საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველო და გერმანია მიაღწევენ ურთიერთგაგებას ვიზების ლიბერალიზაციისა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხებში.
ეს შეფასება კვირიკაშვილმა გამოთქვა ბერლინში გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან, შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილს გერმანიის მედიის წარმომადგენელმა ჰკითხა, ხომ არ არის იმედგაცრუებული გერმანიის სკეპტიკური დამოკიდებულებით საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისა და ნატოში გაწევრიანების მიმართ.
„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტები, მათ შორის როგორც ევროპული პოლიტიკის, ასევე გლობალური პოლიტიკის. ამიტომ ჩვენ არ ვთვლით, რომ გერმანიამ გაგვიცრუა იმედები. ჩვენ ვთვლით, რომ ის პროცესი, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, კიდევ უფრო გვაახლოვებს გერმანიას. გერმანიის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის პროცესში კიდევ უფრო გამოიკვეთა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა ბერლინში, ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
თავის მხრივ, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები ევროპარლამენტში და გერმანია მხარს დაუჭერს კონსულტაციების შეძლებისდაგვარად მალე დასრულებას. მერკელმა აღნიშნა ასევე, რომ მისთვის ცნობილია ევროკომისიის რეკომენდაციები, რომელთა თანახმადაც საქართველოს შესრულებული აქვს ვიზების ლიბერალიზაციისათვის საჭირო კრიტერიუმები. შესაბამისად, გერმანია წინ არ აღუდგება ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამის ზომებს.