ლარის კურსის გასაჩერებლად მთავრობა ახალ ვალს იღებს

რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა ისევ უფასურდება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ახალი კურსის თანახმად, 20 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.1472 ლარად იქნება შესაძლებელი.

მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა თავის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენება სცადა და ნაწილობრივ შეანელა, მაგრამ ვერ შეაჩერა ლარის კურსის ვარდნის პროცესი, საქართველოს მთავრობაში, როგორც ჩანს, დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ ეკონომიკურ პოლიტიკას გადახედვა სჭირდება, თუმცა ამ ეტაპზე, მოკლევადიანი ეფექტის გასაძლიერებლად, ისევ საგარეო ვალის გაზრდას მიმართეს: როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ლარის კურსის მოკლე ვადაში დასტაბილურების მიზნით, საქართველოს მთავრობა სავალუტო ფონდის მისიისგან დამატებით თანხას ითხოვს.
ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომ დამატებითი თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებში იქნება ჩადებული:
"მე განვაცხადე, რომ ექსპორტის წახალისების მექანიზმი არ არის მოკლევადიანი ეფექტის მომტანი და არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ეს ინსტიტუტი რაიმე მოკლევადიან შედეგს გამოიღებს. მოკლევადიან შედეგზე ორიენტირებული ზომები, რასაც ჩვენ ვიღებთ, არის ის, რომ ორშაბათს გვაქვს სავალუტო ფონდის მისიასთან შეხვედრა, რომელზეც განვიხილავთ ინფრასტრუქტურული ზეგანაკვეთური პაკეტის მოცულობას. ჩვენ მოვითხოვთ დამატებით ფულს კაპიტალური დანახარჯების მიზნით, რათა განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ეს არის ის პირველადი ზომები, რაც ამ შემთხვევაში შექმნილი სიტუაციის ადეკვატურია".

ეს განცხადება ძალიან საინტერესოა იმ ფონზე, როცა უკვე ორი წელია მთავრობა ბიუჯეტების შექმნისა და დამტკიცების დროს უგულებელყოფს ექსპერტთა - მათ შორის, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის - რეკომენდაციებს, თავი შეიკავონ დამატებითი სოციალური ვალდებულებებისგან და გაზარდონ ინფრასტრუქტურული ხარჯები. დღევანდელი მდგომარეობით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, უმეტესწილად, იმეორებს 2014 წლის ტენდენციებსა და პრიორიტეტებს, კერძოდ, ბიუჯეტის დაახლოებით მესამედი გამოყოფილია სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით. არაფინანსური აქტივების ზრდის მიმართულებით, შარშანდელის მსგავსად, გამოყოფილია მთლიანი საბიუჯეტო გადასახდელების სულ 10 პროცენტი.

მეტიც, ხელისუფლება ამ წლების განმავლობაში არა მხოლოდ თავს იკავებდა ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ბიუჯეტის დამტკიცებისგან, არამედ ვერ ახერხებდა იმ თანხების ათვისებასაც კი, რომელიც ბიუჯეტში ამ მიმართულებით იყო გათვალისწინებული - მათ შორის, ვერ ახერხებდა ინფრასტრუქტურისათვის დასახარჯი გრანტების ათვისებას. 2013 წელს, როგორც ცნობილია, ბიუჯეტი გაირღვა 632 მილიონი ლარით, 2014 წელს კი თანხის აუთვისებლობა შეადგენს 103 მლნ ლარს.

შესაბამისად, პრობლემაა არა მხოლოდ ახალი ფინანსური რესურსის მოზიდვა, არამედ მისი ეფექტური ხარჯვა, რაც ზემოთ მოყვანილი ციფრებითაც დასტურდება.

რაც შეეხება ვალის მოცულობას, საქართველოს საკრედიტო რესურსის წილი მთლიან საბიუჯეტო სახსრებში 2013 წელს არსებული 3 პროცენტიდან 2014 წელს 12 პროცენტამდე გაიზარდა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა 2009-2010 წლებში, მსოფლიო კრიზისისა და ომის ფონზე. 2013-2015 წლებში ნავარაუდევია 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი საგარეო ვალდებულებების აღება. საქართველოს მთავრობის საგარეო ვალს მშპ-სთან მიმართებაში ჯერჯერობით კრიტიკულ ზღვრამდე არ მიუღწევია, თუმცა მისი მუდმივი ზრდა ცხადყოფს, რომ საჭიროა სტრატეგიის განსაზღვრა, რათა დამატებითი ვალების აღებამ ეკონომიკისთვის მხოლოდ უარყოფითი ეფექტი არ იქონიოს.

რაც შეეხება თავად მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს, ფაქტია, რომ არსებულ სიტუაციაში დამატებითი რესურსის მოზიდვა საგარეო წყაროებიდან და მისი ჩადება ინფრასტრუქტურაში აუცილებელი და გადაუდებელი ღონისძიებაა. ეს, სავარაუდოდ, დადებითად აისახება ლარის კურსზე, თუმცა ფაქტია ისიც, რომ ეს პროცესი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და თუ მთავრობა სხვა სწორ ნაბიჯებსაც არ გადადგამს, კრიზისი დაემუქრება არამხოლოდ ქვეყნის ეროვნულ ვალუტას.