მთელი კვირა ხანძართან ბრძოლის შემდეგ - ცეცხლი ბოლომდე დამარცხებული ჯერ კიდევ არ არის. ბორჯომის ხეობაში მცირე კერებს 27 აგვისტოსაც აქრობდნენ, რასაც უბედური შემთხვევა მოჰყვა. წყლის ავზის ავსების პროცესში ვერტმფრები წყალში ჩავარდა. დაშავდა ეკიპაჟის სამივე წევრი, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 27 აგვისტოსვე ცნობილი გახდა ეროვნული გამოცდების შედეგები - წელს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას გააგრძელებს 28 000-ზე მეტი ახალგაზრდა. დაახლოებით 6000-მა კი სახელმწიფოსგან ნაწილობრივი ან სრული დაფინანსება მოიპოვა.
ხანძართან ბრძოლაში დასახმარებლად საქართველოში ტექნიკა და ცოცხალი ძალა გამოგზავნეს თურქეთმა, აზერბაიჯანმა, სომხეთმა და ბელორუსიამ. მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა, მათ შორის, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც, რომელიც 23 აგვისტოს ბორჯომის ხეობაში ჩავიდა და იქ მოქმედ საგანგებო შტაბში მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდა:
„ჩვენ დავინახეთ, რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს, რამდენი გულწრფელი მეგობარი გვყავს ქართველებს – სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ბელორუსები, პოზიცია დაფიქსირდა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან... ამ რთულ მომენტში, როდესაც იბრძვი იმისთვის, რომ არ იყოს ადამიანური, არ იყოს მატერიალური ზარალი, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია “.
გახშირებული ხანძრების გამო, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ეს შესაძლოა დივერსია ყოფილიყო.
ამის შესახებ 23 აგვისტოს კომენტარები გაკეთდა პარლამენტშიც და მთავრობაშიც. მინიშნება გააკეთა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმაც:
„ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერ ვერ გესაუბრებით, ისევე, როგორც ვერ გეტყვით – რა ფართობზეა გავრცელებული ხანძარი... ლიკვიდაცია როდესაც მოხდება ხანძრის, შემდეგ შევძლებთ ამ დეტალებზე საუბარს... მე, როგორც პოლიციელი, არაფერს არ გამოვრიცხავ და ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ“.
დივერსიის ალბათობას არც გარემოსდამცველები გამორიცხავენ და ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ილაპარაკა “კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის“(CENN) გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორმა, რეზო გეთიაშვილმა. თუმცა, მისი თქმით, არსებობს კიდევ სხვა არაერთი ფაქტორი, რასაც ასევე შეიძლება გამოეწვია ხანძრების გახშირება:
„ვიცით, რომ სტატისტიკურად, ძირითადად, ხანძარი ჩნდება ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს განმავლობაში და ჩნდება, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში – სადაც, ძირითადად, წიწვოვანი ხეებია... ხანძრის გაჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ასევე განათლებისა და ცნობიერების პრობლემა, რაც ჩვენ, სამწუხაროდ, გვახასიათებს... პრობლემაა ასევე ტყეების არასწორი მართვა და ტყეში მკვდარი ბიომასის არსებობა... ასევე ტყის მენეჯმენტში ხანძარსაწინააღმდეგო ზომების წლების განმავლობაში არჩატარება... არსებობს პრობლემები რეაგირების პროცესშიც – ჩვენ ვერ ვახდენთ ხანძრის ჩაქრობას საწყის ფაზაში, როდესაც ეს უმტკივნეულოდ შეიძლება გაკეთდეს და შედეგად ჩვენ ვიღებთ მასშტაბურ ბუნებრივ კატასტროფებს“.
პარალელურად, მეორე კვირაა შიმშილობენ საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები. თავდაპირველად, აქცია ორმა ადამიანმა წამოიწყო, რომლებიც მოულოდნელად კახეთიდან მარნეულში გაგზავნეს სამუშაოდ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რკინიგზის ხელმძღვანელობა საგანგებოდ ქმნის კაბალურ პირობებს, რათა ხალხი თავისი ნებით წავიდეს სამსახურიდან.
ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა 24 აგვისტოს. რკინიგზის დეპარტამენტთან შეკრებილი მოშიმშილეები და აქციის წევრები სამართალდამცავებმა დააკავეს, როდესაც მათ შიმშილობის გაგრძელება დეპარტამენტის ფოიეში გადაწყვიტეს. მოგვიანეთბით, დაკავებული 10 პირი სასამართლომ გაათავისუფლა.
აქციის მონაწილეები შიმშილობას განაგრძობენ და მოითხოვენ: დააბრუნონ ძველ სამუშაო ადგილზე რკინიგზელი უჩა ღვთისიაშვილი, გადადგეს რკინიგზის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია და რკინიგზის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვასილ ხორავა.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ხელმძღვანელი ვიტალი გიორგაძე ამბობს, რომ რკინიგზის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის სამსახურში არსებობს სქემა, რომელიც დასაქმებულთა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაყვანას და ამით კადრების შემცირებას უწყობს ხელს: „რკინიგზის დეპარტამენტი ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებს ამ მანკიერ პრაქტიკას ადამიანების შემცირებისათვის. მაგალითად, ის სთავაზობს დასაქმებულებს კაბალურ პირობებს, როგორც უჩას შემთხვევაში, გადასულიყო სამუშაოდ გურჯაანიდან მარნეულის მიმართულებით. 25-მა ადამიანმა დაწერა საკუთარი ნებით განცხადება, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სამსახურიდან წასვლის თაობაზე. ეს გახლავთ ადამიანების შემცირების ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც იყენებს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი“.
23 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის სკოლის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს, კიდევ სამი თვით გაუგრძელა წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა. ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ჩაბუქი, რომელიც 15 წელია საქართველოში ცხოვრობს, 24 მაისს თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით, დააკავეს. თურქეთი მას ამერიკაში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის, ფეთულა გიულენის, „ტერორისტული ორგანიზაციის“ მხარდაჭერას სდებს ბრალად.
სხდომის დაწყებამდე ჩაბუქის ადვოკატები და ოჯახის წევრები ვარაუდობდნენ, რომ ჩაბუქი შესაძლოა გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ, მაგრამ პროკურორ ნანა ზაზუნაშვილის თქმით, ასე არ მოხდა, რადგან შეიძლება ჩაბუქი მიმალულიყო.
„განიხილება თურქეთის რესპუბლიკისთვის მისი გადაცემის საკითხი. ამ პირობებში არსებობს დიდი საფრთხე, რომ, მიმალვის შემთხვევაში, მას ექნება შესაძლებლობა სხვა ქვეყანაში სხვა პირებთან იპოვოს თავშესაფარი“.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს არც მანამდე ჰქონდა საფუძვლიანი არგუმენტი ჩაბუქის პატიმრობაში დასატოვებლად და არც ახლა წარმოუდგენია რამე ახალი.
მისივე თქმით, პროკურორმა განაცხადა, რომ, ექსტრადირების შემთხვევაში, თურქეთში ჩაბუქის უფლებები არ შეილახებოდა. ამის საფუძვლად პროკურორს მოჰყავდა წერილი, რომელიც თურქეთისგან მიიღეს, სადაც თურქული მხარე ირწმუნება, რომ ჩაბუქის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება. გოგა ხატიაშვილი შენიშნავს, რომ უცნაური იქნებოდა, თურქეთს სხვა რამე ეპასუხა.
„ლოგიკური არის, რომ თურქეთი არ აღიარებდა სახელმწიფოში არსებულ არასათანადო მოპყრობის, წამების და ადამიანის უფლებების ძალიან უხეში ფორმით შელახვის შემთხვევებს. ვფიქრობ, პროკურატურამ მარტო თურქეთის პოზიცია კი არ უნდა გაითვალისწინოს, არამედ ყურადღება უნდა მიაქციოს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, რომლებიც საუბრობენ ამ სახელმწიფოში სისტემურ პრობლემებზე, ადამიანის უფლებების შელახვის კუთხით“.
25 აგვისტოს, გამთენიისას, ბათუმში პოლიციელებმა „თანასწორობის მოძრაობის“ წევრები ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი დააკავეს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების თანახმად, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მოგვიანებით, სასამართლომ ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა და პროცესი, მოწმეების დაკითხვის მიზნით, გადადო. „თანასწორობის მოძრაობის“ წევრები პოლიციას ძალის გადამეტებასა და ჰომოფობიურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. როგორც მათი ადვოკატი ანა მდინარაძე ამბობს:
„სამ ტრანსგენდერთან ერთად, მოდიოდნენ ესენი ბულვარში, ბუმ-ბუმის ტერიტორიაზე, გამოჩნდა ვიღაც ადამიანი, რომელმაც შეაგინა მათ, შემდეგ მოხდა დაპირისპირება ამის ფონზე, ამ სიტყვიერი შეურაცხყოფის ნიადაგზე, ამის შემდეგ მოხდა თორნიკეს დისტანცირება ამ შემთხვევიდან, შემდეგ კი, როდესაც თორნიკე ისევ მიბრუნდა ამ ტერიტორიაზე, ნახა, რომ მიმდინარეობდა რაღაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა, დაპირისპირება, დაინახა თავისი მეგობრები გასისხლულ მდგომარეობაში, ცდილობდა გამოეძახა პოლიცია, თუმცა პოლიცია იქვე იყო და დამატებითი ეკიპაჟის გამოძახების შესაძლებლობა არ მიეცათ ამათ. და შემდეგ ამბობენ, რომ პოლიციამ დაგვიჭირა ხელები და აძლევდა ვიღაც უცნობ პირებს იმის შესაძლებლობას, რომ ვეცემეთ“.
„თანასწორობის მოძრაობის“ წევრების პრეტენზიები წინასწარი დაკავების იზოლატორში მოისმინა სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა ციალა ქათამიძემ:
„ჩვენ დავიწყეთ საქმის წარმოება და შევეცდებით, საქმის წარმოების ფარგლებში, დადგინდეს რამდენად იყო პროცესუალური ნორმები და უფლებები დარღვეული დაკავებულებისა, ასევე რამდენად ჰქონდა ადგილი ჰომოფობიურ გამონათქვამებს, ძალის გამოყენებას პოლიციელების მხრიდან. ვიზუალურად აღენიშნებათ გარკვეული ტიპის დაზიანებები ორივე დაკავებულს და ასევე, ამასთან დაკავშირებითაც მნიშვნელოვანია, დადგინდეს ამ დაზიანების წარმოშობის მიზეზები და დრო“.
26 აგვისტოს კი იმ მოსამართლეების კონკურსის შედეგები გამოვლინდა, რომლებიც სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენლები იქნებიან: ლალი ფაფიაშვილი, თამარ ალანია, ოთარ სიჭინავა და იოსებ ბაჩიაშვილი – ეს ის კანდიდატები არიან, რომლებმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს. საქართველოს მთავრობამ ამ ოთხი კანდიდატიდან სტრასბურგის სასამართლოს მრჩეველთა კოლეგიას ორი კანდიდატი უნდა წარუდგინოს და, მათ შორის, ერთი აუცილებლად ქალი უნდა იყოს.