გასული კვირა კვლავ ლარის კურსის ცვლილებით აღინიშნა: რამდენიმეთვიანი წონასწორობის შემდეგ 2,4-მდე ფარგლებში, ლარის საბაზრო კურსმა თანდათან 1 დოლარი 2,5 ლართან ნიშნულს მიაღწია. 2016 წლის 22 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი მაინც 2.4705 შეადგინა.
როგორც მედია იხსენებს, ეს ლარის კურსის მაქსიმალური ნიშნულია მისი არსებობის მანძილზე. 1997 წელს შემოღებულმა საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 1998 წლის დეკემბრიდან დაიწყო და 1999 წლის 23 თებერვალს 1 აშშ დოლარის ფასმა მაქსიმალურ ნიშნულს - 2.45 ლარს - მიაღწია, თუმცა ეს კურსი ორ დღეში 2.39-მდე ჩამოვიდა, 27 თებერვალს - 2.35-მდე, ხოლო წლის ბოლოს 1.93-ზე დასტაბილურდა.
აშშ დოლართან მიმართებაში საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ მორიგი გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 2014 წლის ნოემბრის დასაწყისში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 1.7542 ლარი იყო.
ლარის კურსის დღევანდელი ცვლილება, არსებითად, მოულოდნელი არ იყო შიდა და გარე ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით. ეს მოლოდინი განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო დღეებში, როცა ჩვენს მეზობელ ქვეყნებს და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებს - აზერბაიჯანსა და რუსეთს-სავალუტო პრობლემები შეექმნათ.
სულ ერთი კვირის წინ ჩვენ უკვე გვქონდა ლაპარაკი იმაზე, რომ აზერბაიჯანის ვალუტამ 2015 წლის 22 დეკემბრიდან დღემდე, დაახლოებით, 35-პროცენტიანი ვარდნა განიცადა დოლართან მიმართებაში და ქვეყანაში გარკვეული სავალუტო პანიკაც დაიწყო. ამ ვარდნის წინაპირობა იყო აზერბაიჯანის მიერ ეროვნული კურსის თავისუფალ ცურვაში გაშვება და, პარალელურად, ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი დაცემა. ამ პროცესმა უკვე შეამცირა აზერბაიჯანელ ტურისტთა ნაკადი საქართველოს სამთო კურორტებზე და, დიდი ალბათობით, შეამცირებდა ექსპორტზე მოთხოვნასაც, რაც საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ იანვრის მონაცემების შეჯამების შედეგად გახდება, სავარაუდოდ, ცნობილი.
ისტორიული მინიმუმი „მოხსნა“ ამ დღეებში რუსულმა რუბლმაც: 21 იანვარს მოსკოვის ბირჟაზე დოლარის კურსმა, 1998 წლის დენომინაციის შემდეგ პირველად, 84 რუბლს გადააჭარბა და მაქსიმალურ მაჩვენებელს - 84,81 რუბლს - მიაღწია. რუსული მედიის ცნობით, გუშინ ერთი დოლარის ღირებულება 3,41 რუბლით ნაკლები იყო.
ვაჭრობის დაწყებიდან ნახევარ საათში სამ რუბლზე მეტით გაიზარდა ევროს ღირებულებაც და ერთი ევროს ღირებულებამ 91,555 რუბლი შეადგინა, რაც 4,4 %-ით მეტია გუშინდელ მაჩვენებელზე. რუბლთან მიმართებაში ევროს ისტორიული მაქსიმუმი 2014 წლის 15 დეკემბერს დაფიქსირდა, როცა ერთიანი ევროპული ვალუტის ღირებულებამ 100,74 რუბლი შეადგინა.
რუსული რუბლის დევალვაციის პროცესი ბოლო წლის მანძილზე მუდმივად აისახებოდა საქართველოზეც, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში უფრო მეტად გახდა დამოკიდებული რუსულ ბაზარზე, ვიდრე მანამდე. შესაბამისად, ესეც ფაქტორია ქართული ვალუტის „ქცევაზე“ სასაუბროდ.
საგარეო ფაქტორების გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დღემდე ვერ შეძლო ამ ხილული საფრთხეებისთვის რეალური თანმიმდევრული პოლიტიკის დაპირისპირება. მიუხედავად 2015 წელს დაწყებული მცდელობებისა რუსეთის ბაზრის პარალელურად კვლავ გაძლიერებულიყო ორიენტაცია სხვა ბაზრებზე, ჯერჯერობით მეტ-ნაკლებად რადიკალური ცვლილებები ამ მიმართულებით არ ჩანს. დადებით სიგნალებს იძლევა ჩინეთის ბაზარზე გასვლის მცდელობები და ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის მცირე, მაგრამ მაინც ზრდა. ასევე კვლავ პრობლემად რჩება ქვეყნის საინვესტიციო და საიმიგრაციო პოლიტიკა, რომელიც აღმოსავლეთის საშუალო ბიზნესს საქართველოში ფულის ჩადების მოტივაციას არ უქმნის.