საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, აშშ-ში ვიზიტი კვირის მთავარი ამბავი გახდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილი მოულოდნელად თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტმაც მიიწვია. კვირის კიდევ ერთი ხმაურიანი თემა იყო მინდელის მაღაროში დატრიალებული ტრაგედია, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. მას მასპინძლობა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, გაუწია. საგანგებო ყურადღება მიიპყრო 8 მაისს გამართულმა დაუგეგმავმა შეხვედრამ: აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოვალურ კაბინეტში მიიღო.
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში დავით სიხარულიძე ამ ფაქტის საგანგებო მნიშვნელობაზე მიუთითებს:
„ეს არის დიპლომატიური ჟესტი, რომელიც მანიშნებელია იმისა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შეერთებული შტატები კონკრეტულ ქვეყანასთან ურთიერთობას და რომ შეერთებულ შტატებს აქვს უფრო სერიოზული გეგმები... პარტნიორობის სერიოზულობასა და თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს (პრეზიდენტის) ასეთი დაუგეგმავი შეხვედრები. ეს არის ერთ-ერთი გამოვლინება იმისა, რომ შეერთებული შტატები მაღალ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობას“.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ თეთრ სახლში გამართული შეხვედრები და გაკეთებული განცხადებები ძლიერი სიგნალია მოსკოვის მისამართით:
„ეს არის გზავნილი, რომ ამერიკის სახით (რომელიც, რა თქმა უნდა, დღევანდელ მსოფლიოში ერთადერთ სუპერძალას წარმოადგენს) საქართველოს ჰყავს მნიშვნელოვანი პარტნიორი კავკასიის რეგიონში. ამიტომ რუსეთს მოუწევს ანგარიში გაუწიოს ამერიკის ინტერესებს კავკასიის რეგიონში საქართველოს მიმართ... იზრდება ამერიკისა და, საერთოდ, დასავლეთის - პირველ რიგში, ნატოს - დასწრება შავი ზღვის რეგიონში, ასევე ბალტიის რეგიონში და ვფიქრობ, რომ რუსეთი იძულებული იქნება აღნიშნულს გაუწიოს ანგარიში“.
თეთრი სახლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საგანგებო ყურადღება ეთმობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას, ქვეყნის განსაკუთრებულ წვლილს გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს. აქვე აღნიშნულია, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს გადაწყვეტილების მხარდაჭერა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ნატოს ჩათვლით, ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა შეთანხმება აშშ-სა და საქართველოს შორის „ინფორმაციის ძირითადი უსაფრთხოების შესახებ“ (GSOIA), რომელსაც საგანგებო ყურადღება ეთმობა თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტებზე გამოქვეყნებულ ცნობებში. აშშ-ის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, ხოლო საქართველოს მხრიდან პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. დოკუმენტს მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს ხელისუფლება. შეთანხმება შეეხება ორი ქვეყნის თანამშრომლობას ტერორიზმთან ბრძოლისა და სამხედრო სფეროს განვითარების მიმართულებებით. გიორგი კვირიკაშვილის თქმით: „ეს ითვალისწინებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონტექსტში ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლას, რაც ნიშნავს იმას, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ ვთანხმდებით, რომ ამ სახის ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლა მოხდება. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო გახლავთ აშშ-ის სანდო პარტნიორი, ჩვენ გვაქვს ზურგს უკან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის 25 წელი... ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა სახელმწიფო მდივანთან, სადაც ჩვენი ურთიერთობების ყველა მიმართულებაზე ვისაუბრეთ და ვისაუბრეთ ამ მიმართულებების გაღრმავების ძალიან საინტერესო პერსპექტივაზე“.
9 მაისს ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. კომპანია „საქნახშირის“ განცხადებით, შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვის მიუხედავად, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ხელისუფლების წარმომადგენლები შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ.
მომხდარის გამო დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა შრომის ინსპექტირების ეფექტური მექანიზმის შექმნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი:
„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ შრომის პირობების დაცვის კანონმდებლობა ცხოვრებაში კიდევ უფრო ეფექტურად უნდა გატარდეს და რაც არის გაუთვალისწინებელი ნაწილები, ისინი შესავსებია. ამის შესახებ მე წელსაც, პარლამენტში გამოსვლისას, აღვნიშნე და მიმაჩნია, რომ სამუშაო - როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი - ხელისუფლების დონეზე გასაღრმავებელია“.
გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, კონკრეტულად მინდელის მაღაროში 2010 წლიდან, უკანასკნელი შემთხვევის ჩათვლით, 24 ადამიანია დაღუპული და 19 დაშავებული.
11 მაისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე კენჭს უყრიდნენ იმ მოსამართლეთა კანდიდატურებს, რომლებიც უვადოდ ან გამოსაცდელი სამწლიანი ვადით ინიშნებიან სასამართლო სისტემაში. კონკურსში მონაწილე მოსამართლეების დიდ ნაწილს, მათი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, შეკითხვები და ეჭვები უკავშირდება და ამ პრობლემის შესახებ მუდმივად ლაპარაკობენ სამოქალაქო სექტორისა თუ პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი აზრით, ხელისუფლება მისდამი ლოიალურ მოსამართლეებს სწყალობს, ხოლო შერჩევის ბუნდოვანი წესები და კონკრეტული მოსამართლეების მიმართ არსებული უნდობლობა აძლიერებს უნდობლობას მთელი სასამართლო სისტემის მიმართ.
„სამწუხაროდ, როგორც პროცესი, ასევე შედეგები ამ პროცესის - კონკრეტული სახელებისა და გვარების მაგალითზე - ვერ ადასტურებს იმას, რომ შერჩევის პროცესისთვის პრიორიტეტი არის სწორედ კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი. ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი კანონის პირობებშიც კი შეირჩევიან ისეთი ადამიანები, რომელთა პროფესიონალიზმი, რომელთა პრინციპულობა, რომელთა შესაბამისობა მოსამართლის მაღალ სტატუსთან არის ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ, ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებების გამო, რომლებიც მრავლად არის ამ ადამიანების სახელთან დაკავშირებული“, ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი.
8 მაისს 2017-18 სასწავლო წლისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე, საყოველთაო, ეტაპი დაიწყო. მშობელთა ნაწილი რეგისტრაციის პროცესში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს. ამბობენ, რომ ვერ მოახერხეს შვილების სასურველ სკოლებში დარეგისტრირება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ პრობლემას იმით ხსნის, რომ ზოგიერთ სკოლაზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნილებაა.
„რეგისტრაცია დაიწყო 9 საათზე და ზუსტად 2 წუთში აღარ იყო ადგილი. აი, არ ვიცი, გამოსავალს ვერ ვპოულობ. ვარ მრავალშვილიანი და არც ეს ითვლება პრივილეგიად და არც ის, რომ ერთი ოჯახიდან შეიძლება, რომ ორი ბავშვი ირიცხებოდეს ერთსა და იმავე სკოლაში“.
12 მაისს კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავს დაესხნენ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას, რომელიც მოგვიანებით ტვინის შერყევის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. თორდია აცხადებს, რომ მას ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ, და მისი დაცვის წევრებმა სცემეს.