მიმდინარე კვირაში თბილისი მასპინძლობდა აღმოსავლეთის პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სტუმრობდნენ: ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი, ევროკომისარი ჯანდაცვის და სურსათის უვნებლობის დარგში ვიტენის ანდრიუკაიტისი და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდი. 26 ნოემბერს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ დახურულ კარს მიღმა გამართულ არაფორმალურ შეხვედრებში მონაწილეობდნენ პარტნიორი ქვეყნების ჯანდაცვისა და საგარეო უწყებათა მაღალი რანგის თანამდებობის პირები და მათი მსჯელობა, შესაბამისად, ჯანდაცვის სფეროსა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს შეეხებოდა.
ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა 26 ნოემბერს, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ევროპის განახლებულ სამეზობლო პოლიტიკაზეც ილაპარაკა, საქართველო ევროკავშირის მოწინავე პარტნიორად დაასახელა და აღნიშნა ისიც, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს სვლა დასახული მიზნებისკენ:
„ამჟამად ჩვენი ყურადღება მიმართული უნდა იყოს (ევროკავშირ–საქართველოს) ასოცირების შეთანხმებისა და (მისი ნაწილის) ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის მოთხოვნათა შესრულებისკენ, რაზეც მე მექნება საუბარი თბილისში ორმხრივი შეხვედრების დროს. ზოგადად, ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ... ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განახლება გამომდინარეობდა ჩვენს სამეზობლოში ორმხრივი მიდგომების საჭიროებიდან. მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, დაფუძნებული ჩვენი მეზობლების ინტერესებსა და ჩვენს ინტერესებზე. ჩვენს ინტერესს წარმოადგენს: მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, რასაც ასევე იზიარებენ ჩვენი მეზობლები და უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მიზნების განხორციელების გზები“.
აღმოსავლეთის პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ასევე სავიზო ლიბერალიზაციის თემას, რომელთან დაკავშირებითაც ევროკომისიის საბოლოო შეფასება 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნდეს. ამის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლების მისანიჭებლად. გარანტირებულად ვერაფერს ამბობს, მაგრამ ევროკომისარი ჰანი იმედოვნებს, რომ შეფასება დადებითი იქნება და საქართველოს ნაჩვენები პროგრესი დაუფასდება. ამ და სხვა თემებზე ევროკომისარმა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ–მინისტრთან, პრეზიდენტთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ილაპარაკა.
ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლასთან დაკავშირებული მოლოდინი წარმოადგენდა ერთ-ერთ მთავარ თემას განცხადებებში, რომლებიც 24 ნოემბერს, თბილისში სტუმრობის დროს, გააკეთა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა. ის იმედოვნებს, რომ ევროკომისიის ანგარიში დადებითი იქნება და ამ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ „აღარ დარჩება მიზეზი, რომ (სავიზო ლიბერალიზაციის თაობაზე) გაჭიანურდეს პრაქტიკული გადაწყვეტილების მიღების პროცესი“. ასეთი მოლოდინის საფუძველს ლატვიელ მინისტრს ის ფაქტი უქმნის, რომ, მისი ხედვით, საქართველომ გადადგა ყველა საჭირო ნაბიჯი მიზნის მისაღწევად და ახლა ევროკავშირმაც უნდა შეასრულოს თავისი დაპირება.
იკვეთება დადებითი შედეგი, ახალი კანონმდებლობის სახით, რომელიც მთავარი პროკურორის ოფისს უკავშირდება. მე აღვნიშნე, რომ პრინციპული მნიშვნელობისაა გქონდეს ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო...ედგარ რინკევიჩი
ევროპულ ოჯახთან დასაახლოებლად, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების განხორციელება ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური ხასიათის რეფორმები თუ სასამართლო სისტემის რეფორმირება. ამ უკანასკნელ საკითხზე და, კიდევ, თავისუფალი მედიის როლზე ედგარს რინკევიჩსმა ვრცლად ისაუბრა საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე და საკითხი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში წარმოაჩინა:
„იკვეთება დადებითი შედეგი, ახალი კანონმდებლობის სახით, რომელიც მთავარი პროკურორის ოფისს უკავშირდება. მე აღვნიშნე, რომ პრინციპული მნიშვნელობისაა გქონდეს ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო, მაგრამ, ასევე, თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს ძლიერი და დამოუკიდებელი მედია. ეს ყველაფერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოახლოებული პოლიტიკური პროცესის ფონზე – არჩევნებია მომავალ წელს“.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა 24 ნოემბერს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელი და მტკიცე მხარდაჭერის ნიშნად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაც დაათვალიერა და არაერთხელ აღნიშნა, რომ მეგობარი ლატვია კვლავაც მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოების პროცესში. კოლეგის გარდა, ლატვიელი მინისტრი შეხვდა ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს.
მიმდინარე კვირაში, მსოფლიოს მსგავსად, საგარეო პოლიტიკის ჭრილში, საქართველოს ყურადღებაც ძირითადად რუსეთისა და თურქეთის დაპირისპირებისკენ იყო მიმართული. საუბარია მოვლენათა ჯაჭვზე, რაცთურქეთის საბრძოლო თვითმფრინავების მიერ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის (სუ-24) ჩამოგდებამ განაპირობა. ანკარის მტკიცებით, 24 ნოემბერს რუსეთის თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, ხოლო მოსკოვის ცნობით, მისი სამხედრო თვითმფრინავი არ იყო გასული სირიის საჰაერო სივრციდან და თურქეთმა ის სირიის ტერიტორიაზე ჩამოაგდო. ამის შემდეგ რუსეთმა თურქეთს ცალმხრივად გაუუქმა უვიზო რეჟიმი.
იმის გარდა, რომ, სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, ანალიტიკოსების აზრით, საქართველო შესაძლოა სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, რაც ძირითადად რუსეთის მხრიდან არის მოსალოდნელი, ქვეყნის ტერიტორიაზე და, კერძოდ, ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან თავი უკვე იჩინა დიდი მეზობლების დაპირისპირების შედეგად შექმნილმა პრობლემებმა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მხარეს შეფერხდა თურქეთის რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად მოძრავი ტვირთი. უწყების მიერ ოთხშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, „უკან მობრუნებული სატვირთო მანქანების ნაწილი, მძღოლების მოთხოვნის შესაბამისად, გაიგზავნა აზერბაიჯანის ან თურქეთის რესპუბლიკების მიმართულებით. დარჩენილი მანქანები გაჩერებულები არიან ე. წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე და ელოდებიან რუსეთის ფედერაციაში შესვლის თანხმობას“. ამასთან, იმავე წყაროს ცნობით, „ქართულ მხარეს - საბაჟო-გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის", კონტროლის ზონაში - არ არის არც ერთი ზემოაღნიშნული მიზეზით გაჩერებული ავტომანქანა“.
მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ საქართველოში პენსიები მომავალი წლიდან გაიზრდება. როგორც 27 ნოემბერს, მთავრობის სხდომის მსვლელობისას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კვლავაც სოციალურად ორიენტირებული იქნება და ეს, პირველ რიგში, სწორედ პენსიების გაზრდას გულისხმობს:
„გადავწყვიტეთ, რომ 2016 წლის 1 ივლისიდან პენსია გახდეს 180 ლარი. შევახსენებ ყველას, რომ 2012 წლიდან პენსიები გავზარდეთ 64 %-ით, რაც არის 600 მილიონ ლარამდე მატება“.
პენსიების გაზრდის თემა პოლიტიკური კამათის საგნად იქცა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უკვე ერთი თვეა, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში გადის „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით დამზადებული ვიდეორგოლიპენსიების 50-ლარით გაზრდის საჭიროებასთან დაკავშირებით და, როგორც უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა, ხელისუფლების გადაწყვეტილება პენსიების გაზრდასთან დაკავშირებით სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალისხმევამ განაპირობა.
დაბოლოს, კვირის კიდევ ერთი საყურადღებო მოვლენის შესახებ: რამდენიმედღიანი ხმაურიანი და დაპირისპირებით აღსავსე განხილვების შემდეგ, 27 ნოემბერს პარლამენტმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე 6 წლის ვადით (ყოფილი მოადგილე) ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. საკადრო ცვლილება, პროკურატურის სისტემის რეფორმირების პროცესში, საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად განხორციელდა და ამ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძემ გიორგი ბადაშვილი შეცვალა.