ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება 2017 წელს ლაგოდეხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოსახლეობის ჯანმრთლეობისა და სოციალური პროგრამის ფარგლებში. გაჭირვებული ადამიანების დახმარება რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, თუმცა მათ შორის არ არის დაზიანებული საცხოვრებელი სახლების შეკეთება.
Your browser doesn’t support HTML5
525 ათასი ლარია გამოყოფილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოსახლეობის ჯანმრთლეობისა და სოციალური პროგრამისთვის. ეს პროგრამა რამდენიმე სახის დახმარებას ითვლისწინებს: უფასო კვება, სამედიცინო კვლევებისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება, გაჭირვებული მოქალაქეების სათბობი მასალით უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დახმარება და ა.შ. ამ პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია ელექტროენერგიის გადასახადი. კატერინა ბლიაძე იმ გაჭირვებულთა რიცხვს განეკუთვნება, რომელთაც უფულობის გამო კომუნალური გადასახადების გადახდა უჭირთ. კატერინა ბლიაძე ახლა დოკუმენტებს აგროვებს, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დახმარების თხოვნით მიმართოს. თუ მის მოთხოვნას დააკმაყოფილებენ, ის ყოველთვიურად 8 ლარს მიიღებს, რომ ელექტროენერგიის გადასახადი გადაიხადოს.
ლაგოდეხის გამგეობაში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი ნატო ბატიაშვილი გვეუბნება, რომ უმეტეს შემთხვევაში ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მოსახლეობის მოთხოვნები კმაყოფილდება. როგორც ირკვევა, ყველაზე მეტად ადგილობრივ ხელისუფლებას სხვადასხვა სახის ოპერაციებისა და მკურნალობის ხარჯების თანადაფინანსებისთვის მიმართავენ.
მართალია, მოსახლეობის ჯანმრთლეობისა და სოციალური პროგრამისთვის ლაგოდეხში ნახევარ მილიონ ლარზე მეტია გამოყიფილი, მაგრამ ეს პროგრამა ყველა სფეროს ვერ მოიცავს. მაგალითად, არ ფინანსდება დაზიანებული სახლების შეკეთება, თუკი ზიანი არ გამოიწვია სტიქიურმა უბედურებამ. ლაგოდეხის გამგებელი კახა ჯამბურია ამბობს, რომ თუ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების შეკეთებაში დაეხმარებიან, მაშინ სხვა პროგრამებზე უნდა თქვან უარი.
აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების პროგრამამ წელს ცვლილება განიცადა. ამ ცვლილების მიხედვით, აღარ გაიცემა 100-ლარიანი ერთჯერადი დახმარებები და აღარ დაფინანსდება მედიკამენტები. პასუხისმგებელი პირები ამბობენ, რომ ეს თანხები ოპერაციებისა და სხვა მკურნალობის თანადაფინანსებაზე გადანაწილდა.