შრომის კოდექსის ”ოქროს კვეთი”

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მომავალი კვირიდან იწყებს შრომის კოდექსის მეორე მოსმენით, მუხლობრივ განხილვას. გავრცელებული ცნობით, შესაძლოა პროექტი მომავალ კვირაშივე გავიდეს პლენარულ სხდომაზე. პარლამენტში ჯერჯერობით ვერ აზუსტებენ, პირველი მოსმენის, მოგვიანებით კი, საჯარო განხილვების შემდეგ, რა ცვლილებები განიცადა პროექტმა. თუმცა ბოლო დღეებში შრომის კოდექსთან დაკავშირებული განცხადებების ფონზე ნათელი ხდება, რომ მთავრობა პროექტის ცვლილებებზე მუშაობს.

შრომის კოდექსის ცვლილებების კანონპროექტის შესწორებებისთვის მთავრობის მზაობა, თავის მხრივ, 8 მაისს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ დაადასტურა:

”ეს არის ძალიან კარგი პროექტი, მაგრამ ძალიან კარგი პროექტი შეიძლება გახდეს უკეთესი პროექტი, თუ გარკვეული ცვლილებები შევა ისეთი, რომელსაც დაეთანხმება ყველა მხარე. ჩვენ ახლა ამ პროცესში ვართ”.

კანონპროექტის გარშემო აჟიოტაჟი მას შემდეგ ატყდა, რაც საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ პროექტს როზა ლუქსემბურგის ოცნების პროექტი უწოდა და იგი დასაქმებულების მიმართ ზედმეტი მიკერძოების გამო გააკრიტიკა. მოგვიანებით გიორგი მარგველაშვილს დაეთანხმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ კანონპროექტი დაქირავებულებს ”გადაჭარბებულად მეტ უფლებებს” ანიჭებს. ადამიანური პირობები შევუქმნათ დაქირავებულებს, მაგრამ ინტერესი არ დავუკარგოთ ინვესტორებსო, აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა:

”ინვესტორს არ უნდა გავუფუჭოთ და არ უნდა დავუკარგოთ მადა იმისა, რომ შემოვიდეს საქართველოში და ინვესტიციები განახორციელოს. აი, აქ უნდა ვნახოთ ჩვენ ოქროს კვეთი - რის მხარეს უნდა გადაიხაროს ეს, დაქირავებულის თუ დამქირავებლის მხარეს. ჩემი პოზიციაა, რომ დამქირავებლის მხარეს”.

ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ ფორმულირებების შეთანხმებასთან, რომელიც ყველაზე უფრო ადეკვატურად ასახავს, ერთი მხრივ, საერთაშორისო სტანდარტებს, მეორე მხრივ, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ინტერესებს...
დავით უსუფაშვილი
დაქირავებულთან შედარებით დამქირავებლის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების ნაცვლად, აქცენტს კვლავაც ინტერესთა დაბალანსებაზე აკეთებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი:

”ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ ფორმულირებების შეთანხმებასთან, რომელიც ყველაზე უფრო ადეკვატურად ასახავს, ერთი მხრივ, საერთაშორისო სტანდარტებს, მეორე მხრივ, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ინტერესებს. ამასობაში ვიცით ისიც, რომ ბოლომდე ყველაფრით კმაყოფილი ყველა ვერ იქნება. ეს გარდაუვალია, იმიტომ რომ შრომის კოდექსი იმ ტიპის კოდექსებს მიეკუთვნება, აი, როგორც პროკურორსა და ადვოკატს შორის შეუძლებელია მიაღწიო სრულ თანხმობას საპროცესო უფლებებთან დაკავშირებით, დაახლოებით ამასთან გვაქვს საქმე შრომის კოდექსის შემთხვევაში”.

დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ შრომის კოდექსში ძირითადი პარამეტრები დაცული იქნება. ეს პარამეტრები ბიზნესმენებთან, პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან თუ ორგანიზაციებთან ერთად, განსჯისა და შეფასების საგანი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ”საეთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოსთვის.” მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, შრომის კოდექსის ცვლილებათა პროექტის მეორე მოსმენისთვის მომზადებულ ვარიანტს არ იცნობს, თუმცა ფიქრობს, რომ მასში თანაზომიერად აისახა ის რეკომენდაციები, რომლებიც ცალკეულმა ინტერესთა წრეებმა წარადგინეს:

” თავიდან, როდესაც პირველი პროექტი ვნახეთ, ჩვენ შეგვექმნა ისეთი განცდა, რომ ეს არის ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადასვლა. ანუ ჩვენ ვამბობდით ყოველთვის, რომ ის კოდექსი, რომელიც არის მოქმედი, არის ნამდვილად შესაცვლელი, აქ დასაქმებულების უფლებები ნამდვილად არ არის დაცული და ძალიან მარტივი იყო ადამიანის გათავისუფლება სამსახურიდან და ზოგადად მათი უფლებები არ იყო დაცული, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ მივიღეთ ისეთი კოდექსი, რომელშიც უკვე დამსაქმებლების ინტერესებისა და უფლებების პრობლემები იქმნებოდა”.

ინიციატორი არის მთავრობა. არა მგონია, აქ ახლა რაიმე ისეთი განსაკუთრებული ცვლილება იყოს, იმიტომ რომ ამ გაჟღერებამდეც ის უკვე ისე იყო დახვეწილი...
დიმიტრი ხუნდაძე
შრომის კოდექსის ცვლილებების კანონპროექტზე სხვადასხვა ინტერესჯგუფებთან ინტენსიური კონსულტაციების რეჟიმში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო თითქმის ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის ერთ-ერთი განმარტების თანახმად, შრომის კოდექსის ცვლილებების კანონპროექტი სავსებით შეესაბამება იმ დაპირებებს, რომლებიც ”ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ მისცა. პროექტის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად, მოქმედ კოდექსთან შედარებით, მიიჩნევენ იმას, რომ კონკრეტულად გაიწერა დასაქმებულის უფლებები. კერძოდ, ზეგანაკვეთური მუშაობის პრინციპები, დასაქმებულთა გათავისუფლების საფუძვლები და სხვა. კანონპროექტის ინოვაციათა შორის არის ის, რომ შრომითი ხელშეკრულება ძირითადად განუსაზღვრელი ვადით იდება, განსაზღვრული ვადით კი იმ შემთხვევაში, თუ საქმე გვაქვს კონკრეტული სამუშაოს შესრულებასთან, სეზონურ სამუშაოსთან და ასე შემდეგ. დამსაქმებელს აღარ შეუძლია დასაქმებულის საფუძვლის გარეშე სამსახურიდან გათავისუფლება, მაშინ როცა დასაქმებულს შეუძლია სამსახურიდან უმიზეზოდ წასვლა და სხვა.

საქართველოს პარლამენტმა შრომის კოდექსის ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით 19 აპრილს 75 ხმით მიიღო. ცნობილი განცხადებების შემდეგ არსებობს მოლოდინი, რომ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე სახეცვლილი წარდგება. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე აქცენტს კვლავ დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესთა შორის ბალანსის აუცილებლობაზე აკეთებს:

”ვნახოთ, რას წარმოადგენს ახლა. ინიციატორი არის მთავრობა. არა მგონია, აქ ახლა რაიმე ისეთი განსაკუთრებული ცვლილება იყოს, იმიტომ რომ ამ გაჟღერებამდეც ის უკვე ისე იყო დახვეწილი, რომ არა მგონია, დამსაქმებელი ზარალდებოდეს."

შრომის კოდექსის მეორე მოსმენით განხილვის დაწყება პარლამენტში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მომავალ კვირაში იგეგმება.