საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში, გასული წლების მსგავსად, წელსაც სასწავლო პროცესი საქონლის ყოფილ სადგომში განახლდება. განათლების სამინისტროში ადასტურებენ, რომ სექტემბრისთვის სკოლის მშენებლობის დასრულება ვერ მოესწრება. სკოლა, რომელიც ლამბალოში 2013 წლიდან შენდება, ქვეყნის ბიუჯეტს 4 მილიონ 300 ათას ლარამდე უჯდება.
სულ რამდენიმე დღეში ათეულობით წლის წინ დამზადებული ჟანგმოკიდებული ლითონის ზარი აუწყებს ადგილობრივ მოსწავლეებს, რომ ლამბალოს სკოლაში სასწავლო წელი დაიწყო.
სკოლაში პირობითად, რადგან 1000-ზე მეტი მოსწავლე განათლების მიღებას შეუდგება კვლავაც ერთ დროს საქონლის სადგომებისთვის განკუთვნილ ოთახებში.
Your browser doesn’t support HTML5
სკოლის დირექტორის, დავით როსტომაშვილის, თქმით, მართალია, ახალი სკოლა ჯერაც არ აქვთ, მაგრამ სასწავლო პროცესის დასაწყებად სრულ მზადყოფნაში არიან. ამბობს, რომ პირველკლასელები წელსაც მიიღებენ ბუკებს, ხოლო სახელმძღვანელოები ყველა მოსწავლისთვის აქვთ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანულენოვან სოფელში მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები სკოლის აშენებას უკვე წლებია ელოდებიან. მათ შორის არის მოსწავლე ფირდონ ჯაფაროვი და პედაგოგი ამილ ალიევი.
სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია, თუმცა შენობა საექსპლუატაციოდ მზად არ არის. სამუშაოები, მუშებისთვის ხელფასის გადაუხდელობის გამო, რამდენიმე თვე შეჩერებული იყო.
სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის, გიორგი შალუტაშვილის, თქმით, “სკოლას 1000 მოსწავლეზე თურქული კომპანია აშენებდა, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების დარღვევის გამო მათთან კონტრაქტი შეჩერებულია“. უწყებამ კომპანია დააჯარიმა.
გიორგი შალუტაშვილი გვეუბნება, რომ სამუშაოების დარჩენილ ნაწილს ტენდერის შედეგად შერჩეული შპს „ტრანსმშენი“ შეასრულებს. ეს კომპანია ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 მილიონ 500 ათას ლარს მიიღებს.
სკოლის შენება 2013 წელს დაიწყო და ის 2015-ში უნდა დასრულებულიყო. საერთო ჯამში, პროექტის ბიუჯეტი 4 მილიონ 297 ათას ლარზე მეტია.
სასწავლო დაწესებულების გახსნის ახალ ვადად 2016 წლის ოქტომბერი სახელდება. მანამდე კი ლამბალოელ მოსწავლეებს 10 წელზე მეტია განათლების მიღება ერთ დროს საქონლის სადგომებისთვის განკუთვნილ ოთახებში უწევთ, რომლებიც სოფლის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილზეა დაქირავებული.