ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 8 თებერვალს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა განახლდა. მას ბრალად ედება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადმიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Your browser doesn’t support HTML5
ექსპერტიზა მივიდა დასკვნამდე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ შეეძლო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მის მოქმედებაში არ იკვეთება „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების“ შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა...მერაბ კვირიკაშვილი
ქუთაისის შემოვლით გზაზე 2016 წლის ზაფხულში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მერაბ კვირიკაშვილის ცოლი კი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა. პროკურორმა გივი შენგელიამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, დაიკითხოს 6 პირი, რომლებმაც სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზა ჩაატარეს. პროკურორის განცხადებით, მიმდინარე წლის 15 იანვარს ბრალდების მხარეს ჩაბარდა დასკვნა, რომლის ერთ ნაწილში აღნიშნულია, რომ მერაბ კვირიკაშვილს ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო, რასაც პროკურატურა არ ეთანხმება:
„დასკვნას კვლევის ამ ნაწილში არ ვეთანხმებით. შესაბამისად, მოვითხოვეთ ექსპერტების დაკითხვა შემდეგ სასამართლო პროცესზე. მერაბ კვირიკაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქმეში, ბრალდების მხარის მიერ მოცემული ექსპერტიზის დასკვნის გარდა, წარმოდგენილია სხვა მტკიცებულებებიც“.
სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის განმახორციელებელი პირების დაკითხვას დაეთანხმა მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატი, ნუგზარ კვინიკაძე. მისი განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამმართველოს სპეციალისტების დასკვნით, მერაბ კვირიკაშვილი არ მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით და არ შეეძლო ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება:
„ექსპერტიზა მივიდა დასკვნამდე, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ შეეძლო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება და მის მოქმედებაში არ იკვეთება „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების“ შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა, რამაც განაპირობა კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევა. სიჩქარის გადაჭარბება არ დგინდება ექსპერტიზის დასკვნით, მოწმეების ჩვენებით, საქმეში არსებული მასალებით“.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა 19 მარტს გაგრძელდება სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის განმახორციელებელი 6 პირის დაკითხვით. 2017 წლის ოქტომბერში მერაბ კვირიკაშვილს სასამართლომ 15 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.