25 პარტია და უარი ვიზებზე

საქართველოში წინასაარჩევნო ციებ-ცხელება დაიწყო, პარალელურად დაძაბულობაა საგარეო პოლიტიკის მხრივ - ვიზების ლიბერალიზაციაზე საქართველოს ჯერჯერობით უარი უთხრეს. ბოლო კვირის განმავლობაში არჩევნები და ვიზები ახალი ამბების ძირითადი თემები იყო.

8 ივნისს საქართველოში ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. საპარლამენტო არჩევნები და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება. პოლიტიკურ პარტიებს წინ საკუთარი ამომრჩევლის მისამხრობად 4 თვე აქვთ. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა 25-მა პარტიამ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდნენ პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“, გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“ და თამაზ მეჭიაურის „ერთიანი საქართველოსათვის“.

ექსპერტ ვალერიან გორგილაძის თქმით, ახალი პოლიტიკური პარტიები კიდევ უფრო გაამძაფრებენ კონკურენციას იმ პარტიებს შორის, რომლებიც, პრიორიტეტული საგარეო კურსის შესაბამისად, პრორუსულ ან პროდასავლურ პარტიებად იწოდებიან. მაგალითად, მეჭიაურის პარტიას „ერთიანი საქართველოსათვის“ მოუწევს კონკურენციაში შესვლა ნინო ბურჯანაძისა და ირმა ინაშვილის პოლიტიკურ პარტიებთან, თუმცა, როგორც ვალერიან გორგილაძე ამბობს, ასევე გადაიტვირთება ე. წ. პროდასავლური ფლანგი. ფილოსოფოსი გია ნოდია კი მიიჩნევს, რომ ახალი პარტიები ბევრად ვერ დააზარალებენ პოლიტიკური ბაზრის ძირითად მოთამაშეებს - „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, სულ ცოტა, ორი მიზეზის გამო:

„რთულია წარმატების მიღწევა, როცა ასე გვიან ერთვებიან საარჩევნო მარათონში. ადამიანებს სჭირდებათ გარკვეული დრო, რომ შეაჩვიონ ყური ამა თუ იმ სახელს, გვარს და პარტიას. დრო უნდა, რომ რეგიონული ორგანიზაციები და პარტიული ინფრასტრუქტურა შექმნა. ასე რომ, უმეტესობა პარტიებისა მაინცდამაინც წარმატებული ვერ იქნება. რაც შეეხება მეჭიაურსა და ვაშაძეს, ესენი არიან ნაწყენი ხალხი, რომლებმაც პარტიები შექმნეს იმის გამო, რომ თავიანთი ყოფილი პარტიების საარჩევნო სიებში ვერ მოხვდნენ. მათ უკან, ამ წყენის გარდა, არაფერი არ დგას და, შესაბამისად, მათი შანსები გაცილებით ნაკლებია“.

კვირის მთავარი თემა იყო ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი. 10 ივნისს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა მხარი არ დაუჭირეს უვიზო მიმოსვლის პერსპექტივას საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თურქეთისა და კოსოვოსთვის. ამ ეტაპზე საქართველოს ერთადერთი იმედი 20 ივნისის შეხვედრას უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ. საბჭოს სხდომას, რომლის დღის წესრიგშიც საქართველოს საკითხი პარტნიორი ქვეყნების მინისტრების მოთხოვნით შევიდა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი გაუძღვება.

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე ამბობს:

„ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იქნება, რომ გადაწყვეტილება გარკვეული დათქმით მიიღონ, ანუ დასახელდეს თარიღი, რომლის შემდეგაც შევა ეს გადაწყვეტილება ძალაში, რათა აღარ მოუწიოს საქართველოს „შეჩერების მექანიზმის“ ლოდინი და როდესაც მიიღებენ „შეჩერების მექანიზმს“, ავტომატურად ამოქმედდეს მიღებული გადაწყვეტილება. ჩემი ინფორმაციით, ამის გაკეთებას ცდილობენ და რამდენად შეძლებენ, ამის თქმა ძნელია“.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ბოლო დღეებში სტრასბურგსა და ბრიუსელში მართავდა შეხვედრებს, ამბობს, რომ არც ერთ ევროპულ დედაქალაქში, არც ერთ ევროპულ სტრუქტურაში არ არსებობს კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, შეასრულა თუ არა საქართველომ ყველა მოთხოვნა ზედმიწევნით:

„არც ერთ ევროპულ დედაქალაქში, არც ერთ ევროპულ სტრუქტურაში არ არსებობს კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, შეასრულა თუ არა საქართველომ ყველა მოთხოვნა ზედმიწევნით. ფაქტიურად, ჩემთან შეხვედრის დროს ყველა პოლიტიკოსი აღნიშნავდა და ამბობდა ფრაზას – თქვენ შეასრულეთ ყველა მოთხოვნა... ამასთან ერთად, ევროპული პოლიტიკა არის რთული და კომპლექსური პროცესი და ამ პროცესს კიდევ სჭირდება დრო, სანამ ეს გადაწყვეტილება იქნება ბოლომდე მიღებული... ვიმუშავებთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ზაფხულში მოხდეს, რაც სასურველია და, რა თქმა უნდა, მთავარი მიზანია, რომ ეს მოხდეს არჩევნებამდე“.

ორ-ნახევარი საათი გაგრძელდა კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა საქართველოში მოქმედი ტელეკომპანიების ჟურნალისტებთან. მოახლოებული არჩევნები, კორცხელში მომხდარი ინციდენტი, არაფორმალური მმართველობა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა - ასეთია არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომელთა შესახებაც ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ ეთერში ილაპარაკა.

ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციის მსვლელობისას ბევრი ისაუბრა „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს მიღწეულ წარმატებებზე როგორც დემოკრატიის, ასევე ეკონომიკის მიმართულებით. მისი მტკიცებით, საქართველო ბევრი მაჩვენებლით ლიდერია რეგიონში და დემოკრატიის ხარისხით არ ჩამოუვარდება ევროპის მთელ რიგ ქვეყნებსაც კი.

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას თქმით, არჩევნების წინ ივანიშვილის გააქტიურება ემსახურება ერთადერთ მიზანს, ხელი წააშველოს თავის მიერ დაფუძნებულ და მართულ პოლიტიკურ ძალას, რომლისადმი ნდობა მნიშვნელოვნად დაეცა, ისევე როგორც შემცირდა ივანიშვილის რეიტინგი:

​„მან თითქმის ამოწურა თავისი შესაძლებლობები. ძალიან ცოტა დარჩა ისეთი, ვისაც მისი ბოლომდე სჯერა. თუმცა ერთი მიზეზი, რის გამოც მას მაინც აქვს გარკვეული ავტორიტეტი საზოგადოების ნაწილში, არის ალტერნატივის პრობლემა. არ ჩანს ალტერნატივა - პარტია, ლიდერი. „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი დიდი ხანია არ არის მეინსტრიმი“.

10 ივნისს პარლამენტმა კენჭი უყარა, თუმცა მხარი არ დაუჭირა უზენაესი სასამართლოს წევრობის იმ სამ კანდიდატს, რომლებიც პრეზიდენტმა დაასახელა. ესენი გახლავთ თავდაცვის მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე ანა დოლიძე, სხვადასხვა დროს სამივე ინსტანციის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილო და ნონა თოდუა, რომელიც სამართლის პროფესორია.

ასევე 10 ივნისს სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით და მის 100-პროცენტიან მფლობელად კვლავ ქიბარ ხალვაში გამოაცხადა. ადვოკატები ბოლომდე ბრძოლას აპირებენ. საჩივრის შესატანად შემდგომი ინსტანცია უზენაესი სასამართლოა.

დაბოლოს, 10 ივნისიდან გაუქმდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის კრიტერიუმები. ეს იმას ნიშნავს, რომ, ღვიძლის დაზიანების ხარისხის მიუხედავად, სახელმწიფო პროგრამით ისარგებლებს და C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს უსასყიდლოდ მიიღებს C ჰეპატიტით დაავადებული ნებისმიერი ადამიანი. დღეს საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა 150 000 ადამიანს სჭირდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მას შემდეგ, რაც გასულ წელს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო, მასში ჩართვა და უფასოდ მკურნალობა მხოლოდ მძიმე ავადმყოფებს შეეძლოთ. 10 ივნისიდან ეს შეზღუდვა მოიხსნა და წამლის მიღებას შეძლებს ყველა, ვისაც მკურნალობა ესაჭიროება:

„10 ივნისიდან პაციენტის ჩართულობის კრიტერიუმები აღარ იარსებებს - აქამდე პროგრამაში მხოლოდ მძიმე კლინიკურ მდგომარეობაში მყოფ პირებს შეეძლოთ ჩართვა, ახლა კი ყველას, ვისაც ამ მკურნალობის მიღება სჭირდება, შეფერხების გარეშე შეეძლება ამ პროგრამით სარგებლობა“.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ თუკი აქამდე პაციენტის განაცხადის შეტანიდან მკურნალობის დაწყებამდე ორი თვე მაინც იყო საჭირო, ამ პროცესს უკვე მხოლოდ ორი კვირა დასჭირდება.