სოფლის საძოვარი საკრებულოს დეპუტატმა შეიძინა

კახეთი

ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთის მოსახლეობის ნაწილს ის მიწები ჩამოართვეს, რომელსაც წლების განმავლობაში საძოვრად იყენებდნენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მიწები, რომელსაც 20 წლის მანძილზე საძოვრად მოიხმარდნენ, დღეს მხოლოდ ერთი ადამიანის, სოფლის დეპუტატისა და საკრებულოს წევრის, გივი კობერიძის საკუთრებაა:

„ამ საქმის ხელშემწყობი არიან სოფლის დეპუტატი და რწმუნებული. ისინი სოფელს არაფრად არ აგდებენ, არ ეკითხებიან, რა უნდათ და რა არა“.

„საძოვრის გარეშე რჩება სოფელი. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა შემოსავლის ერთ-ერთ ძირითად წყაროს კარგავს“.

„რამდენად კანონიერად იყიდა დეპუტატმა ეს მიწა, ჯერ კიდევ გასარკვევია. თუ რამე იქნებოდა, სოფელი ვიყიდიდით“.

თუ როდის და რა საფუძველზე მოხდა მიწის ნაკვეთის გასხვისება, ამის შესახებ ადგილობრივები ინფორმაციას არ ფლობენ. სოფლის მცხოვრებლები ამტკიცებენ, რომ ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი გოზალიშვილმა ისინი შეცდომაში შეიყვანა და მიწა, რომლის გაყიდვაც მათთან შეთანხმებით უნდა მომხდარიყო, ჩუმად გაიყიდა:

მიწა იყო სახნავი კატეგორია, რომელიც უნდა გაყიდულიყო. არსებული კანონმდებლობის თანახმად, ვინც ფლობდა მიწას, ამუშავებდა, ჰქონდა უფლება, საკუთრებაში დაეკანონებინა აღნიშნული...
გივი კობერიძე
„გოზალიშვილმა რომ თქვა, ეს მიწა არ მოიხვნებაო და მოგვატყუა! შენ სოფლის მოსახლე ხარ და მარტო შენს ოჯახზე რომ ფიქრობ, სოფელზე რატომ არ ზრუნავ? სოფელს ხომ არსებობა უნდა. თქვენი საკუთარი მიწები 5 000 დოლარებად გაყიდეთ და ეს, ჩვენი მიწები, ჩალის ფასად მიითვისეთ!“.

მიწის ახლანდელი მფლობელი გივი კობერიძე ამბობს, რომ მან ეკონომიკის სამინისტროს მიერ გასაყიდი მიწის თაობაზე ინფორმაცია გასულ წელს მიიღო და ადგილობრივ ხელისუფლებას, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მიწის შესყიდვის თხოვნით მიმართა, არჩევნების დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ კი ის ოფიციალურად გაიფორმა. საკრებულოს წევრი აღნიშნული მიწის ერთადერთი მეპატრონეა. ის 5 ჰექტარამდე მიწას ფლობს.

„მიწა იყო სახნავი კატეგორია, რომელიც უნდა გაყიდულიყო. არსებული კანონმდებლობის თანახმად, ვინც ფლობდა მიწას, ამუშავებდა, ჰქონდა უფლება, საკუთრებაში დაეკანონებინა აღნიშნული. სწორედ ამ პრინციპით შევიძინეთ 5 ჰექტარამდე მიწა“, ამბობს გივი კობერიძე.

გიორგეთელები საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ კანდიდატს, გიორგი გოზალიშვილს ედავებიან. ისინი ამბობენ, რომ ახლა უკვე მოქმედი დეპუტატი წინასაარჩევნო შეხვედრაზე მიწების ხელშეუხებლობას დაჰპირდა, თუმცა არჩევნების დასრულების შემდეგ სულ სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. ჩვენ გიორგი გოზალიშვილსაც ვესაუბრეთ. იგი არ გამორიცხავს, რომ მოსახლეობასთან შეუთანხმებლად მიწების დაკანონებით მორალური პრინციპები დაირღვა.

3-4 წელი იხდიდნენ გადასახადს და მფლობელობაში ჰქონდათ, მერე პრეზიდენტის ბრძანებულება გამოვიდა და ამის საფუძველზე შეისყიდეს მიწები...
მამუკა ხიდიშელი
„მეორე საკითხია სოფელთან ურთიერთობის მომენტი. თუ ეს იყო საერთო სარგებლობის მიწა და მან არ შეათანხმა მოსახლეობასთან, შეიძლება ჩაითვალოს, რომ დარღვეულია მორალური პრინციპები“.

2012 წლის 15 სექტემბერს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, პირს, რომელიც მიწას 5 წელი ფლობდა, ამუშავებდა და ადგილობრივ ბიუჯეტში ფული შეჰქონდა, შესაძლებლობა მიეცა მიწები დაეკანონებინა. ამგვარი სცენარით, ქვეყნის მასშტაბით დიდი ოდენობის სახნავი კატეგორიის მიწა გაიყიდა. მათ შორის აღმოჩნდა გიორგეთის მიწაც. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული მამუკა ხიდიშელი ამტკიცებს, რომ მიწა ახლა კანონიერი მფლობელის ხელშია. თუმცა მისი საუბრიდან ირკვევა, რომ საკრებულოს დეპუტატი გივი კობერიძე მიწას არა 5 წელი, არამედ 3-4 წლის განმვლობაში მოიხმარდა.

„3-4 წელი იხდიდნენ გადასახადს და მფლობელობაში ჰქონდათ, მერე პრეზიდენტის ბრძანებულება გამოვიდა და ამის საფუძველზე შეისყიდეს მიწები“.

სოფელ გიორგეთის მოსახლეობა მიწების დაბრუნებას ითხოვს და სამართლებრივ ბრძოლას აპირებს. საქმით შესაძლოა პროკურატურაც დაინტერესდეს. არასამთავრობო სექტორი კი პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმებას და აუქციონებისა და ტენდერების შედეგების გადახედვას ითხოვს.