ქვევრის ანატომია

ქვევრი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. საქართველოში აღმოჩენილი ქვევრის ტიპის უძველესი ჭურჭელი განეკუთვნება ძვ. წ. VI-V ათასწლეულებს. ახლახანს, ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდს, რომელიც 8 ათას წელს ითვლის, იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ქვევრის ქართულ წარმომავლობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ ამ ერთი შეხედვით ერთგვაროვანი და გლუვი საგნის ყველა ნაწილს თავისი სახელი აქვს.

მაგალითად, ქვევრის თავი ჰქვია ქვევრის იმ ნაწილს, რომელიც მიწის ზემოთ არის დატოვებული და რომელსაც თავისივე ზომის სარქვლით დახურავენ ხოლმე, მაგრამ „ქვევრის თავი“ ასევე ითქმის უფრო ფართო მნიშვნელობითაც. იტყვიან, ქვევრის თავზე ვისხედით, ღვინო ქვევრის თავზე დავლიეთო. აქ იგულისხმება ადგილი უკვე ქვევრის ირგვლივი.

რაც შეეხება ქვევრის სხვა ნაწილებს. გიორგი შატბერაშვილის „თვალადური ქართულის ჭაშნიკის“ მიხედვით, ქვევრის პირი უშუალოდ ქვევრის ზემო ნაწილია, რომელიც მიწის ზემოთ რჩება, სანამ დაატალახებენ და დაიფარება.

ქვევრის ყელი ეწოდება ქვევრის ზემო, მოწვრილებულ ნაწილს.

ქვევრის ბეჭი - ესაა ქვევრის ყელის ქვემო ნაწილი.

ქვევრის მუცელს ქვევრის შუაწელს, შუასარტყელსაც ეძახიან. საქმის მცოდნენი იტყვიან ხოლმე, საუკეთესო ღვინო შუასარტყელშიაო!

ქვევრის ფილი ანუ ქვევრის ძირი. ღვინო რომ მოცოტავდება, იტყვიან, ღვინო ფილშიღა დგაო.

ქვევრის ძირი - ესაა ქვევრის ფილის გარეთა მხარე - იგივე პოჭოჭიკი, იგივე თეძოს თავი.

ქვევრის ქუდი ანუ „მაჭრის ქუდი“ - დუღილის დროს მაჭრის თავზე მოგდებული და გამაგრებული ჭაჭა და ჩენჩო.

სულხან-საბა ორბელიანის „ლექსიკონი ქართულის“ მიხედვით, ღვინის დასაყენებელი ყურძნის ტკბილის საცავს ჭური ეწოდება. ძველად საქართველოში განასხვავებდნენ სხვადასხვა ზომის ჭურს: დიდთა ეწოდების ქვევრი და მისსა შემდეგსა – ყვიბარი და მისსა უმცროსსა – ქოცო.

ქვევრის დამზადებას საშუალოდ სამი თვე სჭირდება. ძირითადი დრო მის ამოშენებასა და გაშრობაზე მიდის. ქვევრების ამოშენების შემდეგ მათ საგანგებო ღუმელში ათავსებენ, სადაც გამოწვის ურთულესი ეტაპი იწყება.

მარანი კახეთში

საქართველოს მეღვინეობის ერთ-ერთ უმთავრეს რეგიონში - კახეთში ქვევრები მარანშია ჩაფლული, დასავლეთ საქართველოში კი ღვინოს ჰერმეტულად დახურულ ჭურებში (ქვევრი) ღია ცის ქვეშ ინახავენ.