პროფესიული გადამზადებისა და სწავლების ცენტრი ლაგოდეხში სტუდენტებს მიმდინარე წლის შემოდგომიდან მიიღებს. ცენტრი ლაგოდეხში ყოფილი “პროფტექნიკუმის” ბაზაზე განთავსდება. ამჟამად მიმდინარეობს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ჯდება.
ლაგოდეხში ყოფილი “პროფტექნიკუმის” ბაზაზე პროფესიული გადამზადებისა და სწავლების ცენტრისთვის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო, მაშინ, როდესაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე იყო. მაშინ მინისტრმა თქვა, რომ ცენტრი სტუდენტებს 2016 წლის სექტემბრიდან მიიღებდა, თუმცა სამუშოები თითქმის ნახვარი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო და, შესაბამისად, ვადებმაც გადაიწია.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი შალუტაშვილმა გვითხრა, “რეაბილიტაციის დროს აღმოჩნდა, რომ შენობის ერთ ნაწილს საძირკველი ჰქონდა დაზიანებული, რის გამოც მისი გამაგრება დაიგეგმა“. შალუტაშვილი ამბობს, რომ შენობის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.
გეგმის მიხედვით, ცენტრში, რომელიც თანამედროვე სტანდარტების აპარატურით უნდა აღიჭურვოს,სტუდენტებს სხვადასხვა პროფესიული პროგრამის დაუფლება შეეძლებათ. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთა საჭიროებებზეც. ლაგოდეხის პროფესიული გადამზადებისა და სწავლების ცენტრი საზოგადოებრივი კოლეჯის, „აისის“, წარმომადგენელი იქნება. კოლეჯ „აისის“ ხელმძღვანელი ნათელა პაპუნაშვილი ამბობს, რომ სტუდენტების მიღება 2017 წლის შემოდგომიდან დაიწყება.
კახეთის რეგიონში ზოგ დარგში კვალიფიციური კადრების ნაკლელობაზე თავად მოსახლეობაც ხშირად ლაპარაკობს. მაგალითად, სოფლებში, სადაც მესაქონლეობას მისდევენ, ვეტერინარების დეფიციტზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ ვეტერინარიის, როგორც პროფესიის, მივიწყებამ საკადრო დეფიციტი გამოიწვია.
ლაგოდეხის პროფესიული გადამზადებისა და სწავლების ცენტრში ერთ-ერთი პროფესია, რომელსაც 2017 წლის შემოდგომიდან დაინტერესებულ პირებს შეასწავლიან, სწორედ ვეტერინარია იქნება, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს შესასწავლად შერჩეული პროფესიული მიმართულებების ზუსტი ჩამონათვალი. კოლეჯ „აისის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ისინი ამჟამად მუნიციპალიტეტის საჭიროებების შესწავლით არიან დაკავებულნი და სპეციალობებიც ამის შემდეგ განისაზღვრება. სწავლება კოლეჯში უფასო იქნება.