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო რა მდგომარეობაშია ნავთობის ფასი. მგონი, სარეკორდო ნიშნულამდეა დასული. აქედან გამომდინარე, ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალობა", - განუცხადა ზურაბ ტყემალაძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მსგავსად, ლარის კურსის დაცემის მთავარ მიზეზად საგარეო ფაქტორებს ასახელებენ მთავრობის წარმომადგენლებიც. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის ფორუმის მიწურულს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საგანგაშო არაფერი ხდება:

ეს არის კორექტირება ლარის კურსის იმ დევალვაციასთან მიმართებაში, რომელიც გასულ დღეებში მოხდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში
გიორგი კვირიკაშვილი

„ეს არის კორექტირება ლარის კურსის იმ დევალვაციასთან მიმართებაში, რომელიც გასულ დღეებში მოხდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. აქ არაფერი საგანგაშო არ არის. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ყველა მიზეზი იმისათვის, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი, ვინაიდან საქართველოში წელს იქნება საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა და ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რაიმე ნეგატიური დავინახოთ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში“.

ლარის კურსის ვარდნის მთავარ მიზეზად საგარეო ფაქტორებს ასახელებს ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილიც. მათ შორის არის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ელიავა:

„ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ვალუტები უფასურდება: ზეწოლას განიცდიან, განსაკუთრებით, ნავთობის ფასის ვარდნის შედეგად; ფსიქოლოგიური ფაქტორი კი ისაა, რომ ადგილობრივი ბიზნესმენები ცდილობენ, თავიანთი კაპიტალის დაცვის მიზნით, ვალუტა გაიტანონ ქვეყნიდან. შესაბამისად, ბანკებს არ ჰყოფნით უცხოური ვალუტა იმისთვის, რომ მოემსახურონ ქვეყნიდან გასულ უცხოურ კაპიტალს“.

თუმცა ამ აზრს არ იზიარებს ეკონომისტების მეორე ნაწილი. ისინი მიიჩნევენ, რომ მეზობელი ქვეყნების ვალუტების გაუფასურებამ მთავარი სავაჭრო პარტნიორების პროდუქციის იაფად შეძენის შესაძლებლობები გააჩინა. მათ შორის არის ძირითადი საიმპორტო პროდუქცია: ნავთობპროდუქტები, ბენზინი, დიზელი და გაზი. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება ნავთობზე ფასების შემცირებას უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს. ასევე შემცირებულია საერთაშორისო ფასი ხორბალზე და სხვა პროდუქციაზე. ეკონომიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად საკუთარი ხარჯები უნდა შეამციროს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე იმაზე ლაპარაკობს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს მთავრობამ :

„რა თქმა უნდა, პრივატიზაციის პროცესი, ასევე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დაბალანსება და ნაკლები ლარის გამოშვება ბაზარზე“.

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ გაცვლის საშუალებად ოქროს ლარი, რომელიც არსებობს და შეიძლება მისი გამოყენება ყოველგვარი დანახარჯების გარეშე.
პაატა შეშელიძე

ასევე აუცილებლად უნდა გაიზარდოს უცხოური ინვესტიციები და შეიცვალოს ბიზნესგარემო. ამ მოკლე და საშუალოვადიან ამოცანებს ემატება ძირეული რეფორმების გატარების აუცილებლობა, რაც ეროვნული ვალუტის ბედის განსაზღვრას უკავშირდება. „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე დიდი ხანია მყარ ვალუტაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის:

„არ გვჭირდება ლარი, რომელიც არის ფარატინა ქაღალდი და არაფრით არ არის უზრუნველყოფილი. ჩვენ არ გვჭირდება მონეტარული პოლიტიკა, რომელიც არის პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებული. აქედან გამომდინარე, ჩემი რეკომენდაციები იყო ძალიან მარტივი: ჩვენ უნდა გამოვიყენოთ გაცვლის საშუალებად ოქროს ლარი, რომელიც არსებობს და შეიძლება მისი გამოყენება ყოველგვარი დანახარჯების გარეშე. არსებული ლარი უმჯობესია მიბმული იყოს დოლართან ან ევროსთან და უზრუნველყოფილი იყოს მისი გაცვლა ფიქსირებული კურსით, ისევე როგორც შეიძლება დაშვებული იყოს სხვა ვალუტებიც“.

საქართველოს ხელისუფლება, ამგვარ ინიციატივებზე მუშაობის ნაცვლად, ლარის სტაბილიზაციას ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების ხარჯვით ცდილობს. უკანასკნელი ერთი კვირის მანძილზე ამ მიზნით 40 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა, ლარი კი ვარდნას მაინც განაგრძობს.