დაცული ტერიტორიების სააგენტო 15-წლიანი იჯარით ლაგოდეხის ნაკრძალში მდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურის გასხვისებას აპირებს. ორი აუქციონი უკვე შედგა, თუმცა გამარჯვებული ჯერ არ ჰყავს. ახლა მესამე აუქციონის გამოცხადება იგეგმება. გამარჯვებული ვალდებული იქნება 60 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს და სასტუმრო და კაფეტერია აამუშაოს.
დაცული ტერიტორიების სააგენტომ სარგებლობაში გადასაცემად ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე მდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურა აუქციონზე გამოიტანა. როგორც ლაგოდეხის ნაკრძალის ადმინისტრაციაში გვითხრეს, აღკვეთილის ტერიტორიაზე მდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურა კაფეტერიას და სასტუმროს ნომრებს მოიცავს. ამ ობიექტს 2012 წლამდე თავად დაცული ტერიტორიების სააგენტო მართავდა და ამუშავებდა, თუმცა, როგორცლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა გიორგი სულამანიძემ განაცხადა, ბიუროკრატიული პროცედურების გამო, სააგენტოს სასტუმროს მართვა გაუჭირდა:
„ვერ არის ეფექტური ორგანიზაციის ფუნქციონირება, რომელიც ცენტრალიზებულად იმართება. ჯობია, რომ კერძო ინვესტორს ჰქონდეს იჯარით, რადგან ის მოქნილია და ძალიან სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს. შეუძლია მრავალფეროვანი სერვისები შესთავაზოს ტურისტებს. აუდიტისა და მოკვლევის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ინფრასტრუქტურა 15-წლიანი იჯარით გაგვეტანა აუქციონზე“.
იმის გამო, რომ დაცული ტერიტორების სააგენტომ სასტუმროს მართვა ვერ შეძლო, გადაწყვიტა ტურისტული ინფრასტრუქტურა აუქციონზე გაეტანა, თუმცა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მესამე აუქციონი უნდა დაინიშნოს, რადგან, სხვადასხვა მიზეზით, ინფრასტრუქტურის მფლობელი ჯერ ისევ სახელმწიფოა. გიორგი სულამანიძე ამბობს:
„პირველი აუქციონი შედგა, მაგრამ ინვესტორმა ბოლო მომენტში თქვა უარი, რადგან საინვესტიციო პერიოდი მოკლე დროზე იყო გათვლილი. მეორე აუქციონში მონაწილეობა არავის არ მიუღია. ახლა გადავწყვიტეთ, რომ მიზეზები დეტალურად შევისწავლოთ და შემდეგი აუქციონი ასე გამოვაცხადოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მესამე აუქციონზე ოპტიმალური პირობები იქნება“.
მანამდე, ვიდრე ლაგოდეხის ნაკრძალში სასტუმრო და კაფეტერია დაიწყებს ფუნქციონირებას, ამ ქალაქისა და ნაკრძალის სტუმრებს, სურვილის შემთხვევაში, ძირითადად საოჯახო სასტუმროებში მოუწევთ გაჩერება. სამოგზაურო მარშრუტი ლაგოდეხის ნაკრძალში ძირითადად მაისიდან იწყება და ნოემბრამდე გრძელდება. ამ დროს სეზონისთვის დამახასიათებელი მზიანი ამინდები კარვებში ღამის თევისა და ცხენებით გასეირნების საშუალებასაც იძლევა. ტურების დროს, სხვა სანახაობებთან ერთად, ვიზიტორებს საშუალება აქვთ ნახონ ისეთი გარეული ნადირი, რომელიც მხოლოდ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობს. ლაგოდეხის ნაკრძალი თავისი უნიკალურობითა და ხელშეუხებელი ბუნებით სამოგზაურო-სათავგადასავლო, ეკო-კულტურული ტურიზმის მოყვარული უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს. ჩვენ ადგილობრივებსაც ვესაუბრეთ და ვკითხეთ, როგორ აფასებენ კახეთში ტურისტულ სეზონს და ინფრასტრუქტურას:
„ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ გასართობი ცენტრები ან რაიმე მსგავი გაკეთდება“;
„ბავშვებს გასართობი არ აქვთ და ქუჩაში დადიან“;
„ამბობენ, რომ ლაგოდეხი ტურისტული რაიონიაო და აქ პატარებისთვის ერთი ატრაქციონიც კი არ არის“.
ლაგოდეხში ტურიზმი მეტ-ნაკლაბად განვითარებულია, თუმცა მოსახლეობის ნაწილი გვეუბნება, რომ არ არის მუდმივად ფუნქციონირებადი კინოთეატრი, ასევე ღამის კლუბი და საცურაო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი. მოუწესრიგებელია სხვა ინფრასტრუქტურაც. ერთი, რაც მრავლად არის, ეს საოჯახო სასტუმროებია, თუმცა ყველა - თითქმის ერთნაირი.ქალაქში შეინიშნება კვების ობიექტების ნაკლებლობაც. არც კაფე-ბარი ფუნქციონირებს.