თუ თავდაპირველად ძირითადად ძალაუფლების კონსოლიდაციით იყო დაკავებული, პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით არჩევის შემდეგ ვლადიმირ პუტინი მწვავე კონფრონტაციაში ჩაება დასავლეთთან. და ეს დაპირისპირება მოელიან, რომ მომავალშიც გაგრძელდება.
"რუსეთის შეკავება არ გამოვიდა! ახლა საჭიროა ამ რეალობის გაცნობიერება, დარწმუნება, რომ რაც მე დღეს ვთქვი, არაფერი ბლეფი არ არის", - საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ვლადიმირ პუტინმა სტრატეგიული იარაღის დემონსტრირებით კიდევ ერთხელ შეახსენა ოპონენტებს, თუ როგორ რუსეთთან მოუხდებათ მათ ურთიერთობა მისი პრეზიდენტობის მორიგი ექვსი წლის განმავლობაში.
ეს ფუნდამენტი, რაზეც რუსეთი დგას, არ აძლევს მმართველს სხვა შესაძლებლობას, გარდა იმისა, რომ, თუ მას ძალაუფლების შენარჩუნება სურს, გაამკაცროს ეს სტრუქტურა და მთელი ეს სისტემა ვერტიკალად გადააქციოს...
სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი და საერთაშორისო ურთიერთობებში ანგარიშგასაწევი რუსეთის აღორძინების იდეას, რაც ვლადიმირ პუტინის მთავარ საარჩევნო სლოგანს წარმოადგენს, მხარს უჭერს ამომრჩეველთა უდიდესი უმრავლესობა - განსაკუთრებით ის თაობა, რომელიც პუტინის 18-წლიანი მმართველობის პერიოდში დაიბადა და გაიზარდა...
"ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი, რადგან ის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტია და მან ბევრი რამ გააკეთა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისათვის, არამედ ასევე სხვა ქვეყნებისთვის, თავიდან აგვაცილა რამდენიმე ომი და დაგვიბრუნა ყირიმი", - ამბობს ელიზავეტა ჩიორნიხი, 20 წლის კოლექციონერი
მაგრამ ის, რაც მოწონებას იმსახურებს რუსეთის მოქალაქეებში, მზარდი შეშფოთების საგანია დასავლეთის ქვეყნებსა და რუსეთის ახლო სამეზობლოში.
საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების სამხედრო ძალით ოკუპაციასა და ანექსიას სულ მალე მოჰყვა რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენცია სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად.
დემოკრატიული და ლიბერალური ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთი აქტიურად იყენებს სადეზინფორმაციო კამპანიას კიბერსივრცეში. აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების არჩევნებში ჩარევას დაემატა "სკრიპალის საქმე“, რასაც პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გასულ კვირაში დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ძალის უკანონო გამოყენება უწოდა.
"არ მიგვიღია რუსეთისაგან არანაირი განმარტება, თუ რატომ აქვს მას არადეკლარირებული ქიმიური იარაღის პროგრამა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს. ნაცვლად ამისა, რუსეთი სამხედრო დანიშნულების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენებას ევროპაში ეკიდება სარკაზმით, აგდებითა და უგულებელყოფით", - განაცხადა 16 მარტს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ.
რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალისა, და მისი ქალიშვილის მოწამვლა ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით ბოლო ეპიზოდია რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ისტორიაში, რომელიც სპირალურად ვითარდება. რა იქნება 18 მარტის შემდეგ, ძნელი სათქმელია.
"ეს ფუნდამენტი, რაზეც რუსეთი დგას, არ აძლევს მმართველს სხვა შესაძლებლობას, გარდა იმისა, რომ, თუ მას ძალაუფლების შენარჩუნება სურს, გაამკაცროს ეს სტრუქტურა და მთელი ეს სისტემა ვერტიკალად გადააქციოს".
ცნობილი რუსი მწერალი ბორის აკუნინი ფიქრობს, რომ რუსეთი უნდა ჩამოყალიბდეს ნამდვილ ფედერაციად, ძლიერი ადგილობრივი მმართველობით, თუ სურს, რომ თავიდან აიცილოს სოციალური აფეთქება და ქვეყნის რამდენიმე სუბიექტად დაშლის საფრთხე.