ნდობის ძიებაში: გასული კვირა საქართველოს მთავრობიდან ევროკავშირამდე

8 მაისს, გასული სამუშაო კვირის ბოლოს, საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას. პლენარულ სხდომას, რომელიც 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა, წინ უძღოდა ასევე მრავალსაათიანი განხილვები კომიტეტების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში. ის 7 მაისს გაიმართა. ორდღიანი ვნებათაღელვის ფონზე, 87 ხმით 38-ის წინააღმდეგ, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მინისტრთა კაბინეტს, რომელშიც სიახლე, შეიძლება ითქვას, სამი ახალი მინისტრია. ესენი არიან სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი. ამ უკანასკნელებს, გიგლა აგულაშვილსა და თინა ხიდაშელს, რომლებიც მინისტრის პორტფელის ჩაბარებამდე პარლამენტის წევრები იყვნენ, სადეპუტატო უფლებამოსილება იმავე პლენარულ სხდომაზე შეუწყვიტეს, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის შემადგენლობაში უყარეს კენჭი. სამთავრობო პროგრამა და კაბინეტი ზემოხსენებულ სხდომაზე სწორედ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. მთავრობის ხედვებსა და გეგმებზე საუბრისას მან განაცხადა, რომ ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი არის საზოგადოებისა და თითოეული მოქალაქის თავისუფლება:

“დღეს, რა თქმა უნდა, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვის უპრეცედენტო რეფორმაზე, რომელიც ძალიან წარმატებით განხორციელდა, სოფლის მეურნეობაში ჩადებულ უდიდეს ძალისხმევაზე, ინვესტიციებზე და ა.შ., მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალის მთავარი მონაპოვარი არის თავისუფლება, ჩვენი საზოგადოებისა და თითოეული წევრის თავისუფლება, რასაც ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს, და, რაც მთავარია, ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მიმართულებით განახორციელა. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, არის შეუქცევადი. და სწორედ ამ თავისუფლებამ მოიტანა ის, რომ ჩვენი ხალხი ბევრად უფრო მომთხოვნი გახდა ჩვენი ხელისუფლების მიმართ, ვიდრე ახლო წარსულში იყო. და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“.

გასულ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ერთად, წერილით მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს. წერილში საქართველოს პირველი პირები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებული იქნება და ევროკავშირის რიგის სამიტზე საქართველოსთვის, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდება:

„ტექნიკური მოთხოვნების შესრულების შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ რიგის სამიტის დეკლარაცია საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დამყარებას მკაფიოდ დაუჭერს მხარს. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის მინიჭება, თავის მხრივ, ნიშნავს ტურიზმის განვითარებას, კულტურულ და სტუდენტურ გაცვლებს, სამოქალაქო საზოგადოებებს შორის პარტნიორობის გაღრმავებას. მომავალი თაობების ევროპელი ერების ოჯახთან დაახლოება დიდად დაეხმარება ქვეყნის განვითარებას“, ვკითხულობთ ერთობლივ წერილში, რომელიც 5 მაისითაა დათარიღებული.

5 მაისსვე ბერლინში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, რომელმაც ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივას ქართველები სკეპტიკურად არ უნდა უყურებდნენ:

“არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ევროკომისიის დასკვნას პესიმისტური განწყობით ველოდოთ. კომისია მიაწვდის წევრ ქვეყნებს შედეგებს და ისინი მიიღებენ შემდგომში საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორ გაგრძელდება პროცესი - იქნება ეს დამატებითი სამუშაოები, დამატებითი გეგმა გაწერილი თუ ა.შ.. ამ წუთისთვის არ მგონია, რომ ქართველები სკეპტიკურად უნდა უყურებდნენ ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივას“.

8 მაისს კი ევროკავშირმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის გამხორციელების შესახებ მესამე ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშულია, რომ საქართველომ მოკლე დროში მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს და, რეფორმების სათანადოდ განხორციელების შემთხვევაში, შემაჯამებელ დასკვნას ევროკომისია 2015 წლის შემოდგომისთვის გამოაქვეყნებს. ევროკომისიის ანგარიში მედიას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა წარუდგინა:

“ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ დაიცვა ის სამიზნე ამოცანები, რომელიც სამოქმედო გეგმის მეორე ფაზით იყო განსაზღვრული. ევროკომისიის შეფასებით, ის საკანონმდებლო ცვლილებები, ინსტიტუციური და საორგანიზაციო პრაქტიკა, რაც ქვეყანამ განახორციელა ოთხი ძირითადი ბლოკის მიმართულებით, შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს“.

ელჩის განცხადებით, ევროკომისიის საბოლოო შეფასებამდე, რომელიც 2015 წლის მიწურულისთვის იგეგმება, ქვეყანას დარჩენილი ვალდებულებების შესრულება მოუწევს. ყველა სამიზნე ამოცანის შესრულების შემდეგ კი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის თაობაზე რეკომენდაციით ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს მიმართავს. რაც შეეხება რიგის სამიტს, იანოშ ჰერმანმა განაცხადა, რომ გაითვალისწინებენ იმ მიღწევებს, რაც ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის არსებობს.

გასულ სამუშაო კვირაში საქართველოს ევროპული კურსი, საერთაშორისო ვალდებულებები და მათი შესრულების მდგომარეობა განიხილებოდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ან ბრასორის საქართველოში ვიზიტის ფარგლებშიც. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და რეფორმების გაგრძელების საჭიროება - ესაა ის ძირითადი აქცენტები, რომლებზეც მან გაამახვილა ყურადღება.

“ტერიტორიული მთლიანობა ერთ-ერთია იმ პრინციპებიდან, რომლებთან მიმართებითაც ჩვენ სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ. არავის აქვს უფლება ხელყოს ეს პრინციპი. ეს შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. პრინციპულად უნდა მივუდგეთ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს“, განაცხადა საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ან ბრასორმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედება კი გასულ კვირაში გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების მკვიდრის, 12 წლის ირაკლი ცაავას გარდაცვალების მიზეზი გახდა: მოზარდი, რომელიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა, საოკუპაციო ხაზზე მდგარმა რუსმა ჯარისკაცებმა შესაბამისი დოკუმენტის გარეშე ენგურის ხიდის გავლით ზუგდიდისკენ არ გამოატარეს.ოჯახმა ბიჭის შემოვლითი გზით გადაყვანა სცადა, მაგრამ იგი გზაში გარდაიცვალა. როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე ამბობს, პირობით საზღვარზე თბილისის მიმართულებით გადმოსვლის პრობლემები ძირითადად ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას ექმნება, ეთნიკურად აფხაზები კი ამას უფრო მარტივად ახერხებენ.

“2014 წელს თითქმის 660-მა ადამიანმა, ეთნიკურად აფხაზმა მოქალაქემ, მიიღო სამედიცინო სერვისი. მათ ისარგებლეს რეფერალური პროგრამის ფარგლებში, თორემ შესაძლოა უფრო მეტიც იყო გადმოსული და მათ ამ პროგრამით არ უსარგებლიათ. წელს, 1 მაისამდე პერიოდში,105-მა აფხაზმა პაციენტმა მოგვმართა უშუალოდ ჩვენ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენ მოგვმართავენ. ზოგჯერ თვითდინებითაც გადმოდიან და პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართავენ“, გვითხრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი მთავრობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ.

გასული კვირის მიწურულს კი, 9 მაისს, საქართველოს დიდ ქალაქებში ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლის იუბილე აღნიშნეს. ვეტერანებს დღესასწაული მიულოცეს როგორც მთავრობის წევრებმა, ისე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.